რჩევები
7 ხერხი, რომ ბავშვს ზაფხულის არდადეგებზე წიგნები წააკითხოთ
FaceBook
ბავშვებს, როგორც წესი, კითხვა ეზარებათ. მით უმეტეს, არდადეგებზე. დაძალება ყოვლად გაუმართლებელი და უშედეგოა. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომ ზაფხულში ბავშვს კითხვა "აიძულოთ". ეს რჩევები თავგადაკლულ მკითხველად ვერ გადააქცევს, თუმცა გარკვეულ შედეგს აუცილებლად მოგიტანთ.

1. იკითხეთ ერთად
ხშირად ბავშვი კითხვას სასჯელად აღიქვამს. ხედავს, რომ მთელი ოჯახი თავისი საქმითაა დაკავებული, ერთობიან, ისვენებენ, ის კი იძულებულია, წიგნი იკითხოს. ბავშვს ასე ნუ აფიქრებინებთ. თქვენც მოჰკიდეთ ხელი წიგნს (უკიდურეს შემთხვევაში, ჟურნალს) და ერთად შეუდექით კითხვას.
2. შეცვალეთ გარემო
ვინ დაადგინა, რომ კითხვის ადგილი მხოლოდ სახლშია ან სავარძელში? სცადეთ და წიგნებით ხელში პარკში, პლაჟზე ან პიკნიკზე წადით. რა თქმა უნდა, პირადად უნდა მისცეთ მაგალითი. ლიტერატურული დასვენების შემდეგ ნება მიეცით, გაინავარდოს.
3. 30-წუთიანი წესები
დააწესეთ დღეში ნახევარსაათინი კითხვის დრო. თუ ბავშვს მოეწონა და დროს გადააჭარბა, მოსალოცად გექნებათ საქმე, თუ არადა, ნახევარი საათიც კარგი შედეგია. თუმცა დღეს რომ 3 საათი იკითხა, იმას არ ნიშნავს, რომ 3 დღე აღარ წაიკითხოს. არა, წესი ყოველდღიურად უნდა მოქმედებდეს. ამ სტაბილურობის წყალობით მას კითხვის ჩვევა, მოვალეობის გრძნობა და სიბეჯითე გამოუმუშავდება.
4. მოუძებნეთ სტიმული
ბავშვი ყველანაირი ამოცანის შესასრულებლად მზადაა, თუ იცის, რომ საინტერესო "ბონუსი" ელოდება. მაგალითად, კარგად თუ წაიკითხავ, გარკვეულ დროს კომპიუტერთან გაატარებ. მთლიანი წიგნის დასრულება კი ზოოპარკში ან კინოში გასეირნებით შეიძლება აღნიშნოთ.
5. დააინტერესეთ
ძალიან ბევრი ლიტერატურული ნაწარმოების მიხედვით არაერთი საინტერესო ფილმია გადაღებული. უყურეთ რომელიმე მათგანს, განიხილეთ. უთხარით, რომ წიგნი ბევრად უფრო საინტერესოა - ფილმში ხომ ყველაფერის "ჩატევა" შეუძლებელია.
6. არ კითხულობს? მაშინ მოგისმინოთ
ინტერნეტი აუდიოწიგნებით სავსეა. გადმოუწერეთ რომელიმე მათგანი, ჩაუწერეთ ფლეერში ან კომპიუტერში და ასმენინეთ. ნახევარსაათიანი მოსმენა ყველაზე ზარმაც ბავშვსაც შეუძლია.
7. ძილის წინ კითხვა
ბავშვი რას არ იზამს, ოღონდ მალე არ დააძინო. ამიტომ 30-წუთიანი ლიტერატურული საღამოს მოწყობა ძილის წინ საკმაოდ კარგი ხერხია. ძილსა და კითხვას შორის არჩევანი კითხვის სასარგებლოდ გადაწყდება. იდეალური ვარიანტი იქნება, თუ რიგრიგობით წაიკითხავთ.

mshoblebi.ge
Print