ბლოგები
"გვირილობა" VS "გვირილობა"
FaceBook
"ქუთაისში "გვირილობის" დღესასწაულის აღნიშვნა 1911 წლიდან დამკვიდრდა.
გვირილას, როგორც ბუნებრივ ანტიბიოტიკს, ტუბერკულოზთან ბრძოლაში სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. გაზაფხულის ამ დღეს გაყიდული ყვავილებიდან მიღებული შემოსავალი დაავადებულთა მკურნალობას ხმარდებოდა", - ასე წერია ვიკიპედიაში.

ეს ინფორმაცია საკმარისია საიმისოდ ამ დღესასწაულის დამფუძნებლები (სავარაუდოდ, გიმნაზიელი გოგონა საშა ჩიქოვანი და მისი მეგობრები ) მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით გამორჩეულ ადამიანებად რომ ვაღიაროთ. მათმა მონდომებამ და მცდელობამ შედეგი გამოიღო. გოგონების დაწყებულმა საქმემ საზოგადოების ბევრი ფენა მოიცვა, პოპულარული აქტივობა გახდა, ზეიმის ფორმა მიიღო, ქალაქის დღესასწაულად იქცა. იმდენად შთამბეჭდავის, რომ ათწლეულების შემდეგ მას უკვე არა აქტივისტები, არამედ სახელმწიფო იზიარებდა, ჯერ საბჭოთა (80-იან წლებში), დროებითი წყვეტის შემდეგ, კი - ეროვნულიც.

"გვირილობის"  "სამართალმემკვიდრე" სახელმწიფო გახდა და ეს მართლაც ლამაზი დღესასწაული აღადგინა.

აღადგინა, ოღონდ მნიშვნელოვანი ნაწილის გამოკლებით - გვირილობა სხვაზე ზრუნვის და პასუხისმგებლობის დღე აღარ არის.

ბოლო წლებში, უფრო მეტიც, ათწლეულებში დღესასწაული ძირითადად წარსულის, ანუ გასული საუკუნის ათიანი წლების რესტავრაციას ემსახურება. წარსულის ხატები, ფოტოები, სამოსი, გმირები ავსებენ ქალაქს. ორ მაისს ხდება შეხვედრა წარსულთან, იმ წარსულთან, რომელიც გვეამაყება. "გვირილობაში" კი საამაყო სწორედ ის ნაწილია, რაც ქველმოქმედებას ეხება. სახელმწიფო აღნიშნავს ზეიმს, რომელიც წამლით დახმარების, სიცოცხლის გადარჩენის დიდი მისიის იდეამ დაბადა და ამ დრომდე მოიტანა.

"გვირილობა" სიცოცხლის დღესასწაულია.

ეს დღე აქცია ქუთაისმა "ქუთაისობის" დღედ, ქალაქი თავის იდენტობას ამ ზეიმით განსაზღვრავს, ანუ თავს აიგივებს სიცოცხლის გადარჩენის იდეასთან.

ქალაქი და ზოგადად სახელმწიფო, რომელიც სიცოცხლის გადარჩენის ისტორიის მქონე დღეს დღესასწაულად აცხადებს, ალბათ, ამ იდეას უნდა ემსახურებოდეს, რამაც ეს ზეიმი დაბადა.

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები სახელმწიფოსგან წამალს ითხოვენ. იმ სახელმწიფოსგან, რომელიც წარსულში განხორციელებული წამლით დახმარების კონკრეტულ აქტივობას ერთ-ერთ მნიშვნელოვან დღესასწაულად აქცევს. მიუხედავად ამისა ქუთაისში ორმაისობაზე ხელისუფალთა მხრიდან ამაზე ერთი სიტყვაც არ თქმულა. აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვები არავის გახსენებია.

არც თბილისში გაახსენდებოდათ ხელისუფალთ და იოლად აარიდებდნენ ყურს რომ არა მშობლების ყოველდღიური ბრძოლა.

ქვეყანაში, სადაც წარსულის ისტორიები, ზეიმები, გმირები, სახელები, ყვავილები უამრავ კარგ მაგალითზე ყვება, მაინც ახერხებენ სხვისი ტანჯვის მიმართ ზომიერად გულგრილები დარჩნენ.

ქვეყანაში, სადაც გვირილაც კი ამისკენ მოუწოდებს - წამალი ბავშვებს!
Print