რეგიონი
"დამიბარა თავის სახლთან" - ტყიბულის გამგებლის მოადგილეს სამსახურის ყოფილი უფროსი ცემაში ადანაშაულებს
FaceBook
ააიპ „ტყიბულის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანების“ დასუფთავების სამსახურის  ყოფილი უფროსი, ზაზა არსენიძე ტყიბულის გამგებლის მოადგილეს, შალვა გაბრიაძეს მის მიმართ  განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. მისი თქმით,  შემთხვევა მიმდინარე წლის 6 ივლისს, დაახლოებით 17:00 საათზე მოხდა.

"შალვა გაბრიაძემ თვითონ დამირეკა და დამიბარა თავის სახლთან. სულ სხვა სიტუაციას ველოდი მისვლამდე, რადგან შეხვედრის მიზეზი არც სატელეფონო საუბრისას უთქვამს. პირდაპირ იერიშზე წამოვიდა. რეალური მიზეზი შალვა გაბრიაძეს ეცოდინება, მაგრამ ჩემი ვარაუდით მიზეზი, ჩემ მიერ კომუნალური სამსახურის შიდა აუდიტის შედეგებით დაინტერესება იყო, რომელიც ჩემი მუშაობის შემდეგ პერიოდს მოიცავს. ალბათ, განაწყენდნენ ამის გამო'', - ამბობს ჩვენთან საუბარში ზაზა არსენიძე.

მომხდარზე არსენიძის მეუღლე, ეკა გოგელაშვილიც  გვიყვება, რომელიც ამბობს, რომ  მისი მეუღლის ცემაში გამგებლის მოადგილეს  ერთი ადამიანი ეხმარეობდა.

ეკა გოგელაშვილის თქმით,  შალვა გაბრიაძის სახლთან ახლოს მისულ  ზაზა არსენიძეს, კიდევ ერთი პირი დახვდა, რომელმაც პირველი დაარტყა ზაზა არსენიძეს.

"კიდევ კარგი უფალმა დამიფარა და ამან ხელი არ გაარტყა ხელები აუწევია და უთქვამს სამართალმა უნდა იზეიმოსო და წამოვიდა პოლიციაში", - ამბობს ზაზა არსენიძის მეუღლე.

ჩვენ შევეცადეთ გამგებლის მოადგილეს, შალვა გაბრიაძესაც დავკავშირებოდით. თუმცა, ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.  არის თუ არა ფაქტზე გამოძიება დაწყებული შსს-ში კომენტარს არ აკეთებენ.  

"ჯერ ვერაფერს ვერ გეტყვით მაგაზე, როგორც კი რამე მექნება დაგირეკავთ", - განმარტავენ უწყების პრესსამსახურში. 

ზაზა არსენიძე , ააიპ „ტყიბულის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანების“ დასუფთავების სამსახურის უფროსად 2015 წლის მარტში დანიშნეს. თუმცა, ის ექვს თვეში გაათავისუფლეს. ამის შემდეგ, კი მისი დაკავება მოხდა. თუმცა, ის გირაოს სანაცვლოდ გაათვისუფლეს. არსენიძეს საბუთების გაყალბებასა და სახელმწიფო ქონების  გაფლანგვაში ედავებიან.

რაც შეეხება, აუდიტის  დასკვნას, რომელსაც ზაზა არსენიძე ფიზიკური დაპირისპირების ერთ-ერთ მიზეზად მიიჩნევს, აუდიტის სამსახურმა მიმდინარე წელს შეამოწმა. სამსახურმა  ააიპ „ტყიბულის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანებია“  2014 წლის 1 ოქტომბრიდან 2016  წლის 31 დეკემბრის პერიოდში შეისწავლა.

"შესამოწმებელ პერიოდში, სფეროების მიხედვით, საკუთარი შემოსავლების პროგნოზი არ იყო რეალურ გათვლებზე დაფუძნებული. კომუნალური გაერთიანების ბიუჯეტი, რომლის შემოსავლების გარკვეულ ნაწილს არარეალურად დაგეგმილი საკუთარი შემოსავლები შეადგენს, არის დიდი რისკის მატარებელი ბიუჯეტის შეუსაბამო და არაეფექტური ხარჯვის თვალსაზრისით", - ნათქვამია აუდიტის დასკვნაში. 

Print