რეგიონი
"ოცნებამ" ზესტაფონის გამგებლის კანდიდატად შესაძლოა "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენელი დაასახელოს
FaceBook
"ქართულმა ოცნებამ" თვითმმართველობის არჩევნებში ზესტაფონის გამგებლის კანდიდატად შესაძლოა, მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი წარადგინოს. ჩვენთან საუბარში ელგუჯა კვეტენაძე ამბობს, რომ მისი კანდიდატურა "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უკვე განიხილება.

"თბილისის მთავარ ოფისში სხვა მუნიციპალიტეტების გამგებლის პოსტზე შესაძლო კანდიდატებთან ერთად, ჩემი რეზიუმეც არის ჩატანილი", - ამბობს ელგუჯა კვეტენაძე.

ელგუჯა კვეტენაძემ 2016 წელს "ქართულ ოცნებას" 3 483 ლარი შესწირა. პირველად გასული წლის ოთხ ოქტომბერს 2 533 ლარი, ხოლო მეორედ  (ორი კვირის შემდეგ) (18.10.2016 წელი) 950 ლარი გაიღო.

კვეტენაძე ამჟამად "ჯორჯიან მანგანეზში" აჯამეთის კარიერის უფროსია. 2002 – 2003 წლებში ის ზესტაფონის გამგებელი იყო, 1999 – 2002 წლებში კი აბაშის რაიონის გამგებლის მოადგილედ მუშაობდა. 2014 წელს კი, "თავისუფალმა საქართველომ" ზესტაფონში მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა.

ამ დროისთვის  ზესტაფონის გამგებლის პოსტს ტარიელ თუთარაშვილი იკავებს, რომელიც ამავდროულად "ქართული ოცნების"  ზესტაფონის ორგანიზაციის თავმჯდომარეა.


ეკა დუგლაძე

Print