მულტიმედია
„ბუზები“ პანდემიისას - ერთი სპექტაკლის ისტორია
FaceBook
რეზი ქაროსანიძის სადებიუტო სპექტაკლზე მუშაობა უცნაურ "რეალითი შოუს" ჰგავდა:

არ ჰქონდა მასალა, მაგრამ უნდა შეექმნა დეკორაციები, არ ჰყავდა მსახიობები და უნდა ემუშავა ტექსტზე, არ ჰქონდა განათება და უნდა დაენახა წარმოსახვაში, არ გააჩნდა საღებავები და უნდა მიეღო სასურველი ფერი, არ ჰქონდა სამუშაო სივრცე, რომელიც ყოველდღიურად უნდა ეძებნა. ლიმიტირებული იყო სამუშაო დრო, მსახიობების რაოდენობა.

ასეთი პირობა 31 წლის ქუთაისელ დებიუტანტ რეჟისორს პანდემიამ დაუყენა.

მაყურებელი მსახიობ რეზი ქაროსანიძეს პანდემიამდე იცნობდა. მესხიშვილის თეატრის სცენაზე ნანახი ჰქონდა მისი შექმნილი ოცამდე ხასიათი, მათ შორის მთავარი როლები.

რეზი სპექტაკლის დადგმაზე დიდხანს ფიქრობდა. საამისოდ თბილისის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში დრამის რეჟისორის ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი - მსახიობის რეჟისორად დაბადება, ყველაზე რთულ პერიოდს დაემთხვა.


სცენა სპექტაკლიდან „კუკარაჩა“ (რეჟ: გიორგი სიხარულიძე)

სადებიუტო სპექტაკლზე მუშაობის დაწყებიდან პირველივე კვირას პანდემია გამოცხადდა. ამან ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

პანდემიამ სტრესთან, ბუნდოვანებასთან და გაურკვევლობასთან ერთად, ბევრი ახალი რეგულაცია მოიტანა თეატრში. აიკრძალა რეპეტიციები დახურულ სივრცეში, ათზე მეტი ადამიანის ერთად შეკრება, ამუშავდა კომენდანტის საათი, დაიკეტა მაღაზიები, შეიზღუდა გადაადგილება, შემცირდა სივრცე, დრო, ადამიანებთან კონტაქტის შესაძლებლობა.

"პირველი, რაც ხელისშემშლელი იყო ამ პანდემიისგან, იყო ის, რომ მან გააჩინა ამ პროფესიაში დრო. არადა ამ პროფესიაში დრო არ არის. მუშაობის პროცესში დღე-ღამეში განსხვავება არ არსებობს. თუ ეს დრო გაგიჩნდა, მაშინ საქმე აღარ გამოდის. რადგან მთლიანად ემოციასა და აღფრთოვანებაზეა დამყარებული ყველა ურთიერთობა თეატრში. როცა სპექტაკლზე მუშაობას იწყებ, ძიების პროცესი გერთვება. ამ პროცესში შეიძლება იმ დროს მოგინდეს კონკრეტული მიზანსცენის კეთება, როცა უკვე კომენდანტის საათი იწყება. ამის შეწყვეტა და მერე თავიდან დაწყება არის ურთულესი, რამაც შემოქმედებითი არითმია დამმართა".


სპექტაკლ „ბუზების“ რეპეტიცია

უჩინარი, თუმცა ანგარიშგასაწევი პანდემია, დამატებითი პერსონაჟის სახით, სპექტაკლის ყველა კომპონენტში ჩაერია. მისი არშემჩნევა ან უგულებელყოფა შეუძლებელი გახდა. სპექტაკლის ავტორს ისღა რჩებოდა, პანდემია თანაავტორად მიეღო და მასთან "შეთანხმებით" ემუშავა საკუთარ, პირველ სპექტაკლზე.

სადადგმო ამოცანებთან ერთად, რეზის პანდემიით წარმოქმნილი დილემებიც უნდა გადაეჭრა. ტექნიკური ნიუანსები მხატვრულ ქსოვილშიც იჭრებოდნენ და იქაც ითხოვდნენ ცვლილებას. 

