ვიდეო
ნინო სურგულაძე პირველი ქალი საოპერო მომღერალია, რომელმაც „ჰიმნი ქუთაისს“ შეასრულა (ვიდეო)
FaceBook

ქუთაისში გამართულ საქველმოქმედო გალა-კონცერტზე მომღერალმა ნინო სურგულაძემ, ქუთაისის ოპერის თეატრის გუნდათან და ორკესტრთან ერთად, პირველად იმღერა რეზო ლაღიძის  (ლექსის ავტორი იოსებ ნონეშვილი) „ჰიმნი ქუთაისს.

იგი ერთადერთი ქალი მომღერალია, რომელმაც ეს ჰიმნი შეასრულა.

„ჰიმნი ისეთი ჟანრია, რომელსაც ქალები არ ასრულებენ. იწერება გუნდისთვის და სოლისტისთვის. რეზო ლაღიძემ დაწერა ბარიტონისთვის. დავით გამრეკელი მღეროდა, ცნობილი შესრულება იყო. ნინო სურგულაძეს იმდენად უნდოდა ქუთაისზე რაიმე ემღერა გუნდთან ერთად, ეს ყველაზე კარგი ვარიანტი იყო, ამიტომ გადაწყვიტა“, - ამბობს ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ირინე ლომინაძე.

ირინე ლომინაძის შეფასებით მომღერალმა ჰიმნის შესრულებას თავი კარგად გაართვა.

„ფანტასტიკურად გამოუვიდა. ძალიან კარგად იმღერა. კარგი ჟესტი იყო. ნინოს შეეძლო ათასი სხვა რამ ემღერა, მაგრამ ქუთაისთან დაკავშირებული სიმღერა  უნდოდა, რომ ამით ერთგვარად ვალი მოეხადა და სამადლობელი სიტყვა ეთქვა" - აღნიშნავს ირინე ლომინაძე.
აღსანიშნავია რომ ნინო სურგულაძემდე სიმღერის „ჰიმნი ქუთაისს“ საესტრადო შესრულება თამარ გვერწითელს ეკუთვნის.

კონცერტს ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ნატვრის ხე“ ახორციელებდა. მერვე კონცეტრი გახლდათ ამ ეგიდით ჩატარებული,  თუმცა პირველი  - რომელიც საქართველოს რეგიონში გაიმართა.

მასში მონაწილეობდნენ ტენორი ანტონელო პალომბი, ბულგარელი მეცო-სოპრანო ვესელინა კაზაროვა და პოლონელი ბანი რაფელ სივეკი.

გალა-კონცერტში ასევე მონაწილეობას იღებდა ანა ჭანია, ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი და გუნდი, რომელსაც მაესტრო რევაზ ჯავახიშვილი დირიჟორობდა.

საქველმოქმედო კონცერტზე შემოსული თანხით ფონდმა სამ ბავშვს გაუწია დახმარება ქუთაისსა და სამტრედიაში.

„ნატვრის ხემ“ თავისი არსებობის განმავლობაში 70 ბავშვს აჩუქა სიცოცხლე და დაეხმარა 300-მდე ოჯახს.

Print