ბლოგები
მოგზაურობა ამერიკაში
FaceBook
არსებობს უიღბლობის რამდენიმე დონე.

მაგალითად, როდესაც გემის ყიდვა გინდა და ინფლაცია მოგისწრებს,

Ან გემის ყიდვა გინდა და შენს სასურველ გემს ცხვირწინ აგაცლიან,

Ან გემი იყიდე და ზღვა დამშრალი დაგხვდა.

ასე დაგვხვდა ,,ზღვა დამშრალი", როდესაც ჩვენი, ანუ ქუთაისიპოსტის ჟურნალისტების ამერიკაში გამგზავრების დრო დადგა.

Საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამა, რომელიც ათ წელზე მეტია მუშაობს (ამერიკის საელჩოს დაფინანსებით და აირექსის ორგანიზებით), აქამდე არაფერს შეუფერხებია, მაგრამ რაც აქამდე არ მომხდარა მოხდა 2020 წელს. ქუთაისიპოსტის მედიაკონკურსში გამარჯვების, ყველა ბიუროკრატიული ბარიერის გადალახვის, ფრენის შიშის დაძლევის და ყველაფრის ბოლო ეტაპამდე მიყვანის შემდეგ აღმოჩნდა, რომ პროგრამის ფარგლებში ვიზიტები დროებით შეჩერდა.

2020 წლის მარტში პანდემია გამოცხადდა და არა თუ ამერიკაში, კარის მეზობელთან გადასვლაც აგვეკრძალა.

Პანდემიამ, რომელიც მანამდე ჩაფიქრებული გეგმების ასრულების ხელისშემშლელი მიზეზების არც ერთ ჩამონათვალში არ ფიგურირებდა, 2020 წლიდან ამ სიაში მთავარი ადგილი დაიკავა, თანაც 8 მილიარდი ადამიანისთვის ერთნაირად.

მაგრამ  ბუნებაში არსებობს ფიზიკის კანონი, რომელიც ჯერ არავის აღმოუჩენია, თუმცა ის მაინც მუშაობს და ამტკიცებს, რომ დიდი უიღბლობა დიდ იღბლიანობას იზიდავს.

Ზუსტად ერთი წლის შემდეგ, Საქართველოში ხელისუფლების მიერ კორონავირუსის ყველაზე ცუდად მართვის მიზეზით გაზრდილი შემთხვევების, ბევრი ქვეყნის მხრიდან საქართველოს წითელ ზონად გამოცხადების, აცრების ყველაზე დაბალი მაჩვენებლის მიუხედავად, აშშ-ში წასვლა მაინც გადაწყდა.

ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ნაკლებს უკვეთავ და მეტი ჩამოდის, უარესს ელოდები და უკეთესს იღებ.

ასე მოხდა ჩვენს შემთხვევაშიც GMPP -მ არ დაგვაღალატა და მოგზაურობის ღმერთებიც ჩვენს მხარეს აღმოჩნდნენ.

ამერიკის გზაზე 6 აეროპორტში გადაჯდომითა და თითქმის 21 საათიანი ფრენის დროს თავსმოხვეული ჩემი მოლოდინები: ფრენით გაწამებაზე, დიდხანს ჯდომისგან სახსრების შეშუპებაზე, საჭმელთან შეუგუებლობაზე, დღე-ღამის არევაზე, თავბრუსხვევაზე, უადგილო ადგილას ძილიანობასა და უძილობაზე, გზაში ვირუსის აკიდებაზე და ა.შ. - ყველა ერთად გაცრუვდა.



არც ადაპტაციის, არც ფრენის, არც დაღლის, არც კულტურული შოკის, არც დავირუსების პრობლემა არ დამდგარა. აშშ იმაზე ახლობელი, უსაფრთხო (ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით) და თბილი (ამინდების ჩათვლით) აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი.

