ბლოგები
ვინ იყო გოგონა, რომელსაც „გამარჯვების კოცნა“ მიუძღვნეს
FaceBook

ეს ფოტო ჩემს მეხსიერებაში, პირველად, მგონი 20 წლის წინათ, ახალი ჩამოსული რომ ვიყავი ნიუ-იორკში, მაშინ გაჩნდა.


მხვდებოდა ყველგან, - ზოგჯერ რომელიმე საიუბილეო ჟურნალის გარეკანზე, საგამოფენო სივრცეებშიც, მანჰეტენზე, მადამ ტუსოს მუზეუმშიც ვნახე, მახსოვს.

 

ვიცოდი, რომ “გამარჯვების კოცნას” უწოდებდნენ და იმ ადგილასაც ვმდგარვარ თაიმს სკვერზე, სადაც შეიძლებოდა გადაღებული ყოფილიყო ეს კადრი.

 

მერე და მერე, ხშირ-ხშირად ტელევიზორის ეკრანიდანაც ჩამესმებოდა აქა-იქ ამ სურათზე გამოსახული პიროვნებების შესახებ “ახალი აღმოჩენები”.

 

ვინ გადაიღო ეს ფოტო იცოდნენ, როგორ და როდის, ისიც.

 

მაგრამ, აი, ფოტოზე გამოსახულ გოგონობას ბევრი იბრალებდა.

 

თავიდანვე ვიტყვი, ამ ფოტოს ორი ვერსია არსებობს, სხვადასხვა კუთხიდან გადაღებული. ერთი, რომელშიც თაიმს სქვერის შუაგული ჩანს, ეკუთვნის ჟურნალ ლაიფის ფოტოგრაფს ალფრედ აიზენშტადტს; ხოლო მეორე სამხედრო ფოტოგრაფს ვიქტორ ჯორგენსენს.

 

ორივე ერთდა იმავე დროს, 1945 წლის 14 აგვისტოს საღამოს 5 საათსა და 51 წუთზეა გადაღებული, ერთი და იგივე წყვილი, ოღონდ სხვა რაკურსიდან.

 

აიზენშტადტი ასე აღწერდა გადაღების სცენას: თაიმს სქვერზე მორბენალი ერთი მეზღვაური დავინახეო, რომელიც ყველა შემხვედრ მანდილოსანს კოცნიდაო, - ეს ბებია იქნებოდა, მსუქანი თუ სუსტიო. შემდეგ დავინახე, რომ რაღაც თეთრი ჩაიხუტაო. ჩავაჩხაკუნე და ასე გადავიღე თუ როგორ კოცნიდა მეზღვაური მედდასო.

 

მედდასაც მუქი რომ ცმოდა ტანთ, ამ სურათს არასოდეს გადავიღებდიო.

 

ეს ფოტო ლაიფმა” 1945 წლის 27 აგვისტოს ნომერში დაბეჭდა. აი, ის მეორე ვერსია კი გაცილებით ადრე, მეორე დღესვე დაბეჭდა ნიუ-იორკ თაიმსმა”, მაგრამ იმდენი მოწონება არ მოყოლია, რამდენიც იმ პირველს, რადგან იქ ფონად ლოკაცია არ ჩანდა მთელი სიცხადით.

 

ჟურნალმა ლაიფი და მეცნიერთა მრავალმა ჯგუფმა დაასკვნა, რომ ფოტოზე გამოსახული მეზღვაური ნამდვილად გახლავთ ჯორჯ მენდონსა, რომელიც წლეულს, რამოდენიმე თვის წინათ 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.


ათასი გარჩევების საგანი იყო მედდის ვინაობა ამ ფოტოზე.

რადგანაც სახე გარკვევით არ ჩანს ამ ფოტოზე, ბევრმა, ძალიან ბევრმა დაიბრალა იმ კოცნის ადრესატობა.

 

თუმცა, 60-წლიანი გარჩევების შემდეგ, მათ შორის მრავალი საგამომძიებო წიგნის გამოცემის და ფოტო-ანალიტიკოსების დისკუსიების შემდეგ, დადგინდა რომ ფოტოზე გამოსახული მედდა გახლავთ გრეტა ზიმმერ ფრიდმანი, რომელმაც 2005 წელს ინტერვიუში განაცხადა, რომ მას არ უკოცნია მენდონსასთვის, ის იმდენად ძლიერი იყო, უბრალოდ წინააღმდეგობა ვერ გაუწია.

 

მე მყავდა ტკბილი ბებია, ბუცა. ყველა ამბავს, ზღაპარს, იგავს, რასაც მოგიყვებოდა, უმიზეზოდ არასოდეს ყოველთვის რაღაც მორალით აუცილებლად დაასრულებდა.

 

ახლა აღარ არის ცოცხალი ჩემი ბუცა ბებია, თუმცა ცოცხალი რომ იყოს და ამ ამბავს ისმენდეს, აუცილებლად დაამატებდა ეპილოგად ამ მორალს:

 

არც კაცმა უნდა აკოცოს უცნობ გოგოს, და გოგომ ხო, მითუმეტეს!”

 

ვის კოცნი და რატომ კოცნი, უნდა იცოდე!

და თუ იმ კოცნის გემოც გემახსოვრება, მთლად კაი!

Print