ბლოგები
პანდემიის დღეების ქრონიკებიდან
FaceBook

ჩემი ოთახიდან შემოსასვლელამდე ცხრა ნაბიჯია, შემოსასვლელიდან სასტუმრომდე ათი. სასტუმროდან სამზარეულომდე შვიდი.



ეს აღმოჩენა დიდი ხანი არაა რაც გავაკეთე. მანამდე შევისწავლე  ჩემი ოთახის შპალერი და მასზე  ორნამენტების განლაგება, მერე ჭაღზე ბროლის ბურთულების რაოდენობა, ბოლოს - იატაკის მხატვრობა.


როდესაც აღწერას მოვრჩი და ოთახის ჭერსა და კედლებზე აღმოსაჩენიც არაფერი დარჩა. გადავწყვიტე რაიმე უფრო სასარგებლო გამეკეთებინა.


ყველგან იმას ამბობენ, კარგი დროა დიდი ხნის ოცნებები აისრულოო. მაგალითად, 11 წლის ასაკიდან  რაღაცის დაწერა რომ მინდოდა. ახლა 45 წლის რომ ვარ  და მაინც ვერ გავაკეთე, აი იმის. განგებამ ამისთვის მოავლინა პანდემია.

საწოლზე ფეხს ვირთხამ, ფაილს ვქმნი, სახელს ვარქმევ... მაგრამ ჯერ მოიცა! ყავა მინდა. გავდივარ სამზარეულოში მაგრამ ქილა ცარიელი მხვდება, აღარც პურია სახლში,  საპნის მარაგიც იწურება.  საყიდლებზე უნდა გავიდე...


საყიდლებზე გასვლა ყველაზე დიდი გამოწვევაა, მას წინ უძღვის დაგეგმვა, სამოქმედო სტრატეგიისა და ტაქტიკის შემუშავება. განხორცილებამდე გარემოს  დაზვერვა - რა მარშრუტია ყველაზე მოკლე და უსაფრთხო.


ფანჯრიდან ვამოწმებ  ვინმე ნაცნობი, განსაკუთრებით მოჭარბებული ტემპერამენტის მქონე და ხვევნა -კოცნის დიდოსტატი, არ იდგეს სადმე.

ეზო ცარიელია და ჰორიზონტზეც არავინ ჩანს.


ვიარაღდები ერთ- ერთი უკანასკნელი შემორჩენილი პირბადით, ხელთათმანებით და ვიწყებ კიბეებზე დაშვებას. სადარბაზოში თუ არავინ შემხვდა ხომ კარგი, თუ არადა თითქმის კედელზე აკრული ვესალმები და გავრბივარ.

სადარბაზოდან ჯერ პირბადიან ცხვირს ვყოფ, შემდეგ მთელ ტანს და  ზიგზაგებით გადავაადგილდები მაღაზიისკენ, ვცდილობ ყველა შემხვედრთან სამიდან- ხუთ მეტრამდე დისტანცია დავიცვა. მაღაზიამდე აფთიაქის კართან ვჩერდები. თანამშომელი თავის გაქნევით მანიშნებს  არც პირბადე გვაქვს, არც ხელთათმანი და არც სპირტიო.

სანამ მავანი ზემდგომების კეთილებს ვიხსენიებ ჩემი რიგიც მოდის მაღაზიაში.


სექციიდან სექციაში ისე გადავაადგილდები ვცდილობ სხეულით არაფერს გავედო, ვატყობ, რომ ჩემი მოძრაობა სულ უფრო ემგვანება ცეკვას. მივდივარ სალაროსთან, ვიხდი ბარათით, მადლობას ვეუბნები მოლარეს და  ვხვდები, რომ მაღაზიის თანამშრომელს პირველად ვეუბნები მადლობას არა ზრდილობის გამო, არამედ მადლიერების სრული შეგრძნებით.


უკან იგივე გზით ვბრუნდები. კორპუსის ეზოში ეულად მდგომ რომელიღაც მეზობელს ხელის აწევით  ვესალმები. პირბადეში და გვარიანი დისტანციიდან ვერ ვცნობ ვინ არის, სავარაუდოდ - ვერც ის. შეიძლება არც არის ჩემი მეზობელი. მოკლედ ვიღაცას ვესალმები და შევდივარ სადარბაზოში.


სახლში ნაყიდი პროდუქტების დამუშავება. რეცხვა-დეზინფექციას რთული და ლამის საკრალური  რიტუალის შემდეგ  დაბანის ჯერიც დგება, რომელსაც ერთი საათი მიაქვს.


ვალმოხდილი ვბრუნები ოთახში. მაგრამ უცებ მახსენდება, რომ   დაბანისას მაჯების საპნით დამუშავება დამავიწყდა.  გავრბივარ  სააბაზანოში და თავიდან ვიბან. ოთახში მობრუნებული ისევ აღმოვაჩენ, რომ  ჰეპი ბერზდეი ორჯერ არ მიმღერია, ერთნახევარი გამომივიდა. ისევ გავრბივარ, ვიბან, სამჯერ ვმღერი და ვხედავ რომ ახლადგახსნილი საპონი უკვე მესამედზეა  დაყვანილი.


დაღლილი ვბრუნდები ოთახში. ვჯდები, ჩემს  უკვდავ შედევრს რომ მივუბრუნდე, რომელიც მოთმინებით მელოდება აგერ რამდენი წელია.


მაგრამ ისევ ვერ ვიწყებ წერას,  საიდანღაც  ეჭვი მოძვრება.  მახსენდება მაღაზიაში რიგში მდგომი ხალხი, განსაკუთრებით  ერთის სახე საეჭვო რომ მეჩვენა. თითქოს ხველას იკავებდა, ის მეორეც რაღაც სიცხიანს გავდა. ისევ გავრბივარ აბაზანაში და ახლადგახსნილი საპონი ბოლომდე დამყავს.


უკან ვბრუნდები ვჯდები და ვხვდები, რომ ვერა ვარ კარგად.

ვიწყებ ნაცნობი ფსიქოლოგის ტელეფონის ძებნას. მაგრამ ვერ ვუკავშირდები. არ ცალია, ჩენზე რთული შემთხვევებიც აქვს. აი, საგნები რომ გიწყებენ ლაპარაკს, ის სტადია.


გახსნილი და ცარიელი ფაილი კი მელოდება, თვალს ვარიდებ და  დაუნდობელი სახით ვხურავ კომპს

დღეს ვერაფერს დავწერ, სამაგიეროდ ხელები დავიბანე.

Print