ბლოგები
რა ქნას შვილმა?! - ეკა კუხალაშვილის ბლოგი
FaceBook
საქართველოში უყვართ გარდაცვლილები. უყვართ ყველაფერი სულგაცლილი, ფეთქვაშეყინული, არაცოცხალი.

ასეთებს გაუხსნიან გულს, გზას მისცემენ ცრემლების წყაროს (რასაც მანამდე გველეშაპი იცავდა), მიუძღვნიან ათას ამბორს, დაუთმობენ საკუთარ ყველაზე გაუმეტებელ გრძნობებს, გაუმხელენ სასიცოცხლო სურვილებს.

აქ მკვდრები მკვდრებს მარხავენ, მკვდარი მკვდარს ეკიდება, მკვდრები იღებენ მონაწილეობას არჩევნებში, იღებენ გადაწყვეტილებებს და ასე გადის სიცოცხლე.
მკვდრებს არ ასამართლებენ, ამიტომ ყველა, ვისაც პასუხისგება ეხება და ირიდებს, შეუძლია ჩათვალოს, რომ მკვდარია.

ჩვენთან განსაკუთრებით უყვართ მკვდარი წმინდანები, გაუხრწნელი გვამები ან ცოცხალ-მკვდარი სასულიერო პირები, წყვდიადის მეუფეები, ჰადესის მემკვიდრეები, რომლებიც მხოლოდ შავ მატერიებს შობენ.

გამორჩეულად უყვართ ღვთისმშობელი იმიტომ, რომ ზუსტად იციან, რომ გარდაცვლილია, ცოცხალი არც ის ეყვარებოდათ.

ქრისტეზე დუმან იმიტომ, რომ ვერ გაიგეს ცოცხალია თუ მკვდარი.

რაც უფრო და მეტად მკვდარი, მით უკეთესი, მით უფრო სუფთა, უმანკო,მარტივი და შენიანი.

სიკვდილი სანდოა, საიმედო, სიკვდილი – აკეთილშობილებს. სიყვარულზე მეტად აღამაღლებს.

ამ ნეკროფილურ გარემოში რეალობაც გაჩერებულია, უმოძრაო, გაშეშებული. შეგვიძლია გამუდმებით წრეზე ვიაროთ, ერთი და იგივე შეცდომები დავუშვათ, ერთსა და იმავე მდინარეში შევიდეთ. მოვითხოვოთ ორი-სამი გვამი, მაგრამ არ დავუშვათ ორი, სამი, ასი აზრის, ვარიანტის, ალტერნატივის არსებობა.

აქ არსებობს მხოლოდ ერთი გზა, ერთი წესი, ერთი ტრადიცია. კაცობის და ქალობის ერთი გაგება, ერთი ღმერთი და არავითარი სამება. ერთი ტიპის ადამიანი. ერთი რელიგია, ერთი ცხოვრების წესი, ერთი ორიენტაცია, ერთი პოზა სექსში, ერთი პოლიტიკა, ერთი ნარკოპოლიტიკა და ამ პოლიტიკის ფარგლებში არც ერთი გამოსავალი.

ნეკროფილებს მხოლოდ ასეთი ნარკოპოლიტიკის წარმოება შეუძლიათ: გარემოს შექმნა, სადაც ცოცხალ ადამიანებს ასამართლებენ, დევნიან, ყველაფრის გაკეთებას აიძულებენ. არ უტოვბენ გამოსავალს და აიძულებენ თავი შეაფარონ იმ ადგილს, სადაც არ ასამართლებენ. რის შემდეგაც დედა მარტო რჩება, მაგრამ რა ქნას შვილმა, შვილებმა?! რომელთაც ასეთი ჩაკეტილი, გაშეშებული და უალტერნატივო გარემო შეუქმნეს, სადაც თუკი სიცოცხლეს ამჟღავნებ და იმ დადგენილ ერთ წესს არ ემორჩილები, შენი ადგილი არაა.

შვილების ადგილი არაა და რა ქნას დედამ?!

Print