ბლოგები
ეკა კუხალაშვილის ბლოგი - მარადონას ხელი და ღვთაებრივი წაგებები ქართულ ფეხბურთში
FaceBook
მადრიდის "რეალის" ქომაგი: ქრიშტიანუ რონალდუ ღმერთის გამოგზავნილია,
"ბარსელონას" ფანი:  ლეო მესიმ თქვა მე არავინ გამომიგზავნიაო...

ასეთი ანეკდოტიც არსებობს ფეხბურთელებზე. ანეკდოტებთან ერთად არსებობს ფხბურთელთა საკრალიზაციის შემთხვევებიც. თანაც არა მარტო ფეხბურთელის გაღმერთებით, არამედ მათი სხეულის ნაწილებისთვის სხვადასხვა ღვთაებრივი სტატიუსის მინიჭებითაც. მარადონამ ხომ 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ინგლისთან შეხვედრისას ცნობილი გოლი ხელით გაიტანა. აღნიშნულ გოლს ლეგიტიმურობა "ხელის ღვთაებრიობით" მიენიჭა. ეს სტატუსი გაამაგრა მარადონას მიერ ამავე მატჩში გატანილმა მეორე გოლმა (უკვე ფეხით), რომელიც თავისი გამორჩეულობის გამო საუკუნის გოლად შეფასდა. და მთლად ეჭვშეუხრელ ჭეშმარიტებად აქცია ჩემპიონატის ფინალმა - არგენტინა მსოფლიო ჩემპიონი გახდა. რომ არა "ღმერთის ხელი" არგენტინა და შეიძლება მსოფლიო ბევრ რამეს დაკარგავდა.
ბევრ რამეს კარგავს ფეხბურთი დღესაც. ყოველ შემთხვევაში გულშემატკივართა ერთ ნაწილს ასე მიაჩნია.მათი რწმენით ტოტალიზატორმა ფეხბურთი პრაგმატულ, ფულზე ორიენტირებულ სანახაობად აქცია. გულდაწყვეტილი გულშემატკივარი საუბრობს გაყიდულ, ტოტალიზატორებთან შეთანხმებულ მატჩებზე. დაკავებულია შეთქმულების თეორიების გაშიფვრით - თუ ვინ და რამდენად გაყიდა ესა თუ ის მატჩი და რამდენი მილიონის მოგება ნახა ამით
ფულის მოგებაზე ორიენტირებული გახდა გულშემატკივართა მეორე ნაწილიც. ქომაგი აღარ უყურებს მატჩს გულშემატკივრისა და ფეხბურთის მოყვარულის გადასახედიდან, არ იღებს სიამოვნებას მატჩის თვალყურის დევნებით,არ ამჩნევს ფეხბურთის სილამაზეს და მიმართულია მხოლოდ შედეგზე. ფეხბურთს ეცლება მიმზიდველობა, იდუმალება, განსაკუთრებულობა რაც მას სპორტის მეფედ აქცევს. მაყურებელი გადართული ხდება ექსპრესებისა და ფსონი სისტემების გამოცნობაზე და დიდი კუშის მოგებაზე. ასეთ ვითარებაში აღარც პელეა ფეხბურთის მეფე, არც რონალდუ ზეციდან წარმოგზავნილი და აღარც მესი მესია. მათი ღვთაებრიობა ანეკდოტების თემა ხდება.
და სწორედ ასეთ რულ ვითარებაში, როდესაც მსოფლიო ფეხბურთს ასე უჭირს აჰა, ქართველებმა გამონახეს ფეხბურთის გადარჩენის გზა. აღნიშნული გზა არ გამოიხატა არც ახალი საფეხბურთო სისტემის ან სტილის შეთავაზებით მსოფლიოსთვის,არც ონლაინტოტალიზატორების სისტემის გამანადგურებელი ვირუსის გაშვებით ქსელში, არამედ ფეხბურთისთვის იმ იდუმალების დაბრუნებით, რაც მას ახალმა დროებამ და ტოტალიზატორებმა წაართვეს. ქართულ ფეხბურთში ღვთაებრივი ელემენტი გაძლიერდა. ქართული გუნდები ტაძრებისთვის ხატების შეწირვისა და კურთხევების მიღების რეჟიმში გადაერთნენ.მაგალითად, გორის "დილამ" ბაგრატის ტაძარს შესწირა ხატი, ახლახან ცნობილი გახდა რომ ქუთაისის "ტორპედომ" ბაგრატის ტაძრის უკან არსებულ წმინდა გიორგის ტაძარს შესწირა ხატი. მანამდე საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ახლადდანიშნულმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ პატრიარქისგან მიიღო ლოცვა - კურთხევა. ასე თუ გაარგძელეს მალე მართლაც შეიძლება გაჩნდეს ღვთის ხელი ქართულ ფეხბურთშიც (როცა ფეხით ვერ თამაშობ განსაკუთრებით ხდება ამის საჭიროება, მითუმეტეს რომ ასეთი წინამორბედი გყავს მარადონას სახით). თანაც ღვთაებრიობა ბევრ საქმეს გააკეთებს, მისი სახელით ბევრი მატჩი გამართლდება (ისე როგორც ღმერთის სახელით ბევრი ომი მართლდებოდა). უფრო სწორად გამართლდება ბევრი მატჩის შედეგი და მივიღებთ ნოვაციას - ღვთაებრივ წაგებებს. მართალია წაგებული ხარ და ბოლო ადგილზე იმყოფები, მაგრამ სამაგიეროდ ღვთაებრვად ხარ წაგებული, იმ ვიღაც ერეტიკოსივით ფულზე და მოგებაზე კი არ გადაირიე, არამედ ძველი კეთილი ფეხბურთი დააბრუნე..
ამის შემდეგ სხვა თვალით შევხედავთ ძველ წაგებულ მატჩებსაც, ცხოვრება გახდება საამური და იბერიაც გაბრწყინდება.


Print