რჩევები
სიმსუქნე და მასთან დაკავშირებული პრობლემები – ენდოკრინოლოგის რჩევები
FaceBook
სიმსუქნე ქრონიკული დაავადებაა ხშირი რეციდივებით და მკურნალობასა და დაკვირვებას მთელი სიცოცხლის მანძილზე საჭიროებს.
მათთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოსავალზე წმ.ნიკოლოზის სახელობის ქირურგიული და ონკოლოგიური ცენტრის ენდოკრინოლოგი, პეტრე ლომინაძე გვესაუბრება.

მისი თქმით, სიმსუქნის განვითარება და პროგრესირება გადაჭარბებული კვებით, ნაკლები ფიზიკური დატვირთვების ფონზე ხდება. ხანმოკლე თერაპია როგორც წესი არაეფექტურია და რეციდივებით (ავადმყოფობის შებრუნება) ხასიათდება.

სიმსუქნე შესაძლოა იყოს, როგორც დამოუკიდებელი დაავადება, აგრეთვე სინდრომი სხვადასხვა დაავადებების დროს. ამ შემთხვევაში, პირველ რიგში, საჭიროა ძირითადი დაავადების კომპენსაცია.

"დასუსტებისათვის საჭიროა ნაკლები საკვების მიღება. ერთი მხრივ, ეს ხომ ისედაც გასაგებია, მაგრამ უმრავლესობა ამ პრობლემას ასახავს სხვაგვარად. რა საკვები მივიღოთ რომ წონაში დავიკლოთ? უნდა ითქვას რომ სპეციფიკური პროდუქტები გახდომისთვის არ არსებობს. დღევანდელ დღეს მედიკამენტოზური პრეპარატები, რომლებსაც თავისით, დიეტის გარეშე, შეეძლოს წონის კორექცია არ არსებობს. ერთადერთი მართებული, სანდო გზა არის ფიზიკური დატვირთვის მომატება გააზრებულად, ადეკვატური, ბალანსირებული დიეტოთერაპიის ფონზე. შედეგად ვითარდება ენერგიის დეფიციტი, რის გამოც რეზერვები, " შენახული" ცხიმოვან ქსოვილში, აუცილებლად დაიხარჯება", – გვეუბნება ენდოკრინოლოგი, პეტრე ლომინაძე.

საკვებში ენერგიის წყაროდ მიიჩნევა 3 კომპონენტი, ესენია: ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები. აგრეთვე აუცილებელია მინერალების, ვიტამინების, საკვები ბოჭკოსა და სითხის მიღება. ექიმის რჩევის შესაბამისად, საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი, რომ ორგანიზმს მიეწოდოს ყველა საჭირო ნუტრიენტი(ეს ბიოლოგიურად მნიშვნელოვანი ელემენტია, აუცილებელი ცოცხალი ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის).

ბალანსირებული კვების რაციონში რეკომენდირებული მაკრონუტრიენტების შემცველობა ასეთია: ცილები 15%, ცხიმები 25-30%, ნახშირწყლები კი 55-60 %, რაც აგრეთვე დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე. აღსანიშნავია, რომ სითხის მიღება არ უნდა იყოს ფიქსირებულად 2-3 ლიტრი დღის მანძილზე. ეს დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე და რთული სარეგულაციო მექანიზმებით კონტროლდება. წონის კორექცია უნდა იყოს აუცილებლად გააზრებული.

ექიმი გვაფრთხილებს, რომ სიმსუქნე მრავალი დაავადების განვითარების რისკ – ფაქტორია. აღსანიშნავია ცხოვრების ხარისხის გაუარესება და სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირება. სხეულის მასის (ეს ბიოლოგიურად მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც აუცილებელია ცოცხალი ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისათვის).5%-ით დაკლებაც კი დადებითად აისახება და აუმჯობესებს ადამიანის ჯანმრთელობას.

ენდოკრინოლოგი, პეტრე ლომინაძის რეკომენდაციები, სწორი კვების შესახებ, ასეთია:

საკვების მიღება უნდა მოხდეს 4-6 ჯერ დღეში. არასოდეს არ მიიყვანოთ თავი ძლიერი შიმშილის გრძნობამდე.

საკვები არ უნდა მიიღოთ ფეხზე დამდგარი, სიარულის მომენტში. უნდა მიეჩვიოთ კვებას განსაზღვრულ დროს.

არ არის გამართლებული საკვების არ მიღება 18 საათის შემდგემ. მთავარია, საკვები რაციონის სწორად შერჩევა.

კალორიულობით მეტი დატვირთვა უნდა იყოს საუზმის და სადილის მიღებისას და ნაკლები ვახშმის დროს.

არ არის რეკომენდირებული საკვების სწრაფი მიღება.

არ გასინჯოთ საკვები მომზადების დროს.

საღამოს დაგეგმეთ მომავალი დღის კვებითი რაციონი.

ყოველი საკვების მიღების შემდგომ უმოძრაობა და მით უმეტეს დაწოლა არ არის რეკომენდირებული.

შეეცადეთ დღის განმავლობაში იყოთ ფიზიკურად აქტიური.

არ ისარგებლოთ ლიფტით.

ერთი გაჩერება გაიარეთ ფეხით სამუშაომდე და სამუშაოს შემდგომ.

ყველაფერი რაც შესაძლებელია გააკეთეთ ფეხზე დამდგარი (მაგ. ტელეფონით საუბარი, საკვების მომზადება.

თუ გყავთ ავტომობილი კვირაში ორჯერ მაინც იმგზავრეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

დასვენების დღეებში დაგეგმეთ ფეხით სიარული.

კვირაში ერთხელ მაინც დაგეგმეთ ფიზიკური ვარჯიში. მაგალითად, ცურვა, ველოსიპედით სეირნობა.

ექიმი გვირჩევს, რომ არ უნდა მოხდეს ემოციური დისკომფორტის გადალახვა საკვების მიღებით. ის ამბობს, რომ უნდა განასხვავოთ შიმშილის გრძნობა და ემოციური დისკომფორტი.
Print