ახალი ამბები
"ომი ომია" - სპექტაკლი უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ
FaceBook
"ომი ომია" - ამ სახელწოდებით ქუთაისელმა რეჟისორმა გიორგი კაშიამ სპექტაკლი დადგა.

სპექტაკლი რუსეთის უკრაინაში შეჭრას მიეძღვნა.

რეჟისორის თქმით, სპექტაკლის მთავარი სათქმელი ოკუპანტი ქვეყნის სისასტიკის ჩვენებაა.

ომი ომია ორი მსახიობის სპექტაკლია (გიგა აბულაძე, ნოდარ მელაძე). ისინი რუს და უკრაინელ ჯარისკაცებს განასახიერებენ.


ნოდარ მელაძე და გიგა აბულაძე

სპექტაკლის სხვადასხვა სცენაში მთელი სიმძაფრითაა წარმოდგენილი ომის სახე. კონკრეტულად იმ ომის, რომელიც თვეზე მეტია უკრაინაში მიმდინარეობს. 

სპექტაკლის ერთ-ერთი მონაწილე ნოდარ მელაძეა, რომელიც We Stand for U კამპანიის აქტივისტია. 

კამპანია We Stand for U-ს წარმომადგენლებმა ქუთაისში უკრაინის მხარდამჭერი აქციების კვირეული მოაწყვეს და ქუთაისელების შემოწირულობებით ჰუმანიტარული ტვირთიც გააგზავნეს უკრაინაში.

აქტივსიტებმა რუსული აგრესიის სისასტიკე პერფორმანსითაც აჩვენეს. მათ ინიციატივით ქალაქის ცენტრში, მესხიშვილის თეატრის წინ წარწერა дети გაჩნდა.

წარწერა дети მარიუპოლის თეატრში მომხდარ ტრაგედიას უკავშირდება. 16 მარტს რუსმა ოკუპანტებმა თეატრი დაბომბეს, იმის მიუხედავად, რომ შენობის ირგვლივ იყო რამდენიმე წარწერა дети. შემთხვევას 300-მდე ადამიანი ემსხვერპლა. ამის შემდეგ, ეს სიტყვა რუსული სისასტიკის სიმბოლოდ იქცა. უკრაინის სოლიდარობის ნიშნად, ასეთი წარწერები გაკეთდა ვარშავის, პრაღისა და ევროპის სხვა ქალაქების თეატრების წინ.

უკრაინაში ომის 37-ე დღეა.

24 თებერვალს, რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი გამოუცხადა უკრაინას. რუსული ჯარები ბომბავენ და ანგრევენ ინფრასტრუქტურას, ახორციელებენ მასიურ დაბომბვას უკრაინის ქალაქებისა და დაბების საცხოვრებელ უბნებზე, საარტილერიო, სარაკეტო ტყვიის და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით.

ფოტო: სოფო საკანდელიძე
Print