რეგიონი
"მგელმა ორი პირუტყვი შემიჭამა" - ბაღდათში მოსახლეობა მგლების შემოსევას უჩივის
FaceBook
ბაღდათის მუნიციპალიტეტში მოსახლეობა მგლების შემოსევას უჩივის. ადგილობრივების თქმით, მტაცებელი ცხოველი მათ ეზოებში შედის და მსხვილფეხა პირუტყვს თავს ესხმის.
სოფელ ვარციხეში, კერძოდ  აფხანაურის დასახლებაში განმარატვენ, რომ  მგელებმა ფერმაში რამდენიმე  რქოსანი პირუტყვი შეჭამა. 

"ვარციხეში, ბანაკთან ახლოს ფერმაში მყავს საქონელი. მგელმა ორი პირუტყვი შემიჭამა. ვისაც უნდა მოვიდეს და ნახოს რა მდგომარეობაა. ერთს გამოჭმული აქვს ხორცი სულ და მეორე მარტო ძვლებად აქციეს. ამხელა ზარალი ვნახე, ნახევარი მაინც ამინაზღაუროს ვინმენ. გამგეობას განცხადებით მივმართე ჩემი მდგომარეობის შესახებ და პასუხად მომწერეს,  რომ უმოკლეს ვადაში მოახდენენ რეაგირებას პრობლემის გადასაჭრელად", - ამბობს რამინ თავხელიძე.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამბობენ, რომ მტაცებელ პირუტყვთან დაკავშირებულ პრობლემა მათთვის ცნობილია და მიმდინარეობს მუშაობა.

"გაფორმებული არის ხელშეკრულება საქართველოს მეთევზეთა და მონადირეთა ასოციაციასთან. სანადირო ჯგუფი შექმნილია ბაღდათში, რომელიც აწარმოებს მგლების და ტურის ამოღებას. პროექტის ვადა არის 5 აგვისტომდე. ნებადართული გვაქვს 5 მგელის, 10 ტურისა და 2 მელის ამოღება. მორეკვა მოხდა ოთხჯერ. მოსახლეობასთან ერთად, ჩვენც მივიღეთ მონაწილეობა მორეკვაში. როგორც მე ვიცი ოთხი ტურა ამოღებულია, მგელი კი ვერ მოვკალით, მაგრამ იმედია, რომ მასაც ამოვიღებთ. რაც შეეხება, ზარალის ანაზღაურებას, ჩვენ ვერ ავანაზღაურებთ", - ამბობს ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის სამსახურის უფროსი, მირიან ფულარიანი. 

ბაღდათის გამგეობის წარმომადგენლების ინფორმაციით,  მუნიციპალიტეტში მგლების შემოსევასთან დაკავშირებით სამი განცხადებაა შესული.


თეონა წითაძე
Print