მულტიმედია
ჩაერიე - სიყვარულის სახელით!
FaceBook
ცოტა ხნის წინ ქუთაისში ქალი მოკლეს.

ეს არ იყო ფემიციდის შემთხვევა, თუმცა პირველი ეჭვი ყველას ფემიციდზე გაუჩნდა.

იმიტომ, რომ მანამდე იყო - 19, უფრო ადრე - 22, სამი წლის წინ - 26, 2016 – ში – 32, ბოლო შვიდ თვეში - 9 მსხვერპლი ქალი.

ექვსი წლის განმავლობაში, საქართველოში 151 ქალი მოკლეს. მოკლეს იმიტომ, რომ ისინი ქალები იყვნენ.

საქართველოში ქალობა ზოგჯერ დასჯადია. დასჯის მიზეზი შეიძლება ასეთი იყოს: ქალმა სრულფასოვან ადამიანად ჩათვალოს თავი, ან არ იქცეს ვინმეს საკუთრებად, ანდა უარი თქვას პატრიარქატის მიერ მინიჭებულ როლზე და სხვა რამის კეთება მოინდომოს.

ასეთ ნაბიჯებს, ნაკლებად პატიობენ ქალებს.

კანონი

"უპატიებლობის" მიზეზით გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკის შეჩერებას საქართველოში ვერ ახერხებს კანონი. ეს მაშინ, როცა ქვეყანაში სადღეისოდ კანონის ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ გაუმჯობესებული ვერსია მოქმედებს.

მართალია, ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობა ფემიციდს სამართლებრივად არ აღიარებს, თუმცა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილი ცვლილებების თანახმად, გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაული დამამძიმებელ გარემოებად ითვლება და სასჯელიც მკაცრდება. ამასთანავე, იზრდება პოლიციისადმი მიმართვიანობის და შემაკავებელი ორდერების რაოდენობაც.

ფემიციდის სტატისტიკა

ყველაზე ახალი, 2020 წლის მონაცემების მიხედვით, იანვრიდან ივლისის ჩათვლით 6262 შემაკავებელი ორდერი გაიცა. სტატისტიკის თანახმად 4761 მსხვერპლი ქალია, ხოლო 4548 - მოძალადე მამაკაცი.



მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში შემაკავებელი ორდერების რაოდენობის ზრდისა და ორდერით დაკისრებული ვალდებულების დარღვევას სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაცია მიეცა და დამრღვევს სამ წლამდე პატიმრობა დაეკისრა, დამცავ ბარიერად არც ეს იქცა. ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა საერთო რაოდენობაში, ქალები კვლავ დრამატულად ჭარბობენ.

ქალთა ჩაგვრის პრობლემა ქვეყანაში განსაკუთრებით კარანტინის პერიოდში გართულდა. პანდემიის გამო გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის დროს, ოჯახური ძალადობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს იმაზე მეტმა ქალმა მიმართა, ვიდრე სხვა დროს.

მიმდინარე წლის აგვისტოში შსს მინისტრის ვახტანგ გომელაურის ბრძანების თანახმად შემაკავებელ ორდერით დამძიმებულ პასუხისმგებლობას დაემატა ელექტოსამაჯურიც. მოძალადის კიდევ ერთი მაკონტროლებელი ინსტრუმენტი.პირველი სექტემბრიდან მოძალადეების წინააღმდეგ ელექტრონული სამაჯურების გამოყენებას დაიწყებენ.ელექტრონული სამაჯური მოძალადეს შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადით გაუკეთდება, ამ ვადას სასამართლო განსაზღვრავს.

როცა არ ერევი

ფაქტია, რომ ფემიციდს მარტო კანონი ვერ აჩერებს. გამოსავლის ძიებაში კი ყველა გზა მაინც ცნობიერებასთან მიდის.

როცა ცნობიერებაში მრუდედაა დალექილი ,,სხვისი ოჯახის" საქმეში ჩარევის შეუძლებლობა, დგება შეთანხმებული დუმილი, ნაკლები ემპათია სხვისი ტკივლის მიმართ.

