ბლოგები
მოჩვენებები და მათი მემკვიდრეები - ეკა კუხალაშვილის ბლოგი
FaceBook
როგორ ვაფრთხობთ მოჩვენებებს? მარტივად - შუქს ვანთებთ და ისინიც ქრებიან.
ელექტრონულმა ცივილიზაციამ, ელექტროგანათებამ ერთ-ერთ პირველებს ვისაც შეუტია სწორედ მოჩვენებები, კუდიანები, ალქაჯები, ჭინკები, ვამპირები, პოლტერგეისტები იყვნენ. ღამის არსებები, რომლებიც სიბნელიდან იბადებიან, სიბნელით იკვებებიან, სიბნელეა მათი საარსებო სივრცე და აუცილებელი პირობა.
სიბნელეში ეძლევა ლეგიტიმურობა მათ საქმიანობას. სიბნელეში ახდენენ საკუთარ თავთან იდენტობას, სიბნელეშია მათი ნათქვამ-ნამოქმედარი საშიში, დამანგრეველი, მაშინ აქვს ძალა და გავლენა. მათგან სიბნელეში ამოთქმული სიტყვები აღიზიანებს, დაღს ასვამს, აჯერებს ადამიანების გონებას და ემოციებს. სიბნელეშია წინასწარმეტყველება ძლევამოსილი, ახდენადი, მართალი და ჭეშმარიტი.
ამ სიბნელეს ვერ ამარცხებდა ცეცხლი, სანთელი, კანდელი, ლამფა, ჩირაღდანი, ჭრაქი. პირიქით აფორმებდა ნაირ-ნაირი ჩრდილებით. ამიტომ ღამის არსებების ბატონობა გრძელდებოდა ასობით და ასობით წელი. მანამ სანამ საქმეში არ ჩაერივნენ ფიზიკოსები-   ფარადეი, მაქსველი, სხვები და ბნელეთის ბატონობას წერტილი არ დაუსვეს.
ელექტროგანათებამ ბნელი არსებების განდევნა დაიწყო სახლებიდან, სარდაფებიდან, ქუჩებიდან, ქალაქებიდან, მერე სოფლებიდან, სოფლის სარდაფებიდან, ტყეებიდან და სადღაც მიკარგა, შემორჩენილ ნაკრძალებში, გამოქვაბულებში, ნაპრალებში, მიტოვებულ და ჩაბნელებულ სახლებში.
საერთო ჯამში, ელექტრონული ცივილაზაცია მაგიური სამყაროს შავი და ბნელი არსებების მტრად იქცა. არსებებს განათებულ ტერიტორიაზე შანსი ნაკლები აქვთ არსებობისთვის. მათი გამოსახულებები და გამოთქმული აზრები ნათურების შუქზე სასაცილო ხდება. მათ პერსონებს და რიტორიკას სერიოზულობა რომ მიეცეს ნათურა, უნდა გამოირთოს და ენერგოსისტემას პრობლემა უნდა შეექმნას. და აჰა, მივადექით მთავარ სათქმელს.
შუქის ხშირმა გამორთვებმა, საბოლოოდ დენის ტარიფის გაძვირებამ, სიბნელის გააქტიურების და ღამის არსებების დაბრუნების წინაპირობა შექმნა საქართველოში. ჩაბნელებული სახლი და ქუჩა სხვა ფიქრებს აღძრავს, სხვა განწყობას ქმნის, ააქტიურებს მითებს, ლეგენდებს ზღაპრებისა და მითების ნარატივებს, აცოცხლებს მათ გმირებს - განდევნილ და მიკარგულ არსებებს, და მათგან წარმოთქმულ ბევრ ისეთ საკითხს, ამბავს გაჯერებს, რასაც არ დაიჯერებდი სინათლით გაჩახჩახებულ გარემოში.
პარლამენტის შენობა ქუთაისში მიტოვებული და ნახევრად ბნელი შენობაა, ამიტომ გასაკვირი არაა მის სივრცეში მოჩვენებები რომ დასახლდნენ და ისე იმსჯელონ მოჩვენებებს რომ შეეფერებათ. მსჯელობა იყოს ბნელი, ეპოქის არაადეკვატური, მავნე, განვითარების შემაფერხებელი.
ამიტომ მსჯელობს ასე თამამად მეჭიაური, ჯაჭვლიანი, ბესელია და ბევრი სხვა. მიტოვებულსა და ნახევრადჩაბნელებულ მოჩვენებების გარემოში ასეთი აზრები ბუნებრივია, ლეგიტიმურია, სერიოზულია. აბა, შუქით ყველა მხრიდან განათებულ, მოქმედ, ცოცხალ და აქტიურ ადგილას ეთქვათ ის რასაც ამბობენ ხოლმე ზემოთხსენებული ორატორნი - თავზარდამცემ ნონსენსად გაისმებოდა. ახლა კი, უმექმედო და ნახევარჩაბნელებულში ბუნებრივად და დამაჯერებლად ისმის ეს სიბნელის რიტორიკა.
ეკლესიის გარემო ავიღოთ, იქ ხომ სანთლების სიჭარბეა, ნახევრადჩაბნელებული სივრცეებით, ამ ბინდბუნდში ადვილი დასაჯერებელი ხდება მეუფე სპირიდონის, ან მეუფე იაკობის ქადაგებები შეთქმულების თეორიებზე, მითები "გარყვნილ" დასავლეთზე, პრორუსულ იდეოლოგიებზე და არა ქრისტიანობაზე. ამ ნახევრადჩაბნელებულ გარემოში დამაჯერებელი ხდება პაატა ბურჭულაძის "ქადაგებანი", მისი მფრინავი ხატები, ჩრდილოელი მეზობლები, თურმე სულ ჩვენი ძმები რომ იყვნენ - ბინდბუნდში შეიძლება ესეც დაიჯერო.
ამიტომ არ უყვართ პოლიტიკურ პარტიებს, პარლამენტარებს, რელიგიურ პირების დიდ ნაწილს თანამედროვეობა, ელექტრონული ცივილიზაცია. ფეოდალიზმში გვაბრუნებენ, სადაც ნაკლები შუქი და ბევრი მოჩვენებაა. ეს მათი სამყაროა ავი სულების, ქაჯების, კუდიანების სამყოფელი.
ეს მოჩვენებები შუქის ანთებით ქრებიან, ახლა მოსაძებნია საშუალება, როგორ გავაქროთ მათი მემკვიდრეები?!

ეკა კუხალაშვილი
Print