ბლოგები
ქალები, რომლებმაც შეცვალეს ამერიკა
FaceBook

როცა კი ქალისა და მამაკაცის შესაძლებლობებზე საუბრობენ, ხშირად გამიგონია ან ბევრის საუბრისგან ასეთი დასკვნა გამომიტანია, რომ ქალს სიმამაცე აკლია და ამიტომ ვერ გაუტოლდება კაცის შესაძლებლობებს.

არადა, ისტორიული და ჯიუტი ფაქტები სულ სხვა სურათს გვაძლევენ.

 

სიმამაცეს, როცა კი მას მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაც ერთვის, საგმირო საქმეების გაკეთება შეუძლია - ქალების მხრიდანაც კი.

 

მე ყოველთვის მიყვარს ამის მაგალითად ჰარიეტ ბიჩერ სტოუს გახსენება.

 

არ მეგულება წერა-კითხვის მცოდნე ადამიანი, რომელსაც წაკითხული არ ჰქონდეს მისი რომანი ბიძია თომას ქოხი”.



ამ რომანის ავტორი, ტანით პატარა ქალი ყოფილა.

როცა მისი რომანი წიგნად გამოვიდა (მანამდე, ნაწილებად იბეჭდებოდა რომელირაც პატარა ჟურნალში), ბიბლიის შემდეგ ყველაზე გაყიდვადი წიგნი გამხდარა.

 

ამ ბესტსელერმა, მონათმფლობელების, აფრო-ამერიკელების მონურ ეპოქაში ადამიანის გონებრივი რევულუცია მოახდინა და უზარმაზარი წვლილი შეიტანა სამოქალაქო ომის დაწყებაში. რომანის გამოსვლიდან კვირეებში შეერთებული შტატები ორად გაიყო - მონობის მომხრეებად და მოწინააღმდეგებად.

 

ამ ქალმა, ავტორმა, ემოციების სწორად გადმოცემით, ბიძია ტომასის ტკივილის მოზიარე გაგვხადა, სენ-კლერის ნაირი, ემილის ნაირი, ევასნაირი, ელაიზასნაირი კეთილები გვინდოდა ვყოფილიყავით, გვძულდა ლეგრი და მისნაირი ყველა მოძალადე.

 

პრეზიდენტ აბრაჰამ ლინკოლს მოუსურვებია ჰარიეთ სტოუსთან შეხვედრა. როცა კი დაუნახავს, ოვაციებით შეხვედრია: „მაშ, თქვენ ხართ ის პატარა ქალი, რომლის წიგნმაც დაიწყო ეს დიდი ომიო”.

 

მას შემდეგ, 167 წელი გავიდა, მონათმფლობელობა წარსულს ჩაბარდა, და უკვე თავისუფლად შეგვიძლია დავუმატოთ ლინკოლნის ოვაციებს: “თქვენ ხართ ის პატარა ქალი, რომელმაც მოიგო ეს ომი?”

 

მონათმფლობელობის გაუქმების შემდეგ ამერიკა მეორე პრობლემის წინაშე აღმოჩნდა პირისპირ - ეს იყო რასიზმი და დისკრიმინაცია კანის ფერის ნიშნით.

 

და ამ დროს, ამ განსაცდელში, ღმერთმა ქვეყანას მოუვლინა როზა პარკსი.

 

ყველაფერი 1955 წლის 1 დეკემბერს დაიწყო. ის დაჯდა ავტობუსის ცენტრში, ერთ სკამზე. მძღოლმა უბრძანა, რომ გადამჯდარიყო ბოლო სკამზე და ადგილი თეთრკანიანი მგზავრისთვის გაეთავისუფლებინა.



როზამ უარი განაცხადა გადასვლაზე და ამგვარი ქცევის გამო დააპატიმრეს.

მის ამ თამამ და იმ დროისათვის გმირულ საქციელს მოჰყვა ცნობილი მონთგომერის ავტობუსის ბოიკოტი”, 381-დღიანი საყოველთაო გაფიცვები და აქციები, რომელიც დასრულდა გამარჯვებით, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებით, რომ შავკანიან ადამიანებს უფლება ეძლეოდათ სადაც მოესურვებოდათ, იქ დამჯდარიყვნენ ავტობუსში.

