ბლოგები
მძღოლმა ავტობუსი ჩაკეტა და დაგვემუქრა...
FaceBook
ჩიკაგოს ო'ჰეირის აეროპორტში დავეშვი თუ არა, მაშინვე გავბრაზდი.

ამერიკელებმა მეორე მსოფლიო ომისდროინდელ ავიაკონსტრუქტორ ო'ჰეირს თუ დაუფასეს ამაგი, ჩემმა ალექსანდრე ქართველმა (ქართველიშვილმა) რა დააშავა-თქო.

მაგრამ ჩიკაგოს შუაგულში მოხვედრილმა, საერთოდ დავივიწყე წყენა.
თურმე შეიძლება არსებობდეს ცათამბჯენებიანი ქალაქი, და არ იყოს ჭუჭყიანი და ერთი მეგაპოლისივით (სახელს არ დავასახელებ) აბრუნდი.

ჩიკაგო ორ ნაწილად იყოფა.
ქუჩაში ნებისმიერი ადგილის მისასწავლად, გეტყვიან:
- ოპრას სახლამდე არ მისული...
- ოპრას სახლს რომ ჩაცილდები...

და ამით დაგავალდებულებენ, რომ იცოდე სად არის "უითერ თაუერი", რომ არ დაიკარგო და გზა ადვილად გაიკვლიო. და თუ მაინც დაიკარგები, ნებისმიერი მაღაზიის გამყიდველი ქუჩაში გამოგყვება, - ხელებით, ფეხებით, საკმაოდ ემოციურად აგიხსნის საით უნდა წახვიდე, და მერე თვალს დაგადევნებს, სანამ არ დაეკარგები თვალსაწიერიდან. და თუკი შეგეშალა, წამოგეწევა, მხარზე ხელს დაგადებს და სწორი გზისკენ მიგაბრუნებს.

სხვანაირად თბილი ხალხია, მეტროპოლისისთვის უჩვეულოდ თბილნი, - არსად ეჩქარებათ.

ჩემს ქუთაისს ერთი-ორი ისეთი მცოდნე და მოყვარული რომ ჰყავდეს, მე რომ ტურ-ავტობუსის მძღოლად შემხვდა, რაღა უჭირს. საერთოდ, ყველა სამსახური მოსაწყენია, განსაკუთრებით თუ ყოველდღე ერთი და იგივეს გამეორება გიწევს. მაგრამ, ეს ჩვენი გიდი, რომ იტყვიან, "წინდებიდან ამოხტა", სანამ ჩიკაგო ერთი ნახვით არ შეგვაყვარა.

თხრობა როგორ დაიწყო?!

ვხედავდით ამ ულამაზეს ცათამბჯენებს და გონებიდან ვერ ვიშორებდით 1871 წელს, ერთ ღამეში პირისაგან მიწისა აღგვილ, ცეცხლში ჩაფერფლილ მთლიან ჩიკაგოს...

რა შეძლებია სიყვარულს, და ქალაქის სიყვარულს, თურმე.

ალბათ, ხის ჩიკაგოც ისე უნდა გადაშენებულიყო, როგორც ქრისტემდელი წარმართული ღმერთები, რომ მსოფლიოს პირველი ცათამბჯენის მიწა აქ გაჭრილიყო?!

ავტობუსიდან, რომელიღაც კუთხეში უამრავი ფეხის ქანდაკებას მოვკარი თვალი, უტანო რკინის ქანდაკებებს. რკინისთვის დაჟანგვის უფლება მიუცით და მოწითალოდ, აგურისფრად, ომისფრად ჩანდა.

ესო, აგორა არისო, პოლონელი მოქანდაკის, მაგდალინა აბაკანოვიჩის სკულპტურაო. ომი რომ დაიწყო, იგი სულ პატარა ყოფილა და იმ შიშის, დაბნეულობის მომენტში მის გონებას ეს ფაქტი მხოლოდ სხვადასხვა მიმართულებით მიმავალი, დაბნეული ფეხებით აღუქვია.

როცა კი, თითქმის სამმეტრიან, ამ 106 ფეხს შორის გაივლით, მაშინ იმ პატარა ბავშვადაც ადვილად შეძლებთ თავის წარმოდგენას და ომის დაწყების ის საშინელი ემოციაც თავისთავად მოვა.



ჩვენი მასპინძელ-გიდი "დიქტატორიც" აღმოჩნდა - მიგვიყვანა ერთ დუქანთან, გადმოგვსვა, ავტობუსი ჩაკეტა და დაგვემუქრა, - მანამ არ წაგიყვანთ, სანამ ჩიკაგოს ცნობილ ჰოთ-დოგს არ შეჭამთო. თუ ამას არ გასინჯავთ, ვერსად იტყვით რომ ჩიკაგოში იყავითო.

მე იმ საღამოს ცნობილ მაიკ დითკას რესტორანში მივდიოდი და არ ვაპირებდი მადის გაფუჭებას, თანაც ეს კაცი, "პერევალზე" გაჩერებული ავტობუსის მძღოლივით, ამ დუქნის მეპატრონეებთან გარიგებული მეგონა.

თურმე, მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოდის ხალხი ამ დუქანში ამ სოსისის საჭმელად და მსოფლიოში რომ სახელგანთქმულია "ჩიკაგოს სტილის ჰოთ-დოგი", მთლად ამ დახლის მიღმა დაბადებული ყოფილა.

მიკროსკოპების ქვეშ ამოწმებენ თითოეულ ინგრედიენტს, პილპილის წვნიანობას, ხახვის არომატულობას, მაგრამ ასეთს, თურმე ვერსად ღებულობენ.

ახლა მიხვდებით, რა ვიშვიშით მივირთმევდი, ასეთი სენტიმენტების მოყვარული, ამ სოსისს. კინაღამ, "დითკა" გადავიფიქრე...

უილის კოშკიდან გადმოხედვა, მიჩიგანის ტბაზე სადილი, ოჯახურ სასტუმრო "ვიქტორიას" ვიქტორიანული შენობა, მილენიუმ-პარკი, მინდორ-მუზეუმი... ეს ყველაფერი იმ წამსვე ძალას კარგავს, თუ წარმოიდგენ რომ იმ ქუჩებში ერთ დროს აბრაჰამი დადიოდა...

უყვარდა და იღწვოდა ამ ქალაქის განვითარებისათვის; ბრიტანიკას ბიბლიოთეკაში მეცადინეობდა, ღამეებს ათენებდა, რომ ახალგაზრდა, ილინოის მილიციის კაპიტანი ჯერ ძლიერ ადვოკატად, სენატორად და შემდეგ ქვეყნის მეთექვსმეტე პრეზიდენტად, - ლინკოლნად, - მოვლინებოდა შეერთებულ შტატებს.

ხო, მართლა, პრეზიდენტ გრანტზე და პრეზიდენტ ობამაზე, ჩიკაგოდან გავლილ გზაზე თეთრ სახლამდე, სხვა დროს ვისაუბროთ.

მანამდე, ტაქსში ჩაჯექი, აეროპორტში მიდი, ბილეთი აიღე ჩიკაგომდე და იქ ჩასულს არ დაგავიწყდეს, პირველად, ოპრას სახლის დასწავლა.

თორე, წასულია შენი საქმე, - დაიკარგები.



Print