პირველად პენსილვანიის ქალაქ ირის ვეწვიეთ. კონკრეტულად, იქაურ ტელე-რადიო კომპანია WICU -ს ქუთაისიპოსტის ოთხი ჟურნალისტი: თეკლე მორგოშია, მარიამ პატარაია, ანა სალდაძე, ეკა კუხალაშვილი და პროგრამის ორი წარმომადგენელი, დიდი ამერიკოლოგები, ნინა ჯავახიშვილი და ქეთი ხაჩიძე.

ქალაქი ირი ამერიკის ერთ -ერთი ყველაზე დიდი ტბა ირის გარშემოა გაშენებული. ირი ადგილობრივ ინდიელთა ტომს ერქვა, მისი სახელი ეწოდა ქალაქსა და ტბას. თავად ინდიელები ამ ქალაქში აღარ ცხოვრობენ და მათი ნახვის შესაძლებლობა არ მოგვეცა, სამაგიეროდ, გვაჩუქეს ინდიელების დამზადებული ბუმბულები, ერთგვარი თილისმა, რომელიც თურმე ცუდ სიზმრებსა და დემონებს დევნის.





Შეიძლება მათი დამსახურებაა, რომ ამერიკაში არაფერ "ავს" არ შევმთხვევივართ.

იქამდე, ქალაქ ირის შემყურე, ამ სამყაროში საერთოდ თუ არსებობს რაიმე ავი ისიც დაგვავიწყდა.

ირი პატარა ქალაქია დიდი სივრცეებით. Ბევრი სიმწვანით, ხასხასა მოლებით და Პატარა სახლებით. ყველაზე მაღალი შენობა ხუთ სართულზე მეტი არაა. სტილის ეს ერთიანობა და დაურღვევლობა "კოხტა" ქალაქის იერს აძლევს.





ტელე-რადიო და ონლაინ მედია WICU-ც ერთსართულიან შენობაშია განთავსებული. მედია - 81 თანამშრომლითა და აწყობილი სისტემით.

Შენობა პირველია აშშ-ში, რომელიც საგანგებოდ ტელევიზიისთვის აშენდა. Ბევრ ირელს რაც თავი ახსოვს, ეს ტელევიზიაც ახსოვს. ტელევიზია მშობლიურ ქალაქთან ასოცირდება. ტელევიზიის სლოგანიც ამავე შინაარსისაა "WICU - შენი ოჯახი".

WICU- ში ოჯახივით დაგვხვდნენ და ერთი სტერეოტიპიც დაამსხვრიეს - Სტუმართმოყვარეობა მარტო ჩვენი თვისება არ არის და იგი აშშ-შიც კარგად გამოსდით.




უკეთესად გამოსდით საქმის კეთებაც. ეს ალბათ იმ დევიზის წყალობით, რომელიც ჩვენც გამოგვატანა საგზლად WICU-ს დირექტორმა პემ ფორსაითმა.

"დატოვეთ კომფორტის ზონა და ეძიეთ სიახლე".

"ექსპერიმენტის არ შეგეშინდეთ და არ დაიღალოთ ცვლილებებით".


Ჩვენც არ დავღლილვართ, ყოველ შემთხვევაში იმ სიახლეებით, რასაც ყოველწუთიერად ვაწყდებოდით მოგზაურობის პროცესში, Რაც ახალიც იყო და დიდი ხნის ნაცნობიც, შორეულიც იყო და ახლობელიც...

ასეთად გაგვეცნო ვაშინგტონიც, რომელსაც ირის შემდეგ ვეწვიეთ.

ამერიკის მთავარი ქალაქი თავისი ტემპით, ქუჩებში ხალხის სიმცირით, მიმღებლობით და იმ ენერგეტიკით ქალაქებს რომ აქვთ, იმაზე მეტად ახლობელი აღმოჩნდა, ვიდრე თბილისია მაგალითად, ჩემთვის.

უცხო ქალაქი მემშობლიურა.

