რჩევები
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება გაზის გამათბობლის ყიდვისას - სპეციალისტის რჩევები
FaceBook
რას უნდა მივაქციოთ ყურადღება გაზის გამათბობლის ყიდვისას, რა განსხვავებაა პანელურ და სექციურ გამათბობლებს შორის, ღამით გამოვრთოთ თუ ჩართული დავტოვოთ გამათბობლები - ამ და სხვა კითხვებზე ქუთაისიპოსტს კომპანია "ქებული კლიმატის" ქუთაისის ფილიალის მენეჯერი, გიორგი ქასრაშვილი ესაუბრება.

მისი  თქმით, გამათბობლის ყიდვისას ყურადღება  ტექნიკის უსაფრთხოებას უნდა მიექცეს. უსაფრთხოება კი იმას ნიშნავს, რომ გამათბობელი დახურული წვის კამერით უნდა იყოს.

"სადაც ყიდულობთ გამათბობელს იქ უნდა გითხრან, რომ ის არის დახურული წვის კამერა", - ამბობს გიორგი ქასრაშვილი.

რაც შეეხება, სიმძლავრეს, მისივე განმარტებით, ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რა ფართს ვათბობთ. უნდა ვიცოდეთ რამდენი კუბური მეტრია ფართობი და გამათბობელი ამის მიხედვით უნდა შეირჩეს.

"ერთ ოთახში იყოს დამონტაჟებული გამათბობელი და სამი ოთახი გათბეს ასე არ შეიძლება. არ იქნება თანაბარი სითბო. თვითონ სახლზეც ბევრია დამოკიდებული. ის უნდა იყოს დათბუნული, სითბოს შენარჩუნების მიზნით. დამონტაჟებისას კი კედლის სისქეს, გადახურვას, იატაკსა გარე კედელებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს", - განმარტავს ის.

სექციურ და პანელურ გამათბობლებს შორის კი, მისი თქმით, განსხვავება მხოლოდ ვიზუალურია.

"სწორად შერჩევის შემთხვევაში, სითბოთი ის თანაბრად ათბობს. ზოგადად, სასურველია გამათბობლები სპეციალისტმა დაამონტაჟოს", - გვეუბნება გიორგი ქასრაშვილი.

ის ამბობს, რომ ღამე გამათბობლის დატოვება უსაფრთხოა, თუ ის სწორადაა დამონტაჟებული. თუმცა, მისივე თქმით, ღამით მისი გამორთვა და შემდეგ, დილით ჩართვა მეტ დანახარჯს იწვევს. ამიტომ  სპეციალისტი ღამით ტემპერატურის დაწევას გვირჩევს.
Print