ბლოგები
ცივი მზერა, ცივი უარი - გაგრილების სხვადასხვა საშუალებები ცხელ ზაფხულში - ეკა კუხალაშვილის ბლოგი
FaceBook
ზაფხულში საქართველო სხვა მრავალ დაყოფებთან ერთად კიდევ ორ ბანაკად იყოფა. სიცხისა და სიცივის დამცველებად. ორივე მათგანის მიზანს წარმოადგენს დაამტკიცოს მათი არჩევანის უპირატესობა.

ტემპერატურის მატებასთან ერთად იმატებს სიცხისმიმდევრების ერთ ნაწილში დამნაშავის იერი, მეორე ნაწილში კი - ჯიუტი გამომეტყველება. შესაბამისად ჩნდება გამარჯვებული მზერა სიცივის მომხრეებში. რომელთაც საშუალება ეძლევათ "მტერი" იპოვონ და სიცხით გამოწვეული დისკომფორტი მთლიანად სიცხისმოყვარულებს გადააბრალონ. ან სიცხე წამების იარაღად გამოიყენონ და სიცხისმოყვარულ გაწამებულებს აღიარებინონ, რომ სიცხეს ისევ სიცივე ჯობია. საქართველოში ამინდიც დაპირისპირებულ მხარეებს აჩენს, და ეკოლოგიურთან ერთად სოციალურ პრობლემებს ქმნის. ჩვენს ქვეყანაში სიცხისა და სიცივიდან თავდაცვა ერთნაირად ძვირია.
ძვირია კონდიციონერის შეძენა და მერე გაზრდილ გადასახადებთან ჭიდილი, ძვირია მთისა და ზღვის კურორტზე წასვლა, აგარაკზე თავის შეფარება, ამიტომ ისევ გაგრილების ალტერნატიულ მხარეს თუ მიმართავს ადამიანი.
მამა-პაპური ორპირი ქარი, ყველა დროისა და ხალხის გაგრილების საიმედო საშუალება ისევ ჩვენს სამსახურშია. იგი არც ხარჯთაანაა კავშირში და არც დაპირისპირებასთან. თანაც ორპირი არა მხოლოდ აგრილებს, მეტისმეტი მონდომების შემთხვევაში აცივებს კიდეც. ამიტომ ქვია ალბათ ორპირი - მისგან ყველაფერს უნდა ელოდო.
ყველაფერს უნდა ელოდო საშინელებათა ფილმებიდან - როგორც ადრენალინს, ისე ნევროზებისა და ფობიების მატებას. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ამათ გარდა სხვა უნარებიც გააჩნია. მოკლედ სიცხიდან შეწუხებულმა ისეთ საშინელებათა ფილმებს უნდა უყურო დილა -საღამოს სისხლი რომ გაგეყინოს ძარღვებში, მართალია ამ ფილმების მერე ტუალეტშიც შეგეშინდება მარტო გასვლა, სამაგიეროდ ძარღვებში გაყინული სისხლის წყალობით სიგრილე გაგყვება კარგა ხანს.
სიცხემ სასოწარკვეთილი ნაბიჯების გადადგმისკენაც შეიძლება გიბიძგოს. მაგალითად, გაუსაძლის სიცხეებში იმ გოგონას უნდა შესთავაზო ერთად გასეირნება,  3 წელია რომ მოგწონდა და ამის თქმას ვერ უბედავდი. მისგან ცივ უარს მიიღებ, ეს მართალია თავმოყვარეობას შეგილახავს, სამაგიეროდ გაგაგრილებს.
ცხელ დღეებში უნდა მიმართო სოციალურ სამსახურებს დახმარების თხოვნით. იქ ცივი შეხვედრით დაგაჯილდოებენ. უნდა შეეცადო ელიტარულ "სასტავში" მოხვედრას - ცივად მოგიცილებენ, შენდობა უნდა თხოვო მღვდელს საკუთარი აზრისა და სახარების მუხლების შენეული ინტერპრეტაციების გამო, ცივად გამოგისტუმრებენ, თუმცა ვცდები, აქ შეიძლება მარტო სიცივეს არ დასჯერდნენ და რაიმე ცხელი მოგაყოლონ ზურგში. ამიტომ ჯობია ეს მაინც ზამთრისთვის გადადო, როცა გათბობის პრობლემა დადგება.
სიცივე ბევრი მხრიდან უბერავს - სახელმწიფო დაწესებულებებიდან, ბანკებიდან, მაღაზიებიდან, ჯიპებიდან, ეკლესიებიდან, თანაც არა მხოლოდ კონდიცირების წყალობით, სიცივე მოდის ადამიანებიან. მათ შეიძლება ყველგან გადაეყარო, ამიტომ სიგრილე იმაზე მეტია ვიდრე წარმოგვიდგენია, მთავარია იმ ადგილას არ აღმოჩნდე, სადაც გელიან და იმას არ ეურთიერთო ვისაც მოწონხარ. შენი სკეპსისი კაცობრიობის არასანდოობაზე ბევრი არგუმენტით გამყარდება, სამაგიეროდ გრილად გადაიტან ცხელ აგვისტოს.

ეკა კუხალაშვილი





Print