ბლოგები
2024 წლის მოდა ღვინისფერი, მწვანე და „დრაკონული“ განწყობით
FaceBook
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ ოვერსაიზების ერა დასრულდა.

პირველი საინტერესოა, მეორე - სამწუხარო.

სამწუხარო იმიტომ, რომ ოვერსაიზი საიმედო "კამუფლაჟი" იყო რაღაცების დასამალად. რადგან იგი ერთნაირი წარმატებით უხდებოდა, როგორც გამხდრებს, ისე პუტკუნებს.

ვიღაცას შეუძლია თქვას, რომ ოვერსაიზის ტარებას არც 2024-ში არავინ გიშლის, მაგრამ საქმე დაშლაში არაა, არამედ - კონტექსტში. როდესაც ოვერსაიზი მოდურია მას არა დამალვის, გადაფარვის, შერბილების როლით, არამედ მოდის ტენდენციით ამართლებ. შენც ტრენდის ნაწილი ხდები. თუკი მაინცადამაინც მოდასენსიტიური ხარ.

არამოდურობის პირობებში დიდი ზომის სამოსი ისევ "კამუფლაჟის" ფუნქციას უბრუნდება.

მოდის სახლები და მათი დიზაინერები 2024-ში ზუსტ ზომებს და გამოკვეთილ ფორმებს უბრუნდებიან.



ასევე,  იმეორებენ 80-90 წლების მოდის რაღაც ტენდენციებს, ცხადია, მოდერნიზებული ფორმებით. ეს გამოიხატება სამოსში მასიურ მხრებზე აქცენტირებით და ტყავის მოდელების სიმრავლით.

მოდაში იქნება სვიტერები ელვაშესაკრავით, გამჭვირავალე სამოსები, ყვავილოვანი პრინტები და სხვა.

წითელ ფერს რომ დავუბრუნდეთ მისი მრავალი ვარიაცია იქნება მოდური, განსაკუთრებით ალუბლისფერი და ღვინისფერი. სადღაც აზუსტებენ ბურგუნდიული ღვინისფერიო. განსაკუთრებით პატრიოტები ჩვენი საფერავის ღვინის ტონალობებს მივაწვეთ.

XX

მოდური ხდება კრემისფერი, მისი სხვადასხვა ტონალობებით, კაკაოსფერიდან დაწყებული, მუქი კარამელის ფერით დასრულებული.

მოკლედ ყველა მხრიდან მადისამღძვრელი ფერები შემოგვესევა. ისე რომ ვატყობ ბევრი მოიმატებს წონაში და მოისაკლისებს ოვერსაიზების მოდას.

მოდის სახლებთან ერთად, როგორც აღმოჩნდა ფერების ნაწილში დრაკონიც იღებს მონაწილეობას.

მოდაზე დაწერილი რამდენიმე სტატიის თანახმად, აღმოსავლური კალენდრით დრაკონის წლის დადგომას დასავლეთელი დიზაინერები დრაკონისთვის "სასიამოვნო" ფერებითა და გემოვნებით ეხმაურებიან.

შესაბამისად, მოდური იქნება მწვანე, იასამნისფერი, ლურჯი და პრინციპში ყველა ფერი რისი გამორჩევაც ადამიანს შეუძლია. დრაკონი თითქმის ყველანაირ ფერში გამოსახული მინახავს და ვის შეუძლია შეგვედაოს? ვინ ნახა ბოლოს დრაკონი?

ვინც ნახა, ალბათ, უკანასკნელი იქნებოდა რაც დაინახა.

მაგრამ ეს დასავლელ დრაკონებს ეხებათ.

აღმოსავლეთში კი დრაკონები ფრიად კეთილშობილი არსებები არიან.

ამიტომ მათგან მეტ ფერადოვნებას და დიდ მრავალფეროვნებას უნდა ველოდოთ და ნაკლებ "დრაკონულ კანონებს".

Print
თეგები: #მოდა 2024