აქცენტი კეთდება კრიტიკულ აზროვნებაზე - სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დასრულდა
FaceBook

საქართველოს განათლების სამინისტრომ ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნისა და საბაზო საფეხურის VII კლასის სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი დაასრულა.

 


უწყების ინფრომაციით  ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება კრიტიკულ აზროვნებაზე, კვლევითი, შემოქმედებითი და თანამშრომლობითი უნარების განვითარებაზე (და არა მხოლოდ შინაარსის დამახსოვრებაზე), ასევე საგანთშორისი კავშირების გაძლიერებაზე, ცოდნათა ორგანიზებასა და ურთიერთდაკავშირებაზე. სწორედ ამ მიზნების მისაღწევად და ამ კრიტერიუმების  დასაკმაყოფილებლად   გამოცხადდა სახელმძღვანელოების კონკურსი VII კლასისთვის (ასევე დაწყებითი საფეხურის ზოგიერთი საგნისთვის, სადაც შარშან ვერ შეირჩა სახელმძღვანელოები), ამდენად, აქცენტები გაკეთდა სახელმძღვანელოების ხარისხის უზრუნველყოფაზე.

 

სამინისტროს ცნობით უფრო მეტი დრო მიეცათ გამომცემლებს სახელმძღვანელოების წერისთვის - მხოლოდ VII კლასის სახელმძღვანელოსთვის 4 თვეზე მეტი; გარდა ამისა, მეტი დრო დაიხარჯა თავად ავტორების მომზადებაზეც:

სახელმძღვანელოები რამდენიმე მიმართულებით შეფასდა: ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობა;           შინაარსობრივი გამართულობა; სტრუქტურული გამართულობა; ენობრივი გამართულობა; სამართლებრივ და ეთიკურ ნორმებთან შესაბამისობა; მდგრადი განვითარების პრინციპებთან შესაბამისობა.

სახელმძღვანელოებს აფასებდნენ დამოუკიდებელი ექსპერტები; შემფასებელთა ჯგუფში შედიოდნენ როგორც პრაქტიკოსი მასწავლებლები, ასევე აკადემიური წრის წარმომადგენელი, ფსიქოლოგი, ფილოლოგი და სპეციალისტი ადამიანის უფლებათა მიმართულებით.

სამინისტროს ინფორმაციით, სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ გამოხატული მაღალი ნდობისა და სანდო რეპუტაციის საფუძველზე, სამინისტრომ თხოვნით მიმართა სახალხო დამცველის აპარატს, ჩართულიყვნენ გრიფირების პროცესში სპეციალისტები, რომლებიც სახელმძღვანელოებს შეფასებდნენ სხვადასხვა მიმართულებით:

  1. რამდენადაა დაცული გენდერული ბალანსი ტექსტებსა და ილუსტრაციებში;
  2. რამდენად თავისუფალია სახელმძღვანელო სტერეოტიპული დამოკიდებულებისგან, ეთნიკური, რელიგიური და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული ელემენტებისგან;
  3. რამდენად გათვალისწინებულია მდგრადი განვითარების პრინციპები და სხვ.
Print