ბლოგები
„გვირილობა“ — სოლიდარობის დღე სოლიდარობის გარეშე
FaceBook

„საკუთარი შვილის დაბადების დღე არ მიხარია… ყოველი ახალი დღე ფატალურ შედეგს გვაახლოვებს,“ — ამბობს მამა, რომელიც შვილის სიცოცხლისთვის იბრძვის.


"მომეცით შესაძლებლობა, შვილს წამალი დავალევინო,“ —  ამბობს კიდევ ერთი მშობელი.  

რამდენიმე დღის
,  წინ ქუთაისში , იშვიათი დაავადებების მქონე ბავშვების მშობლები ითხოვდნენ იმას, რაც მათთვის ფუფუნება კი არა — სიცოცხლის ერთადერთი შანსია - წამალები. 

დღეს კი ქუთაისში „გვირილობაა“.

იმავე ქალაქში, იმავე სივრცეში, სადაც ცოტა ხნის წინ განწირული მშობლების ხმა ისმოდა, ახლა მუსიკა ისმის. ქუჩები მორთულია. ირგვლივ ყველაფერი ფერადია.

„გვირილობა“ ოდესღაც ქველმოქმედება იყო — რეალური, ხელშესახები სოლიდარობა. ის დაიწყო როგორც ბრძოლა სიცოცხლის გადასარჩენად.  ტუბერკულიოზით დაავადებული ადამიანების მხარდასაჭერად, როცა საზოგადოების ჩართულობა ხშირად ერთადერთი იმედი იყო.

დღეს კი სულ უფრო ემსგავსება უშინაარსო ქმედებას.

და სწორედ ამიტომ არის დღევანდელი „გვირილობა“ დისონანსი:

ერთ მხარეს — ზეიმი, (სიცოცხლის გადარჩენის სახელით);

მეორე მხარეს — ადამიანები, რომლებიც სიცოცხლისთვის იბრძვიან.

ორ ხმას შორის — განწირული მშობლის ხმასა და საზეიმო მუსიკას შორის — ყველაზე ხმამაღალი მაინც სიჩუმეა. უხერხული, მძიმე და   სამარცხვინო სიჩუმე.

ეს არის საზოგადოების სიჩუმე, რომელიც ვერადავერ გასცდა კომფორტის ზონას.

სიჩუმე, რომელიც ნებისმიერ სისტემას — წარსულსაც, ახლანდელსაც და მომავალსაც — აძლევს საშუალებას, დარჩეს ისეთივე უძრავი, გაუმართავი და უგულო როგორიც არის.

სიჩუმე, რომელიც არა უბრალოდ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან, არამედ აუქმებს მას — და რეალურ ქმედებას ცვლის მოსახერხებელი, უსაფრთხო სიმბოლოებით.


ამიტომაც „გვირილობაც“ ისეთივე ცარიელია, როგორც ლამაზი ბაფთით შეფუთული ცარიელი ყუთი.

და ამიტომაც, ეს დღე აღარ არის სოლიდარობის დღე.

ეს არის დღე, სადაც ფორმა შინაარს ფარავს  — და სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი   ბავშვის  სიცოცხლე, ხმაურში იკარგება.

წამალი ბავშვებს!!!

 

Print