ბლოგები
პორნოგრაფია პლუს მორალი - ეკა კუხალაშვილის ბლოგი
FaceBook
მრუშობის თემა ინტიმზე საუბრის მორალურ უფლებას იძლევა, მრუშობის დაგმობის მიზეზით თუ საბაბით შეუძლიათ ილაპარაკონ ათას რამეზე, წარმოიდგინონ ათასი ეროტიკული ხატი, რაც სხვა მცნებების შემთხვევაში დანაშაულად ჩაეთვლებოდათ. აქ ეს მაღალი ფასეულობებით იქნება გამართლებული.

რუსეთის ერთ–ერთ სატელევიზიო არხზე იყო გადაცემა Брачное Чтиво, მისი ორი წამყვანი შემოქმედებით ჯგუფთან ერთად ეხმარებოდა ოჯახებს და შეყვარებულ წყვილებს, რომ დარწმუნებულიყვნენ საკუთარი პარტნიორის ერთგულებასა თუ ორგულობაში. მეწყვილის ერთგულებაში დაეჭვებული პარტნიორი მიმართავდა გადაცემას და ისინიც უყენებდნენ ფარულ კამერას ეჭვმიტანილს. ერთგულება თუ ორგულობა საჯაროდ მტკიცდებოდა. ღალატის ამსახველი ფაქტები ყველას თვალწინ ხორციელდებოდა.
გადაცემას გააჩნდა თავისი მორალი – ისინი ერთგულების პროპაგანდას ეწეოდნენ, იცავდნენ ზნეობას და ამხელდნენ მოღალატეს. უზნეობის მხილება ვიდეოკადრებით ხდებოდა, პორნოგრაფიის ჩვენებით ეთერში. კამერა იჭრებოდა ადამიანის პირად სივრცეში და აჩვენებდა მისი ცხოვრების ინტიმურ დეტალებს – თანაც ღალატის კვალიფიკაციით.
აღნიშნული კვალიფიკაცია გადაცემის ავტორთ უფლებას აძლევდა ეთვალთვალათ სხვისი ცხოვრებისთვის, ეჭვრიტათ საძინებლის ოთახის ჭუჭრუტანაში. მოკლედ გადაცემა მორალს გიკითხავდა სხვის სივრცეში შეჭრის ფასად და პორნოგრაფიას გვიჩვენებდა მორალური ფასეულობის ლოზუნგით. მორალი და პორნოგრაფია ორივე ერთ სივრცეში "ჰარმონიულად" თანაარსებობდა და ერთმანეთის ყოფნას ამართლებდა.
ქართველი მორალისტებიც დაახლოებით ასეთი "თანაარსებობის" მომხრენი არიან. ისინი, ცალკე თუ ჯგუფურად, უმეტესწილად ზნეობაზე და "არა იმრუშო" მცნებაზე აპელირებენ. იცავენ ქალიშვილობის ინსტიტუტს და მხოლოდ ჰეტეროსექსუალურ კავშირს ცნობენ. პოლიტიკურ ორიენტაციებსაც გარყვნილება-ზნეობის სივრცეში ირჩევენ. ევროპისა და ამერიკის სიძულვილს სწორედ ამ მცნების გათვალისწინებით ამაგრებენ - "გარყვნილი" ევროპა და ამერიკა. არა ვთქვათ სხვა მანკიერებები, რაც შეიძლება უცხოტომელს დააბრალო, არამდე სწორედ გარყვნილი. როგორც აღმოჩნდა ევროპისა და ამერიკის "გარყვნილი" ნაწილია ყველზე საინტერესო და მიმზიდველი
თუმცა, თუკი მაინცადამაინც ძველი აღთქმის მცნებები უნდა ვახსენოთ, მაშინ მცნებათა იერარქიაში "არა იმრუშოს" ხუთი სხვა მცნება უსწრებს. თავისი მნიშვნელობით უფრო აღმატებული. "არა შექმნა კერპი", ამ მცნების ხსენება თითქმის არ არის ჩვენს დიდ კერპთაყვანისმცემლობის ეპოქაში, სადაც ერთ კონკრეტულ ადამიანს, ჯიპებს, მიწებს, შენობებს ეთაყვანებიან. შეიძლება იმიტომ რომ ეს მცნება პირდაპირ მამხილებელია და ნაკლებად აქვს გერდითი მომენტები .ამ მცნებიდან ნაკლები შანსია მხილებასთან ერთად სიამოვნებაც მიიღო (თან ვინ უნდა ამხილო? საკუთარ თავს ხომ არ ამხელ? შენზე მეტი კერპები, მიწები და ჯიპები არც ერთ სხვა ინსტიტუციას და ორგანიზიციას არა აქვს და...)
სხვა საქმეა არა იმრუშო.
მრუშობის თემა ინტიმზე საუბრის მორალურ უფლებას იძლევა, მრუშობის დაგმობის მიზეზით თუ საბაბით შეუძლიათ ილაპარაკონ ათას რამეზე, წარმოიდგინონ ათასი ეროტიკული ხატი, რაც სხვა მცნებების შემთხვევაში დანაშაულად ჩაეთვლებოდათ. აქ ეს მაღალი ფასეულობებით იქნება გამართლებული. შესაბამისად მორალისტების განსაკუთრებულ სამიზნეს ადამიანის ცხოვრების ინტიმური მხარე და ამ მიმართულებით დაშვებული გადაცდომები წარმოადგენს. ანუ "Брачное Чтиво"- ს მსგავსად ჩვენი დროის მერჯულენი მორალს იცავენ და თან პორნოგრაფიულ ხატებს წარმოადგენენ. ამიტომ,  როგორ შეიძლება ამ ხალხს 17 მაისის აქცია გამოეტოვებინა, ან დასავლეთის გარყვნილებაზე არ ელაპარაკა! აქ ხომ ამდენი მორალური საბაბია "გარყვნილოების" საჭვრეტად (საკუთარ ფანტაზიებში რა თქმა უნდა)
Брачное Чтиво-ს პუბლიკა კიდევ არაერთხელ შეიკრიბება " გარყვნილების" დასაგმობად. "გარყვნილების", რომელიც ასე "ეზიზღებათ" და ხიბლავთ ერთდროულად.

Print