 

ის ავტობუსი, ნომერი 2857 საიდანაც პარკსი გადმოიყვანეს და დააპატიმრეს, თავად მინახავს ფორდის მუზეუმში;

 

გამაოცა შესანიშნავმა იდეამაც, - ავტობუსში, იმ სკამზე, სადაც როზა იჯდა, დღეს მისი ძეგლი დაუდგამთ; ხოლო პრეზიდენტობის დროს იმ ავტობუსს ესტუმრა ასევე შავკანიანი პრეზიდენტი ობამა და მოპირისპირე მხარეს დაჯდა, - ისიც წინა სკამზე.


იმ ავტობუსის გაჩერებაზე, სადაც პარკსი ავიდა, დექსტერის გამზირისა და მონთგომერის გადაკვეთაზე, დგას მემორიალური დაფაც;

 

მას მიენიჭა ამერიკის უმაღლესი, თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი, ხოლო 1999 წლის იანვარში, ის კონგრესში ესწრებოდა პრეზიდენტ კლინტონის ყოველწლიურ გამოსვლას, და პრეზიდენტმა გამოსვლაში თქვა:

 

დღეს ჩვენ გვესწრება როზა პარკსი, ის ზის პირველი ლედის გვერდით და მას შეუძლია ადგეს, ან სულაც არა, ეს მისი გადასაწყვეტია”.

 

ლოს-ანჯელესში ფედერალური გზა მის სახელს ატარებს, ისევე როგორც მრავალი ავტოსადგურები მთელი ქვეყნის მასშტაბით. პარკსის დაბადებიდან ას წლისთავზე მისი დაბადების დღე გამოცხადდა ეროვნული სიმამაცის დღედ, გამოუშვეს საფოსტო მარკა როზას გამოსახულებით. ამასწინათ ყური მოვკარი, რომ საფრანგეთში, პარიზში გაიხსნა როზა პარკსის სახელობის სარკინიგზო სადგური.

 

სახლი დეტროიტში, სადაც პარკსი ცხოვრობდა, დაშალეს და გემით გადაიტანეს ბერლინში და ხელახლად დადგეს მენდოზას სახლის ბაღში; მისი მონუმენტი დგას შეერთებული შტატების კონგრესში, და, ყველაზე მთავარი:

მე თავად მოვესწარი, 2005-ში, ის გახლდათ პირველი ქალი, რომელიც არ გახლდათ ქვეყნის პრეზიდენტი ან სენატორი, თუმც მისი სასახლე დაასვენეს შეერთებული შტატების კაპიტოლიუმის რუტანდის ქვეშ და ერგო უიშვიათესი და უდიდესი პატივი - სახელმწიფო პატივით დაკრძალვისა.

 

2020 წლისათვის იგეგმება ოცდოლარიანი ბანკნოტის შეცვლა, რადგან გაისად ასი წელი ხდება მას შემდეგ, რაც ამ ქვეყანაში ქალებს არჩევნებში ხმის მიცემის უფლება მისცეს. როზა პარკის სახელი უკვე ფინალისტებშია და შესაძლოა ის იყოს პირველი ქალი - რომელიც შეერთებული შტატების ქაღალდის ფულზე გამოჩნდება.



ყველაფერი კი იმ სიმამაცით დაიწყო - არ დაემორჩილა ავტობუსის მძღოლის ბრძანებას და უბრალოდ, არ გადაჯდა უკან.

 

ჰარიეტ ბიჩერ სტოუსაც შეეძლო უბრალო თემებზე ეწერა, და არა ისეთზე, რომელზეც საუბარსაც კი ვერავინ ბედავდა;

 

როზა პარკსაც, ადგებოდა და გადაჯდებოდა სამი თუ ოთხი რიგით უკან, ავტობუსი ხომ მაინც მიიყვანდა დანიშნულების ადგილას?!

 

მაგრამ, აქ მთავარი არის იპოვო შენი როლი საზოგადოებაში, - სად და რით შეგიძლია შეაშველო ხელი თუ ხმა.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს
პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ
ოვერსაიზების ერა დასრულდა.
15:31 / 14.01.2024
მოდის ახალი ტენდენციებიდან მნიშვნელოვანი, რაც ყურადღებას იპყრობს პირველი ისაა, რომ ფერებში დომინაციას წითელი იღებს, მეორე კი ის, რომ ოვერსაიზების ერა დასრულდა.
2023 წლის მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა, შეიძლება ითქვას, რომ
საპროტესტო აქციები იყო.
19:56 / 30.12.2023
2023 წლის მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა, შეიძლება ითქვას, რომ საპროტესტო აქციები იყო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.