ბლოგები
19 ოქტომბრიდან ოთხ უმაღლეს სასწავლებელში პრაქტიკულ-ლაბორატორიული სამუშაოები განახლდება
FaceBook
19 ოქტომბრიდან ქუთაისის, თბილისის, ზუგდიდისა და ფოთის უმაღლესი სასწავლებლებში სწავლა განახლდება, თუმცა, მხოლოდ პრაქტიკულ-ლაბორატორიული სამუშაოები.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო პროგრამების სხვა კომპონენტებს უმაღლესი სასწავლებლები ისევ დისტანციურად წარმართავენ.

"აღსანიშნავია, რომ სასწავლო წლის დაწყებამდე, ჯერ კიდევ რამდენიმე თვით ადრე დავიწყეთ მუშაობა ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად უსაფრთხოების რეკომენდაციებზე. შესაბამისად, განსაზღვრულია და უნივერსიტეტების მხრიდან ზედმიწევნით არის დაცული ყველა სავალდებულოდ შესასრულებელი რეკომენდაცია -

ეს არის ერთმეტრიანი დისტანციის დაცვა მერხებს შორის, ყველა სააუდიტორიო სივრცეში სტუდენტის პირბადით გადაადგილება, სანიტაიზერების, დეზობარიერების გამოყენება, საუნივერსიტეტო სივრცეში შესვლისას თერმოსკრინინგი და ა.შ.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა გადაამოწმა ყველა უნივერსიტეტი სასწავლო წლის დასაწყისში, მათზე გაცემულია ნებართვა და შესაბამისად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ყველა ის სივრცე, რომელიც სტუდენტებს 19 ოქტომბერს გახსნილი დახვდებათ, იქნება უსაფრთხო და თითოეული მათგანის ჯანმრთელობა მაქსიმალურად იქნება დაცული", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა.

უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი მარტიდან შეწყდა.
Print