არადა ხანდახან გინდა სტერეოტიპი გამართლდეს. გინდა ოკეანისგაღმა სახელმწიფომ დიდი გაუცხოების განცდა დაგიტოვოს. Სრულიად ამოტრიალებული სამყარო ნახო. Რომელიც რაღაც მომენტში დაგაფრთხობს, მაგრამ ამ დროს ძალიან ახლობელს აწყდები. თითქოს აქ წინა ცხოვრებაში გეცხოვროს.





არადა ერთი შეხედვით ყველაფრით სხვანაირია. პირველ რიგში მასშტაბებით. 

მასშტაბურობა ყველაფერში ჩანს ქუჩებში, ეზოებში, ულუფებში, ფინჯანი ყავის სისავსეში, მანქანებში, შენობებში. თუმცა ეს სიდიდე არ გთრგუნავს. სიდიდე ბუნებრივია, ჰარმონიული, ამიტომ ეს მასშტაბები საერთო სურათში ზუსტად ეწერება. 

არც ის დიდი ისტორია, წარსული და აწმყო გიჩენს უცხოობასა და დაძაბულობას, რომელიც აშშ-მ გამოიარა და რომლის სიმბოლოებია თეთრი სახლი, კაპიტოლიუმი, თუ ლინკოლნ მემორიალი. ესეც „გემშობლიურება“.






არც სიმდიდრე გიჩენს არასრულფასოვნების განცდას იმას, რომ მას ვერ შეწვდები და კეთილდღეობა ძალიან შორსაა შენგან. აქ თითქოს სიმდიდრეც „დემოკრატიულია“.

ვაშინგტონში გავიცანით ,,ამერიკის ხმის" ქართული წარმომადგენლობის ნიჭიერი და მხიარული გუნდი. საკუთარ სახლში მიგვიღო „ამერიკის ხმის“ ქართული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ია მეურმიშვილმა, სადაც  დიდი სტუმართმოყვარეობა და ქართულ-ამერიკული სილაღის ნაზავი დაგვხვდა.

გავიცანით  რადიო და ონლაინმედია SLATE-ს ჟურნალისტები. გადამდები უშუალობით გამორჩეული ადამიანები.

გამოცდილებები გავცვალეთ. სათქმელი ორივე მხარეს გვქონდა. ჟურნალისტები სამყაროს ყველა წერტილიდან არასდროს წყვეტენ ურთიერთობას როგორც საკუთარ ლოკალურ სივრცესთან, ისე გლობალურთან. ამიტომ კომუნიკაცია არ გაგვჭირვებია. ისინიც დიდი სამყაროს ნაწილი იყვნენ და ჩვენც. 

თუმცა ერთი რაც თვალშისაცემია და განგვასხვავებს ამერიკელებისგან ის ბავშვურობაა, რომელიც ამ ხალხს ახასიათებს. 

,,ნიჭიერი თინეიჯერები" ასე უწოდებდა ამერიკელებს ალბერტ აინშტაინი. ამ „Ნიჭიერი თინეიჯერების“ მიერ შექმნილი სახელმწიფო, ალბათ, ბოლო 200 წლის ერთ-ერთი ყველაზე კარგი პროექტია. გამოდის ბავშვებს უნდა ანდონ და აცადონ აშენონ სახელმწიფოები, სისტემები, ამ პლანეტაზე თუ არა სადმე სხვა პლანეტაზე მაინც. 

უცხო პლანეტებზე ფიქრი სხვა მიზეზითაც მოგვიწევს. Მსოფლიო ისე დაპატარავდა პლანეტის არც ერთი წერტილი აღარაა უცხო. ,,გაუცხოების" საძებნად წასვლა სადმე ირმის ნახტომის ფარგლებში, ან მის მიღმა მოგვიწევს. რადგან მალე ჩვენი გალაქტიკაც ვიწრო მოგვეჩვენება. 


P. S. Ჩემი ამერიკული შთაბეჭდილება არის სუბიექტური, მხოლოდ სუბიექტური და არაფერი სუბიექტურის გარდა.


Print