პოლიტიკა
მოქალაქის ცემაში ბრალდებულ ყოფილ პროკურორს სასამართლომ გირაო შეუფარდა
FaceBook
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის შსს-ს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების ყოფილი უფროსის, ბრალდებულ გ.შ.-ს მიმართ და მას აღკვეთის ღონისძიების სახედ, გირაო - 5000 ლარი შეუფარდა.

გ.შ.-ს ბრალად ედება ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) გათვალისწინებული შედეგი. (ორი ეპიზოდი)

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა 2018 წლის 24 აგვისტოს, ქ. წყალტუბოში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეგობრის თ.გ.-ს მეუღლეს. ასევე, 2017 წელს პროკურორმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მოქალაქე თ.გ.-ს.

"შუამდგომლობის განხილვისას სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, როგორც ფორმალური ისე ფაქტობრივი საფუძვლები. ბრალდებულის დანაშაულებრივი საქმიანობის აღკვეთისა და მტკიცებულებათა განადგურების თავიდან აცილების მიზნით, სასამართლომ მიზანშეწონილად ჩათვალა გ.შ.-ს მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაოს გამოყენება," - აცხადებენ თბილისის საქალაქო სასამართლოში. 

ბრალდებულს, გირაოს - 5000 ლარის გადახდის ვადად, 30 კალენდარული დღე განესაზღვრა.

გამოძიების პარალელურად, საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში ჩატარდა სამსახურებრივი შემოწმება პროკურორ გ.შ.-ს მიერ შეუფერებელი საქციელის და მასზე კანონით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის ფაქტზე.

მთავარი პროკურორის ინიციატივით მოწვეულმა პროკურატურის საკონსულტაციო საბჭომ ერთხმად მიიღო რეკომენდაცია პროკურატურიდან გ.შ-ს დათხოვნის შესახებ. რეკომენდაციის საფუძველზე, შალვა თადუმაძის ბრძანებით გ.შ. გათავისუფლდა საქართველოს პროკურატურიდან.

ამავე თემაზე:

მოქალაქეზე ძალადობაში ბრალდებული პროკურორი თანამდებობიდან გადააყენეს
Print