ბლოგები
მარო მაყაშვილი და... ნუცა! 25 თებერვალი
FaceBook
წამოვიდა წვიმა, თქეში, ადიდდა მდინარეები...
წაიღო ფოილოს ხიდი ღვარცოფმა. ამან სტიქიის წინსვლა ოდნავ შეაჩერა.
ტფილისს იმ ღამით აღა-მაჰმადხანი ესიზმრა, რომელიც ბოროტად იღიმოდა, ხელს რკინისა და ფოლადის კაცებზე იშვერდა და დაშიფრულ დეპეშას კითხულობდა:
"ახლავე შეუტიე, დასტურია, აიღე ქალაქი..."


კოჯორი და ტაბახმელა გაამაგრეს ქართველებმა.
იუნკრები,
კადეტები,
მოხალისეები ტფილისის სადარაჯოზე დამდგარიყვნენ. წვიმას თოვლი მოჰყვა და სანგრების გაჭრა გაჭირდა, მაგრამ მაინც გათხარეს...
ჩაწვნენ...
და მტერიც ჩააწვინეს.
მოდიოდა ღვარცოფი, მაგრამ არც იუნკერები და არც კადეტები არ შეშინებულან, - იქით გადავიდნენ შეტევაზე და მტერს ათობით კილომეტრი ერთ ღამეში უკან დაახევინეს. ყველაფერი გამარჯვებისკენ მიდიოდა... მაგრამ...
მთავრობამ ტფილისი დატოვა - უბრძოლველად! და გაემზადა ემიგრაციაში წასასვლელად.
არსად ჩანდნენ მეგობრები - გერმანია და არტურ ლაისტები, ინგლისი და უორდროპები - ტფილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებდა!
იმ დღის შემდეგ, რაც ბოლშევიკები დაეპატრონნენ საქართველოს, ტფილისი საკუთარ თავში ჩაიკეტა, გლოვობდა იმ სიბნელეში და ქარცეცხლის წვიმაში დაღუპულ მარო მაყაშვილს.
ასეთი გლოვით ტფილისი არასოდეს ყოფილა დამწუხრებული.
ასე მგონია, იუნკრები და მარო მაყაშვილი, სამასი არაგველივით და თინა წავკისელივით, დღესაც ტფილის-ქალაქის მარადი დარაჯები არიან.
მერე, ახალმა მთავრობამ ყველაფრის ნგრევას მოჰყო ხელი...
უნდა დავიწყნოდა ხალხს ყველაფერი, რაც აქამომდე იყო,
ის, რომ საქართველო ქვეყანა იყო...
და მხოლოდ ის უნდა ხსომებოდათ, რომ საქართველო ქვეყნად და სახელმწიფოდ მხოლოდ საბჭოთა რუსეთმა აქცია.
სამწუხაროდ, მრავალთა მეხსიერებაში ეს დღესაც ასეა.
თუმცა, დღეს 25 თებერვალია, 1921-ში, იმ ოთხმოცდათექვსმეტი წლის წინათ მოცელილი თაობის ტკივილი ახლაც ტანში გვცვრის და გვაციებს... სისხლი გვეყინება.
საქართველო ქვეყნად დარჩა!
ის დამპყრობელი იმპერია კართაგენივით დაიმსხვრა.
და ჩვენ, მისხალ-მისხალ გვახსოვს კადეტების, იუნკრების სახელები, ზვარაკად რომ შეეწირნენ ჩვენს სამშობლოს. ახალგაზრდა მოხალისეები - ქეთო ჯაფარიძე, სუსანა ღამბაშიძე, სოფიო ჭრელაშვილი, ნათელა ერისთავი... გვახსოვს მარო მაყაშვილი...

თებერვლის ამ დღემ ვერც ამ საუკუნეში მოიცილა რუხი ფერები...
დღეს, თბილისში, მარო მაყაშვილის ტოლა ქართველ გოგონას ჩამოასვენებენ პარიზიდან - ნუცა მახვილაძეს... მასაც ჭკვიანს, ლამაზს, მომავალ დედას, ქვეყანას რომ ეიმედებოდა, ისეთს.
რატომ მარო მაყაშვილი? და საერთოდ, რატომ ახალგაზრდები?
რატომ? რატომ? რატომ?
იქნებ ჩვენ ქვეყანას დაბრძენებულნი, ჭარმაგ ასაკში შესულები უკეთ გამოდგომოდნენ... ვინ იცის?!
"თოვდა და თბილისს ებურა თალხი...
გულღვიძრად იყო ქალაქი ჩემი,
საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი"

Print