ბლოგები
სიკვდილის უფლება - როგორც ასეთი!
FaceBook

როცა ადამიანის უფლებებზე ვსაუბრობთ, ჩვენ ყოველთვის გვგონია, რომ ეს მხოლოდ სიცოცხლის უფლებაში არის შემოფარგლული. თუმცა ამერიკა იდგა ისეთი გამოწვევის წინაშეც, რასაც ქვია: right-to-die. უფლება რომ მოკვდე.


მე წლები ვადევნებდი თვალ-ყურს პირდაპირ ეთერში იმ სასამართლო პროცესებს, რაც შეეხებოდა ტერი შიავოს საქმეს. და ვსწავლობდი, თუ როგორ წარმართავდა ამ პროცესებს სახელმწიფო მთელი 15 წლის განმავლობაში.

 

ეს იყო ზე-რეზონანსული თემა, რომელსაც დღეის ამას იქით კიდე საუკუნეები შეისწავლიან იურისტები.

 

1990 წლის 25 თებერვალს, 27 წლის ტერი შიავო სახლში, იატაკზე უგონო მდგომარეობაში იპოვეს. იგი თვითნებურ დიეტაზე იყო, მხოლოდ სითხეებს ღებულობდა და მიკრო და მაკრო ელემენტების დეფიციტმა ორგანიზმში გულის დაპატიმრება, ანუ უკმარისობა გამოიწვია.

 

საავადმყოფოში იგი უკვე კომატოზურ მდგომარეობაში მიიყვანეს.

 

მართვად სუნთქვაზე და მართვად კვებაზე გადაიყვანეს მაშინვე. წლების განმავლობაში ათასობით კვლევის შემდეგ დადგინდა, რომ მისი ტვინის უჯრედები გამქრალი იყო და ნახევარზე მეტს მხოლოდ სითხე შეადგენდა.


თვითონ ავადმყოფს არ გააჩნდა ანდერძი, ამიტომ სასამართლომ მისი მეუღლე დანიშნა გადაწყვეტილების მიმღებად. ქმარს უნდა მიეღო გადაწყვეტილება, მთელი სიცოცხლე აწამებდა თუ არა მართვად სუნთქვაზე კომატოზურ მდგომარეობაში მყოფ საყვარელ ადამიანს, თუ - დაასრულებდა მის ამ წამებას.

 

მეუღლემ ეს ურთულესი გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა როცა აღსრულების დრო მოვიდა, მაშინ სასამართლოში შევიდა გოგონას მშობლების, შინდლერების მოთხოვნა, რომ ეს არ მომხდარიყო. ისინი ქალიშვილის რელიგიურ მრწამსს ასახელებდნენ, რომ კათოლიკე გოგონას არ ენდომებოდა რომ საკუთარი გადაწყვეტილებით შეეწყვიტა ღმერთის მიერ მონიჭებული სიცოცხლე.

 

მიუხედავად იმისა, რომ კანონში ყველაფერი გარკვევით ეწერა, რომ მის მეუღლეს მართლაც ენიჭებოდა უფლება მიეღო ასეთი გადაწყვეტილება,

 

გაჩნდა ერთი მაგრამ”, - მშობლების ეჭვი, - ქმარი ხომ არ აჩქარებდა ამ გადაწყვეტილებას იმიტომ, რომ მეუღლის ქონებიდან მეტი დარჩენოდა? არ დაგვავიწყდეს, ეს ყველაფერი ხდება მას შემდეგ, როცა უკვე ათ წელზე მეტია კომატოზურ მდგომარეობაშია ტერი შიავო.

 

თუმცა, მე გამაკვირვა შეერთებული შტატების სამივე შტოს - აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების ჩართულობამ ამ საკითხში.



ამ ერთი ციდა გოგოსთვის სიკვდილის უფლების მისაცემად, იმისათვის რომ მის სხეულს დაუსრულებლად არ ეწამა, - საქმეში ჩაერთო ჯერ ფლორიდის სენატი და გუბერნატორი, შემდეგ ქვედა და ზედა ინსტანციის სასამართლოები, შემდეგ კონგრესი თავისი საგანგებო სესიით და როცა გადაწყვეტილებას მიაღწია კონგრესმა 2005 წლის 21 მარტის ღამის 12:41 წუთზე, პრეზიდენტ ბუშს მოუწია შვებულების შეწყვეტა და ვაშინგტონში ჩაფრენა, რომ ზუსტად 30 წუთში, შუაღამის 1:11 წუთზე ხელი მოეწერა ამ გადაწყვეტილებაზე და კანონად ექცია იგი, რათა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება ქვეყნის უმაღლეს სასამართლოს, კონსტიტუციის გარანტს, უზენაესს სასამართლოს გამოეტანა.

 

იურისტებისთვის ეს გადაწყვეტილება ბზობა დღის კომპრომისის სახელითაა ცნობილი. ამით, სამივე შტო - პრეზიდენტი, კონგრესი და უზენაესი სასამართლო ტერი შიავოს მშვიდად სიკვდილის უფლებას აძლევდა.

 

რატომ გავიხსენე, ან რატომ ვწერ დღევანდელ ბლოგში ამ ისტორიას?

 

ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ უმაღლეს რანგში აიყვანა არათუ ადამიანის კონსტიტუციური უფლება, რომ მიაღწიოს ბედნიერებას, არამედ დაიცვა მომაკვდავის უფლებაც, გარდაიცვალოს მშვიდად, წამების გარეშე.


Print