ბლოგები
ოქრო, რომელიც თავისუფლებაზე მეტი ღირს
FaceBook
,,ოქროს ჯაჭვი სჯობს თავისუფლებას'' - გრიგოლ ორბელიანის ამ ,,ანდერძმა'' საუკუნეებს გაუძლო, თანაც ისე გაუძლო, რომ თავისუფლებას ზედაც არ ვუყურებთ, რადგან ახლა ოქრო უფრო ფასობს.


მე დავიბადე ქვეყანაში, რომელიც წლებთან ერთად პატარავდება. დავიბადე მაშინ, როცა თავისუფლებას სიცოცხლის ფასი ჰქონდა. დავიბადე ქვეყანაში, რომელიც ზომით ჩემზე ოდნავ დიდი იყო, ოქროს მოყვარულებმა კი წლებთან ერთად დააპატარავეს. ყველა სათავეში მოსულმა სადავეებს ხელი მყარად მოსჭიდა, ისე შეავიწროვეს და ისაა დააპატარავეს, რომ დღეს 25 წლის შემდეგ ვცხოვრობ ქვეყანაში, რომელიც მინიმუმ ოთხჯერ მაინც პატარაა ჩემზე.

დავიწროებულ ქვეყანაში ყოველთვის მზად არიან წასასვლელად, ისე, რომ მხოლოდ მოგონებები დაიტოვონ. რამდენიმე თვის წინ, ჩემი ნაცნობი გერმანიაში წავიდა, ამბობს, რომ იქ კარგი ანაზღაურება და საცხოვრებელი პირობები აქვს. იმედს იტოვებს, რომ გერმანია მისი პირველი თუ ვერა, მეორე სამშობლო მაინც გახდება. სამშობლო მისთვის იქ ჩნდება, სადაც ცხოვრება გრძელდება, სადაც იმედია...

წარმატებას რომ მიაღწიო, ქვეყნიდან უნდა წახვიდეო ამბობენ, მე ამის არ მჯერა. წასულები იცით რატომ ვერ ბრუნდებიან? შიმშილისთვის, სიცივისთვის და სიკვდილისთვის ვერ იმეტებენ მათ, ვინც აქ დარჩათ.

ყოველ ჯერზე დაპატარავებულ ქვეყანაში, საარსებო მინიმუმი ერთი ჩინოვნიკის ჯიბის ფულია. ეს ის ჩინოვნიკები არიან, ღარიბები რომ ეზიზღებათ და მხოლოდ საარჩევნო კამპანიის წინ ახსენდებათ, ისიც რამდენიმე წუთით.

ოქროს მოყვარული დღეს სხვადასხვა სფეროში განაწილდნენ, ნაწილმა პოლიტიკაში მოიკიდა ფეხი, რათა ის წაიღოს, რაც სხვას დარჩა, ნაწილმა ეკლესიას შეაფარა თავი. ეკლესიაშეფარებულები დღეს დიდგვაროვნებივით ცხოვრობენ, ბოლო მოდელის აიფონები, მანქანები, სხვადასხვა  თანამედროვე ტექნიკა მათი ყოფა გახდა. ეს მაშინ, როცა მათი მრევლისთვის ,,პური ჩვენი არსობისა, მოგვეც ჩვენ დღეს'' მხოლოდ ლოცვა არაა და ღმერთიც უმუშევარი ადამიანის ბოლო თეთრებში გაჩნდა, რომელსაც მოწყალების მთხოვნელ ადამიანს აძლევს.

ოქროს მოყვარულები ყოველდღიურ საპროტესტო აქციებშიც არიან, აქ, რა თქმა უნდა, უკან დგანან და წინ მდგომებს ყოველთვის ნაბიჯის გადადგმას აიძულებენ. გამარჯვების შემთხვევაში, დიდება მათ რჩება, ადამიანები კი დავიწყებას ეძლევიან. გზას მხოლოდ ოქროს ვნებით შეპყრობილები აგრძელებენ, იგივე ისტორიით.

ქვეყანაში ოქროს მოყვარული ექსპერტებიც გვყავს, რომლებიც წერენ კეთილ მომავალზე, იმედებზე, გაბრწყინებულ იბერიაზე და აშ...ასეთებმა დაავიწროვეს და დააპატარავეს ქვეყანა, რომელშიც მოწყალების მთხოვნელსაც კი ორი დიპლომი აქვს.

მეცოდება დაჩაგრული ქვეყანა, ყოველთვის მას რომ ადანაშაულებენ თუ რატომ არ განვითარდა, რატომ არ სწყალობს მოქალაქეებს, რატომაა ყველაზე ბოლო, რატომ ჰყავს ამდენი ოქროს მოყვარე. მე კი ვფიქრობ, რომ ცოდოა ქვეყანა, რომლის სათავეში მყოფების ტანსაცმლის ზომები ყოველთვიურად იზრდება, უბრალო ადამიანები კი წლების წინ ნაყიდ ტანსაცმელს ქამარს ძლიერ უჭერენ და დადიან თავდახრილები. თითქოს ქვეყანამაც გაისიგრძეგანა ადამიანთა ბედი და თავჩარგული მიყვება ოქროს ჯაჭვის მოყვარულებს, განა სხვა რა შეუძლია?! ცოდოა, დაჩაგრული ქვეყანა...

თავისუფლება, რომელიც ლომთა ხვედრი გვეგონა, ოქროს ვნებით შეპყრობილმა ადამიანებმა წაგვართვეს.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრება ეკუთვნის ავტორს.




Print
თეგები: #ბლოგი