გენდერის სპეციალისტებსა და ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ მთავარი ცნობიერებაზე მუშაობაა, რომელიც ოჯახურ კონფლიქტს "სერიოზულად" მიიღებს და არ დაუშვებს ძალადობას.

ცოტა ხნის წინ ქუთაისმი მომხდარი ახალგაზრდა ქალის მკვლელობაზე ანონიმური წყარო მოგვითხობს, რომ ფაქტს წინ უძღოდა მსხვერპლის კივილი. ქალის, ხმა რომელიც შველას ითხოვდა, ხმა ესმოდა თითქმის ყველა მეზობელს, თუმცა რეაგირება დააგვიანეს.

ქალის კივილი ოჯახურ დავად ჩაითვალა და ამიტომ არავან ჩაერია. ასე ხდება ხოლმე ჩვენთან, რადგან ოჯახური დავა გარეშე პირების მხრიდან საკრალურობას, ხელშეუხებლობას ინარჩუნებს. სხვა შემთხვევაში, დახმარების სურვილს "მცნება" "ოჯახის საქმეში ნუ ჩაერევი" ეღობება.

ასე ერთხმად და მდუმარედ შეთანხმებულ ,,ნუ ჩაერევის" შესაძლოა ის შეხედულებაც ,,ამართლებდეს", რომ საზოგადოებაში ჯერ კიდევ ლეგიტიმურია "ურჩი", "არასწორი" ქალის დასჯის უფლება.

ორგანიზაცია ,,საფარის" ხელმძღვანელს ბაია პატარაიას მიაჩნია, რომ ქალთა მკვლელობის მიზეზები მენტალური ხედვების ძიებით უნდა დაიწყოს. იმ გარემოს ცვლილებით. სადაც ქალი და მამაკაცი სხვადასხვა სოციალურ არსებებად მოიაზრება.

"რა ვითარებაში და როგორ ხდება მკვლელობა?! ხდება იქ, სადაც კაცებს მაინც მიაჩნიათ, რომ ქალი აუცილებლად მათ ჭკუაზე უნდა დადიოდეს, ქმარს ემორჩილებოდეს. რომ ქალს ჭირდება დისციპლინირება. არ სჯერა ამ ხალხს სქესთა თანაშსწორობის და ფიქრობენ, რომ ერთი უნდა იყოს მორჩილი, მეორე კი ბატონი. ჰგონიათ, რომ არსებობს ქალის კონკრეტული როლი, რომელიც მან აუცილებლად უნდა შეასრულოს. ხოლო თუ ამ გენდერულ როლს არ ასრულებს, მაშინ დასასჯელია. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი მენტალიტეტის შეცვლა. ამისთვის კი სერიოზული მუშაობაა საჭირო".

ამ სამუშაოს დიდი ხანია ასრულებს ქალთა მოძრაობა და არასამთავრობო ორგანიზაციები, მაგრამ პრობლემის მასშტაბების გამო უფრო დიდი ინსტიტუციის, სახელმწიფოს აქტიური ჩარევა ხდება საჭირო, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან ცნობიერების შეცვლაზე მიმართულ ღონისძიებებსა და წამოწყებულ კამნპანიებს არა აქვს თანმიმდევრული ხასიათი და ფრაგმენტულობით ხასიათდება. ფრაგმენტულობა კი ცნობიერებაში ფრაგმენტულად რჩება და მარტივად ქრება.

თანასწორობის საკითხი ვერ იქცა განათლების პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებად.

"ბაღებში, სკოლებში უნდა ასწავლიდნენ რა არის თანასწორობა და რომ არ არსებობს კარგი ქალისა და კარგი კაცის როლი, რომელიც კატეგორიულად ერთმანეთისგან განსხვავებულია. ასე არ უნდა იყოს. წესიერი ადამიანის კრიტერიუმები უნდა არსებობდეს ზოგადად, რომელიც ყველაზე გავრცელდება... ქალთა მიმართ ძალადობა, სანამ მორალურად შესაძლებელია მართლდებოდეს,მანამდე გვაქვს ჩვენ სერიოზული პრობლემა", - მიაჩნია ბაია პატარაიას.

