ბლოგები
როგორ პასუხობენ სიძულვილის ენას ამერიკაში?
FaceBook

ერთხელ, ლექსიკონშიც კი ჩავიხედე, ზუსტად რომ გამეგო რას უწოდებენ "სიძულვილის ენას".

 

ამერიკის ბარ-ასოშეიშენი განმარტავს, რომ სიტყვები და გამოსვლები, რომლებიც შეურაცხყოფს, ემუქრება, ესხმის ჯგუფებს - რასის, კანის ფერის, რწმენის, ეროვნების, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ნიშნით - არის სიძულვილის ენა.

 

სიძულვილის ენა შეერთებულ შტატებში არ რეგულირდება კანონით. უზენაესმა სასამართლომ რამოდენიმეჯერ დაასკვნა, რომ სიძულვილის ენა ლეგალურად დაცულია კონსტიტუციის პირველ ცვლილებაში.


მხოლოდ მაგალითებით შევეცდები დაგანახოთ, ვის აქვს კონტროლის საამისო ბერკეტები, როცა კანონი ვერ გზღუდავს.

 

საპრეზიდენტო კამპანიის დროს, დონალდ ტრამპმა, 2015 წლის ივნისში გააკეთა კომენტარი ემიგრანტებზე, სადაც მექსიკელ ემიგრანტებზე საუბრისას თქვა, რომ მათ მხოლოდ ნარკოტიკი და კრიმინალი შემოაქვთ ქვეყანაში. ანუ, ერთი პატარა კრიმინალური ჯგუფის დამსახურება მთლად ერს, და ქვეყანას მიაწერა. რა მოხდა შემდეგ?



ათ წუთში ერთმანეთის მიყოლებით გაკეთდა განცხადებები, რომ NBC, UNIVISION, Serta და MACY’S წყვეტდნენ ურთიერთობას მასთან, რომ ტელევიზიები ეთერში აღარ გაუშვებდნენ ტრამპის შოუს სტაჟიორს“, აგრეთვე მისი კომპანიის კუთვნილ მის ამერიკისა და მის სამყაროს სილამაზის კონკურსებს.

 

აგრეთვე, მე მახსენდება რაშ ლიმბოს, რადიო ლეგენდის კომენტარი ჯორჯთაუნის იურიდული ფაკულტეტის სტუდენტი გოგოს, 30 წლის სანდრა ფლიუკის მისამართით, ეს გოგონა, აქტივისტი იყო და კონტრაცეპტივების გადახდას ლობირებდა სენატში. იგი ლიმბომ მეძავად მოიხსენია.


უნდა გენახათ რა ამბავი ატყდა? ჯერ პრეზიდენტმა ობამამ დაურეკა ფლიუკს და მხარდაჭერა გამოუცხადა, შემდეგ ქვეყნის თითქმის ყველა დიდმა რადიოსადგურმა შეუწყვიტა ეთერი მის შოუს, და 45-მა მსხვილმა სპონსორმა შეწყვიტა ამ რადიოსადგურებში ჩადებული რეკლამები.

არა, არ შეუგინებია, არც დედები მოუკითხავს, არც დამუქრებია, უბრალოდ ფლიუკი ითხოვდა, რომ სამედიცინო სადაზღვევო კომპანიებს დაეფინანსებინა კონტრაცეპტივები. ლიმბომ თქვა, ჩვენ გადასახადის გადამხდელებს რომ გვთხოვს გადავუხადოთ სექსისთვისო, ალბათ იმდენჯერ სჭირდება, რომ თავისი ჯიბით ვერ აუდისო. და რა გამოდისო?

 

ლარი კინგსაც მოუვიდა ასეთი იაღლიში თუ არ ვცდები 1990-იან წლებში.

ჯოუენ რივერმა ჰკითხა შოუში მის ამერიკის კონკურსანტებზე, რომელი იყო უმახინჯესიო. ამანაც ადგა და დაუფიქრებლად უპასუხა, მის პენსილვანიაო. სანამ სკანდალი აგორდებოდა და მასშტაბებს შეიძენდა, კინგმა გრძელი ვარდები და პატიების დეპეშა აფრინა მარლა უინნის მისამართით.



სიძულვილის ენის გაკონტროლება დაიწყეს უკვე სოციალურ ქსელებშიც. რაღა შორს წავიდე, 20 ივნისის აქციების მიმდინარეობისას, “ქუთაისიპოსტმა გაავრცელა ერთ-ერთი ქუთაისელი ჩინოვნიკის ფეისბუკში გაკეთებული კომენტარი, რასაც ქალაქის მიერ მყისიერი გადაწყვეტილება მოყვა ამ ჩინოვნიკის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ.

 

მანამდე, ბი-ბი-სიმ სამსახურიდან დაითხოვა დენი ბეიკერი, რომელმაც სამეფო ოჯახის ახალი წევრის სამშობიაროდან გამოსვლის შემდეგ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა შავ-თეთრი სურათი, სადაც ქალსა და კაცს ხელჩაკიდებული მოჰყავთ შიმპანზე. სურათს წარწერა ჰქონდა: სამეფო ჩვილი ტოვებს ჰოსპიტალს.


ჩემთვის ყველაზე საინტერესო და გასაკვირი ეს ფაქტი იყო: სი-ენ-ენის კორესპოდენტმა რიზ ასლანმა საკუთარ ტვიტერის გვერდზე გამოაქვეყნა, რომ ეს განავალი სირცხვილია ამერიკის და ლაქა პრეზიდენტობის”. ტრამპზე იყო საუბარი, რა თქმა უნდა. და ტელევიზიამ, რომელიც შეიძლება ითქვას, ანტიტრამპის პოლიტიკის რადიკალური გამტარებელია, წამებში სამსახურიდან მაინც დაითხოვა ჟურნალისტი.

 

ერთ-ერთი უდიდესი გლობალური კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თვითმფრინავიდან ჩამოსვეს და დაითხოვეს, იმიტომ რომ, გაფრენამდე ტვიტერზე დაწერა აღმოსავლეთ აფრიკაში მივფრინავ და ვიმედოვნებ, რომ შიდსი არ დამემართებაო, ვხუმრობო, თეთრი ვარო

 

ამ ყველაფრისთვის (ახლა რომ სხაპასხუპით ჩამოგირიკრიკეთ) ამერიკას რომ მიეღწია, ათწლეულები დასჭირდა.

 

კი, მართალია კანონში, აღვირები ვერ დაუყენეს სიტყვის უზენაესს თავისუფლებას, მაგრამ მორალურად ისე გაიზარდნენ, რომ კანონის გარეშე სცოდნოდათ - თეთრისა და შავის, ბოროტისა და კეთილის, მახინჯისა და ლამაზის - გარჩევა.

Print