ბლოგები
ჩამორიგებული საჩუქრები - მთავრობამ რეგიონებს ერთნაირი საახალწლო დეკორაციები დაურიგა
FaceBook
ქუთაისში, ისევე, როგორც იმერეთის დანარჩენ მუნიციპალიტეტში, წინა წლებთან შედარებით, სააახალწლო სამზადისი უფრო ადრე, ოქტომბერში დაიწყო
გასულ წლებში, თუკი 31 დეკემბრამდე ძლივს ასწრებდნენ ქალაქის მთავარ ნაძვის ხეზე ბოლო გრილიანდის ჩამოკიდებას, წელს, ტრადიციულ ადგილზე, ნაძვის ხის მორთვა უკვე დაწყებულია. 

ის, რომ იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში (ისევე, როგორც სხვა ქალაქებსა და რეგიონებში) თითქმის დასრულებულია საახალწლო გაწყობა, ამაში დიდი "დამსახურება" ცენტრალურ ხელისუფლებას მიუძღვის. 

მთავრობა ამ საქმეში იმდენად გულითადად ჩაერთო, გარდა იმისა, რომ ერთდროულად დაიწყო ჩხოროწყუსა თუ  ქუთაისში საახალწლო სამზადისი, არც მეტი და არც ნაკლები ერთნაირი დეკორაციებიც ჩამოურიგა.  


ქუთაისი, ხარაზოვის ბაღი (ფოტო: ნია ხარაძე)


ბაღდათი
ოქროსფერი  საახალწლო ბურთები, თეთრი ხეები, ყვავილები, თაღები და ირმის კონსტრუქციები - ასეთია იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტისთვის (და არა მხოლოდ) მთავრობის მთავარი საახალწლო საჩუქარი.

წყალტუბო

ბაღდათი

მთავრობა ადგილობრივ თვითმმართველობებს გემოვნებაში (ნუ, ამ შემთხვევაში) იმდენად არ ენდობა, რომ საახალწლო კონსტრუქციები თავად შეურჩია და თითქმის ყველა რეგიონს ერთნაირი სათამაშოები (სავარაუდოდ, თბილისის გამონაცვალი) ჩამოურიგა.

ქუთაისი

ხარაგაული

მართალია, მადლობებს სოციალურ ქსელში კონკრეტული მუნიციპალიტეტის მერები იღებენ, მაგრამ მერე რა - მაინც ხომ ერთი საქმისთვის კეთდება ეს ყველაფერი  - 2024 წელს საპარლამენტო არჩევნებია. ოღონდ, საახალწლო სამზადისისგან განსახვავებით, იქ რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანლებს თავადვე მოუწევთ დავალებების შესასრულებლად გარჯა.  




მთავრობა, ერთნაირ საახალწლო დეკორაციებს არ დაჯერდა და საქართველოს ყველა, 62-ვე მუნიციპალიტეტში, ერთნაირ საახალწლო ღონისძიებებს ჩაატარებს. 

საშობაო ბაზრობას, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვას, საბავშვო გასართობ სივრცეებს, თოვლის ბაბუასთან შეხვედრის ცერემონიას, ფოტოგადასაღებ ზონებსა და საახალწლო ინსტალაციებს, მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით, პროექტის - "ახალი წლის დღეები საქართველოში" ორგანიზების ფარგლებში, ყველა რეგიონში შეხვდებით.
Print