ბლოგები
ნოე ჟორდანიას დაკარგული ბიუსტი ფილმში გამოჩნდა
FaceBook

1968 წელს გადაღებულ ფილმში, აგულის ზურგს უკან კვარცხლბეკზე ნოე ჟორდანიას ქანდაკებაა.


ქუთაისში, და საქართველოშიც, არ მეგულება ადამიანი, რომელსაც ელდარ შენგელაიას ფილმი “არაჩვეულებრივი გამოფება” მრავალჯერ არ ჰქონდეს ნანახი, - არათუ ნანახი, ყოველდღიურ ცხოვრებაში არ იყენებდეს იმ ფრაზებს, მრავლად რომაა განფენილი ფილმში.

 

“არაჩვეულებრივი გამოფენა” კი ჰქვია ამ ფილმს, მაგრამ დრომ დაგვანახა, რომ გარდა ქუთაისური ფენომენის გამოფენისა, ეს კინოფილმი და მისი კადრები სხვა რამის არაჩვეულებრივი გამოფენაცაა.

 

ფილმის დაწყებიდან 49-ე წუთსა და 36 წამზე საუბარი იწყება აგულისა და მის მოწაფეს შორის სასაფლაოზე.

 

აი, ზუსტად ამ სცენაში, კადრში, მარჯვენა მხარეს სჩანს ქვის ქანდაკება. ჩემთვის, აი, ზუსტად ამ ქანდაკების არაჩვეულებრივი გამოფენაა ეს ფილმი.

 

ნახევარი საუკუნის წინათ, გაგანია კომუნიზმში, 1968 წელს გადაღებულ ამ ფილმში, ვიღაცის სასაფლაოს კვარცხლბეკზე რომ არის შემოდგმული, საქართველოს დამფუძნებელი მამის, ნოე ჟორდანიას ქანდაკებაა.

 

ამ ქანდაკების ავტორი იაკობ ნიკოლაძეა - დიდი ქართველი მოქანდაკე, როდენის მოწაფე, რომელსაც აგრეთვე ეკუთვნის გარდაცვლილი ილიასა და გალაკტიონის თაბაშირის ნიღაბები, მწუხარე საქართველოს მონუმენტი მთაწმინდაზე და სხვა მრავალი.

 

გასაბჭოების შემდეგ გადამალული ეს ქანდაკება ისე დაიკარგა, რომ მხოლოდ ამ კადრებმა შემოგვინახა მისი სახე და არც ელდარ შენგელაიამ და არც გადამღებმა ჯგუფმა არ იცოდა, რომ აგული ერისთავის ზურგს უკან, არც მეტი, არც ნაკლები, ნოე ჟორდანიას ქანდაკება ჩანს.

 

სამი წლის წინ მისი მხოლოდ თაბაშირის ვერსია იპოვეს და დღემდე ჩვენს ქვეყანაში დადგმას ელის, მაგრამ მარმარილოში შესრულებული ორიგინალი დღემდე დაკარგულად ითვლება.

 

საერთოდ, ასეა ხოლმე, წიგნის და ფილმის გენიალურობას ხშირად დრო განსაზღვრავს ხოლმე.

 

აი, ლუკას სახარებაში ხომ ვკითხულობთ, - „არ არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს” - ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე ახლა - კიდევ რა იქნება ის დაფარული, რომელიც “განცხადდება” დროთა განმავლობაში?

Print