ლია უკლება „სიყვარულის სახელით“
ლია უკლება „ქორწილი“

ფემიციდი სიყვარულის სახელით

ფემიციდს ეხმაურებიან კონკრეტული ხელოვანები. მხატვარ ლია უკლებას ორი ნახატი "სიყვარულის სახელით" და "ქორწილი", რომლებიც ფემიციდის მიზეზ - შედეგობრივ კავშირს ასახავს.

წაგებული ომი

ქალები იღუპებიან არგამოცხადებულ, თუმცა ღია ომში. მაგრამ ეს წაგებული ომია. ასე მიაჩნია ფსიქოლოგ მამუკა გელაშვილს. მისი თქმით, ქალებზე ძალადობა რეტროგრადების უკანასკნელი გაბრძოლებაა.

"რატომ მოხდა, რომ ამდენი გრანტი ჩაიდო გენდერის შესწავლის კუთხით მსოფლიოში? არ იფიქროთ, რომ ეს პოლიტიკური საკითხი არ იყოს. გენდერული თანასწორობა რამდენად ხორციელდება ქვეყანაში იმის მიხედვით იზომება და იმაზეა დამოკიდებული ცივილიზაციისა და დემოკრატიის ხარისხი ქვეყანაში", - მიაჩნია მამუკა გელაშვილს.

დრო ქალების მხარეს არის. ყოველ შემთხვევაში მათ მხარეს, ვინც თანამედროვეობას პასუხობს.

"ეს მსხვერპლი რაც მივიღეთ,რეტროგრადების ბოლო გაბრძოლება იქნება, უკან ვერ მოაბრუნებენ პროცესს. არის ერთი საიდუმლოება, თუკი თავისუფების გემო გაიგო ადამიანმა, თუ მოკლავ თორემ უკან ვეღარ დააბრუნებ. ვინც გათავისუფლდა შინაგანად იმის უკან დაბრუნება შეუძლებელია. მისი მხოლოდ ფიზიკური განდგურება შეიძლება. ვერც ცემით, ვერც მუქარით შეაშინეს. არც ერთმა ამ ქალმა უკან არ დაიხია, არ დაემორჩილა. ამიტომ ვიმეორებ, ეს უსუსურობა – ქალების ხოცვა მათი ბოლო მეთოდია. მათ ვერ შეძლეს უპირატესობა მოეპოვებინათ ქალებზე და დახოცეს ისინი. ეს იყო ბოლო გაბრძოლება".

"რეტროგრადების" ბოლო გაბრძოლება მარცხით დასრულდება.

მაგრამ მანამდე - ჩაერიე - სიყვარულის სახელით!


Print E-mail
FaceBook Twitter



მსგავსი სიახლეები
კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვმა
საქართველოში 100 ათასს გადააჭარბა. გაიზარდა სიკვდილიანობის
მაჩვენებელი, გადაიტვირთა კლინიკები, წარმოიქმნა ექიმებისა და
ექთნების დეფიციტი.
10:12 / 16.11.2020

კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვმა საქართველოში 100 ათასს გადააჭარბა. გაიზარდა სიკვდილიანობის მაჩვენებელი, გადაიტვირთა კლინიკები, წარმოიქმნა ექიმებისა და ექთნების დეფიციტი.

პანდემიისთვის მთელი მსოფლიო ერთგვარი სცენაა,
ყველგან სხვადასხვა ნიღაბს ირგებს და ყველა ადამიანის ცხოვრებაში
სხვადასხვა როლს თამაშობს. ჟანრი ყველგან ერთია-დრამა.
11:53 / 15.11.2020

პანდემიისთვის მთელი მსოფლიო ერთგვარი სცენაა, ყველგან სხვადასხვა ნიღაბს ირგებს და ყველა ადამიანის ცხოვრებაში სხვადასხვა როლს თამაშობს. ჟანრი ყველგან ერთია-დრამა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.