ბლოგები
ქრისტე კედელზე - ეკა კუხალაშვილის ბლოგი
FaceBook
რელიგიურ კუთხეებს მალე დაამშვენებს ტაბურეტი როგორც რამ წმინდა ნივთი - "უზნეობაშემმუსვრელი".

ქუთაისში ერთ- ერთი მცხოვრებლის ეზოს კედელზე ქრისტე გამოისახა.მანამდე რიონის თეთრ ქვებზე აღმოაჩინეს ღვთისმშობლის გამოსახულება.ადამიანებმა თვითნაბადი თუ ხელთუქმნელი ჯვრები იხილეს ახლო-მახლო მიდამოების - ხეებზე,მთებზე, ვიღაცამ მთვარეზეც დაინახა.
ქრისტეს პოულობენ იქ, სადაც თითქოს მისი ადგილი არ არის, ხვდებათ იქ ,სადაც არ ელოდებიან. გადააწყდებიან იქ ,სადაც წესით არაფერი ესაქმება. ჯვრები მოულოდნელი ფორმით გამოისახებიან ყოფით გარემოში, ღვთისმშობლის ხატები რატომღაც ტირიან, ნეველის ძვალი მნახველებს თავისკენ "უხმობს", წმინდანის ნეშტი სასწაულებს "ჩადის". მოკლედ უსულო სხეულები და გამოსახულებები ძალიან აქტიურობენ და ამ აქტიურობით ათასობით ადამიანის თავშეყრა შეუძლიათ. რელიგია ყველგან გვახსენებს თავს და ხელთქმნილი თუ ხელთუქმნელი ხატებით მთელ სივრცეს იპყრობს.
სამაგიეროდ ქრისტეს ვერ პოულობენ იქ ,სადაც წესით უნდა იყოს.
ქრისტეს სახე არ ირჩევა ეკლესიების სივრცეში, კანდელების შუქზე, ანაფორიანების თავყრილობებში.
ქრისტე არ ჩანს ამ უკანასკნელების ქმედებაში, აზოვნებაში (ამ პროცესს და უჩინარობას ოდნავადაც ვერ შველიან ე.წ. კარგი მამაოები) . ქრისტეს კვალი არ არის სიტყვებში (სიტყვა არ არის ღმერთი), შესაბამისად არ არის ქადაგებებში, ნაწერ ტექსტებში, დოკუმენტებში, კონკორდატში. ქრისტეს პოვნა აქ შეუძლებელია, მითუმეტეს მას ვერ ნახავ საერო ხელისუფალთა სფიჩებსა და გადაწყვეტილებებში.
მას არსად უშვებენ (განსაკუთრებით ადამიანების, გულში, გონებაში, რელიგიური იდეოლოგია დგას ამის სადარაჯოზე). მას ყველა გზა ჩაკეტილი აქვს. იგი გაძევებულია, რაც მეტია "უფალო, უფალო", მით ნაკლებია ქრისტე, რაც მეტი რელიგიური საგანია, მით ნაკლები სივრცეა ღმერთისთვის (მგონი ეს ვიღაც ბრძენმაც თქვა).
და აჰა, სივრცე კიდევ უფრო ჩაიკეტა, რადგან ქართულმა სასამართლომ გაამართლა 17 მაისის დარბევებში მონაწილე სასულიერო პირები. ამ ფაქტმა სასამართლო ხელისუფლებისადმი უნდობლობის ახალი მიზეზი, სასოწარკვეთის ახალი ფორმა და რელიგიური ატრიბუტიკის დიდ არსენალში ახალი სიწმინდე გააჩინა. რელიგიურ კუთხეებს მალე დაამშვენებს ტაბურეტი როგორც რამ წმინდა ნივთი - "უზნეობაშემმუსვრელი". ალბათ მალე მისი კანონიზაციაც მოხდება.
იგი კიდევ უფრო ჩაკეტავს რელიგიურ კუთხეებს სახლებსა და საჯარო დაწესებულებებში. დატოვებს მას მცირე შუქისა და ჰაერის გარეშეც.
და ჩაკეტილობისა და სინათლის ნაკლებობის ამ სივრცეში სხვა რა გამოსავალს ვუტოვებთ ქრისტეს?! რას და იგი უნდა ადგეს და კედელზე გამოისახოს. სადაც თავისუფალი ადგილია, სადაც მას არ ელოდებიან და შესაბამისად გზასაც ვერ გადაუკეტავენ.
მოკლედ მიუხედავად ამ გამოსახვა- ატირება- ნეშთმადიდებლობის კომიკურობისა, სრულიად ლოგიკურია, რომ ქრისტე "ასე იქცევა" - კედლებზე, კლდეებსა და ქვებზე "ჩნდება". ქვები იწყებენ ღაღადს, უფრო სწორად ვიზუალიზაციას. მაინც ვიზუალური საუკუნეა და ხალხს ნანახის მეტად ჯერა, ვიდრე გაგონილის. თუმცა გასაგონიც არაფერია. თუ არ არის ქრისტე, არ არის სიტყვაც - როგორც ლოგოსი. სწორედ ამ გაგებით და ამ მიმართულებით საყოველთაო სიჩუმეა, უდაბნოში თუ გაჰყვირის ვინმე ხმად მღაღადებლისას ამპლუაში, სხვა შემთხვევაში "საუკუნო სიჩუმე მხოლოდ".
დუმან საგნებიც და გამოსახულებებიც კედლებზე, აცრემლებული ხატები, ძვლები, ნეშთები. ათასობით ადამიანი კი ელოდება მათგან რაღაცას.
ჰოდა, ამ შემთხვევში ისევ ლიტერატურა თუ დაგვეხმარება, კერძოდ, ლომოურის ტექსტი - "ქაჯანა". პატარა ქაჯანა შიშმა დაამუნჯა და შიშმავე ამოაღებინა ხმა. "სასწაული" მაშინ მოხდა როდესაც ხატმა "ენა ამოიდგა" და შეეხმიანა.
ამ საყოველთაო სიჩუმეში, ისევ ამ სასწაულებმა უნდა "ამოიღონ ხმა": გამოსახულებებმა, ძვლებმა, ნეშთებმა, ხატებმა. ეთერში გაბნეულმა ჯვრებმა და "დაუძახონ" შეკრებილ ადამიანებს, საერო და სასულიერო ჩინოსნებს : წადით, წადით, ან გამოფხიზლდით და დაუბრუნდით აწმყოს, რეალურ ცხოვრებას.
მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ჩამოვიდეს ქრისტე კედლიდან და დაბრუნდეს იქ სადაც მისი ადგილია - ადამიანში.

Print