ბლოგები
ადიდასი და პუმა ძმები იყვნენ
FaceBook

ვიღაც შემეკამათება, ჩხუბი და დაძაბულობა არცერთ საქმეში არ ვარგაო.

გაურკვევლობა, მთლად უარესიაო.

ქვემოთ, რასაც მოგიყვებით, სრულებით საპირისპიროს ამტკიცებს.

ძმები იყვნენ ადოლფი და რუდოლფი.

მშობლებმა ორთავეს ისეთი სახელები დაარქვეს, როგორებიცა ზიტა და გიტა,

კოკა და გოგა

 

თითო ფეხსაცმელი ჰქონიათ ძმებს - ქალაქში გასასვლელადაც და ფეხბურთის სათამაშოდ. რუდი ამბობდა, თურმე: არ შეიძლება სპორტული თამაში ითამაშო იმ ფეხსაცმელით, რომლითაც მთელი ქალაქი მოიარეო.

 

მათი მშობლები მეწაღეები იყვნენ, ჩვეულებრივი მეწაღეები. შვილებიც ხშირად უყურებდნენ მშობლების საქმიანობას და სრულებით არ იყო გასაკვირი, რომ ადოლფმა დედამისის სამრეცხაოში მოიწყო პატარა კუთხე და მშობლების გავლენით პირველი წყვილი ფეხსაცმელი შეკერა.

 

ერთს მეორე მოყვა, მერე მესამე, გაყიდულ თანხას მეტი ინტერესი და ძმებმა ერთობლივად უკვე ბიზნესის სახე მისცეს ამ ყველაფერს და ძმები დასლერების ფეხსაცმელების საამქრო ჩამოაყალიბეს.

 

1930-ში უკვე ეს ფეხსაცმელი ოლიმპიურ ოქროს მედალოსნებს მოარგეს და ბიზნესმა თუ წარმატებებმა ერთად იფეთქეს.

აი, პოლიტიკური დაპირისპირებების გამო საქართველოშიც ხომ წაეკიდა ძმა-ძმას?

დაახლოებით, ასე მოხდა ამ გერმანულ ოჯახშიც. მაგრამ ეს პატარა გაუგებრობა უფრო იყო, ვიდრე სხვადასხვა ბანაკში ყოფნა.

 

მეორე მსოფლიო ომში, როცა ალიანსის ბომბები ცვიოდა გერმანიაში (ძმები ქალაქ ჰერცოგენაურახში ცხოვრობდნენ), ადოლფი და მისი მეუღლე სახლის ეზოში საგანგებოდ მიწისქვეშ აშენებული ბომბსაცავ თავშესაფარისკენ წასულან.

იქ უკვე დახვედრიათ რუდოლფი და მისი ოჯახი. “ის ბინძური ნაბიჭვრები ისევ დაბრუნდნენ” - ჩაულაპარაკებია ადოლფს ბომბადმშენების შესახებ, ხოლო რუდოლფს ჰგონებია, რომ ამას მის ოჯახზე ამბობდა ადოლფი.

 

მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ძმები გაიყვნენ და უკვე საკუთარი, მსოფლიოსთვის საინტერესო ომი დაიწყეს.

 

ადოლფმა, შემოკლებით ადის რომ ეძახდნენ, ახალ კომპანიას თავისი სახელისა და გვარის სამ-სამი ასოსგან შემდგარი სახელი მოუფიქრა - ADI DASSLER ლოგოში გადაიქცა ADIDAS;

ხოლო რუდოლფმა, ჯერ კომპანიას რუდა დაარქვა, მანაც სახელისგან გამომდინარე, მაგრამ შემდეგ ყურადღება პუმაზე შეაჩერა, კატისებრთა ოჯახის მთის ლომზე, რომელიც თანაბრად ენერგიული და აქტიურია დღისა და ღამით და 6 მეტრზე გადახტომა შეუძლია.

 

ორთავე ძმამ საწარმოები ქალაქ ჰერცოგენაურახში დატოვეს, ოღონდაც ქალაქი გაიყვეს, - ერთს მდინარე აურახის ერთ ნაპირზე ჰქონდა საწარმოები და მხოლოდ იმ ნაპირის მაცხოვრებელთ ასაქმებდა, ხოლო მეორეს აურახის მეორე ნაპირს.

 

ეს ბრძოლა კომპანიებს შორის 2009 წლის სექტემბრამდე გაგრძელდა.

ძმების გარდაცვალებიდან სამი ათეული წლის შემდეგ, კომპანიებმა გვერდზე გადადეს მტრობა და მეგობრული მატჩი გამართეს ფეხბურთში - შესაბამისი შეხვედრა გაიმართა ორი დიდი გიგანტისა საფეხბურთო მოედანზე, - ისინი ხომ ასეთი წარმატებული და მდიდარი სწორედ ამ მინდვრის ფეხბურთის სპორტული ფეხსაცმელებით გახდნენ?!

ადიდასს და პუმას, ბავარიის ამ ორ საწარმოს, კი ჰყოფდა მდინარე აურახი, თუმცა ბავარიული ლუდის სიყვარული საერთო ჰქონდათ.

Print