ახალი ამბები
"ეუთო/ოდირმა „რუსული კანონპროექტის“ შესწავლა დაიწყო" - სახალხო დამცველის აპარატი
FaceBook
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ეუთოს პარლამენტში ინიცირებული ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით სამართლებრივი დასკვნის მომზადება სთხოვა.

ომბუდსმენის აპარატმა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს (OSCE/ODIHR) წერილობით უკვე მიმართა.

"საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ეუთო/ოდირმა კანონპროექტის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის შესაფასებლად მისი შესწავლა დაიწყო. ორგანიზაცია ხაზს უსვამს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების მნიშვნელობას საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და ამ მნიშვნელოვანი საქმის განსახორციელებლად საქართველოს ყველა საერთაშორისო პარტნიორთან გეგმავს თანამშრომლობას.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ვალდებულება აქვს აღებული ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე, ეროვნული კანონმდებლობა ღია და ინკლუზიური საჯარო კონსულტაციების გზით შეიმუშაოს და მიიღოს. კონსულტაციების საჭიროება კი განსაკუთრებით მაშინ დგება, როდესაც კანონები პირდაპირ გავლენას ახდენს სამოქალაქო სექტორის საქმიანობაზე", - ნათქვამია სახალხო აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ქრთული ოცნებიდან" ფორმალურად წასული ე.წ "ხალხის ძალის" დეპუტატების მიერ ინიცირებული „რუსული კანონპროექტის“ თანახმად, ნებისმიერი მედია თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს, "უცხოური გავლენის აგენტად" უნდა დარეგისტრირდეს. ამ კანონს, რომლის მიზანიც, ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა, საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება.

მიუხედავად საქართველოში დაწყებული საზოგადოების პროტესტისა, პარლამენტმა აღნიშნული კანონპროექტების საკომიტეტო მოსმენებიც დაიწყო, რომელზე დასწრების საშუალება არ მისცეს იმ ადამიანთა დიდ ნაწილს, რომლებსაც ეს კანონპროექტი ეხებათ.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წლიდან სწორედ სამოქალაქო ორგანიზაციებისა და მედიის რეპრესიებისა და საბოლოოდ, ქვეყნიდან გასაძევებლად გამოიყენეს.

კანონპროექტის ინიცირებას მკაცრი კრიტიკა მოჰყვა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, როგორც აშშ-ში, ისე ევროკავშირში. პარტნიორები პირდაპირ ამბობენ, რომ ის საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს.




Print