ბლოგები
ხელისუფლება სახურავზე ზის...
FaceBook
მედიას ადანაშაულებენ ნეგატიური ინფორმაციების გავრცელებაში.

მაგალითად, ხელისუფლების წარმომადგენელი ვინმე ფაცაცია  მედიას ამუნათებს მძიმე ფაქტების გაშუქებისა და  სიმართლის პირდაპირ თქმისთვის. არსებული მძიმე რეალობის აღწერის, პრობლემებზე საუბრის გამო. მისი რწმენით, ეს ყველაფერი საზოგადოებაზე ძალადობა ყოფილა.

საზოგადოება რომ არ დასტრესო უნდა ილაპარაკო უმეტესად ხელისუფლების კეთილ საქმეებზეო. მაგალითად,  გაყვანილ გზებზე და ...ისევ და ისევ გაყვანილ გზებზე ( სხვა კეთილი საქმეები არ მახსენდება).

არ უნდა ასახო პრობლემა ისეთ ქვეყანაში სადაც 50 ათასი ბავშვი შიმშილობის ზღვარზეა, პროდუქტების ფასები ყოველდღიურად იმატებს, ამ ფონზე ხელფასები არ იზრდება, სამუშაო ადგილები იკლებს, აცრის მაჩვენებელი დაბალია, ინფიცირებულთა რიცხვი - მაღალი, სადაც ქალებსა და არასრულწლოვნებზე ძალადობენ, უმცირესობები მუდმივი საფრთხის ქვეშ არიან, ჟურნალისტებს სცემენ და კლავენ, პოლიცია არ გიცავს, სასულიერო პირები ძალადობისკენ მოუწოდებენ, სასამართლო - მართულია, დეპუტატები  - უწიგნური, რუსეთის გავლენა  - გაძლიერებული.

ამ ვითარებაში მედიამ მხოლოდ ნათელი წერტილი უნდა ეძებოს ან სულაც გამოიგონოსო.

რეალობა სტრესავს და ის კი არ უნდა შეცვალო, უკეთესი გახადო, არამედ, ფაცაციას „მცნების“ თანახმად,  გადაფარო კეთილი ამბებით. პრობლემები თვალს მოარიდო, ტრაგედიებზე არ ილაპარაკო.

ან ილაპარაკო შეფარვით, შეპარვით, ირიბად.

აი, როგორც იმ ანეკდოტშია ცოლი რომ მივლინებაშია და სახლში რეკავს ქმართან :  ჩემი კატა როგორ არისო. მოკვდაო, მიახლის ქმარი. გადაირევა ქალი ასე პირდაპირ რატომ მომახალე, ჯერ გეთქვა სახურავზე ზის, ფეხი დაუცდა, ჩამოვარდა, თათი მოიტეხა მერე გაურთულდა და ბოლოს დაიღუპაო.

გაიარეს ეს ამბავი.

მერე ცოლი დედაზე ეკითხება: დედაჩემი როგორ არისო, ქმარი პასუხობს: სახურავზე ზის...

მოძალადე ხელისუფლებების ბედსა და მათ შესაძლო მომავალზე, მინდოდა მეთქვა, მაგრამ, რადგან ინფორმაციის პირდაპირ თქმას ფაცაცია მიშლის, აქაოდა საზოგადოება ისტრესებაო, მაშინ შეგაპარებთ : ხელისუფლება სახურავზე ზის...

Print