ნაფიქრი, გააზრებული, საოცნებო "ანტიგონე" ბევრი პერსონაჟით, ქოროთი და მასობრივი სცენებით უნდა შეცვლილიყო ხუთ ან ექვს პერსონაჟიანი პიესით. ასე ჩაანაცვლა პანდემიურმა რეგულაციებმა სოფოკლეს "ანტიგონე" ჟან-პოლ სარტრის "ბუზებით".

"ანტიგონეს" მასობრივ სპექტაკლად ვხედავდი, ბევრი მსახიობით, მასების მართვის სურვილი მქონდა. პანდემიამ მაშინვე დამიკეტა ამისკენ გზა. ეს არის ცუდი, დაწყებულის შეწყვეტა რომ გიწევს. წყვეტები მეორე სპექტაკლშიც იყო, რამდენჯერაც დავიწყე, იმდენჯერ შეწყვეტა მომიხდა. ოთხ შემობრუნებას ვითვლი. ოთხჯერ გავიღიზიანე თავი აღფრთოვანებისთვის, ოთხჯერ გამიბრტყელდა ტექსტი, ოთხჯერ გამიცვდა ეს განცდები".

დამწყებ რეჟისორს ან უნდა მიეღო რეალობა და გაეგრძელებინა ყოველდღიური ბრძოლა, ან უნდა გაჩერებულიყო ბევრი სხვა ავტორის მსგავსად, დალოდებოდა რეგუალციების შემსუბუქებას, ან პანდემიის დასასრულს. რეზიმ პირველი ამჯობინა და მიიღო დროის გამოწვევა. ეს კი ყოველი დეტალის წვალებით მოპოვებას და ყველაფერში ექსპერიმენტს მოითხოვდა.

"სულ სხვა ფორმების ძიება მიწევდა. პანდემიამ თეატრში ექსპერიმენტი მოითხოვა", - ამბობს რეზი. 


სარეპეტიციო სივრცე

რადგან მსახიობების რაოდენობა ლიმიტირებული იყო, ის უნდა ჩაენაცვლებინა დეკორაციას, საგნებს, ზოგჯერ პაუზებს, სიჩუმეს, სცენის რომელიმე წერტილში დარჩენილ სიცარიელეს.

"მსახიობები ვინც იყვნენ, მათთანაც ონლაინ ურთიერთობა უნდა მქონოდა, თუმცა პირველი შეკრებიდან მივხვდით, რომ თეატრი რეჟისორის და მსახიობის ფიზიკურ შეხებას ითხოვს. მსახიობს ზოგჯერ ბევრიც რომ ელაპრაკო შეიძლება ვერ გააგებინო, მაგრამ უსიტყვოდ უცებ ხელი რომ მოკიდო, ენერგეტიკით აგრძნობინებ, რა გინდა მისგან. ამიტომ სივრცე უნდა მოგვეძებნა, სადაც ვიმუშავებდით".


სპექტაკლ „ბუზების“ დეკორაციებზე მუშაობა

სივრცე მეგობრების წყალობით გამოიძებნა. მსახიობები იცვლებოდნენ კოვიდით გამოწვეული ნერვული ფონის, შეზღუდული გადაადგილების, თუ სხვა მიზეზების გამო. ამიტომ კონკრეტულ მსახიობზე, მის ფაქტურაზე, ტემბრზე, ტემპო-რითმზე მორგებული და გათვალისწინებული მიზანსცენა ყოველ ჯერზე გადაკეთებას ითხოვდა, ყოველ ჯერზე ახალი განწყობის შექმნას აიძულებდა რეჟისორს.

"თავიდან სხვა ადამიანთან შეხება გიწევდა. არადა დადგმის პროცესში კონკრეტულ ხმას ხარ მიჩვეული და ის ხმა გიყვარს. მსახიობის ცვლილების შემდეგ კი სხვა ხმასთან შეგუება გიწევს. არადა ის ძველი ხმა გიყვარს, ისე გესმის და იმ ტემბრით გინდა ტექსტი წაიკითხო. ეს იცვლება და თავიდან გიწევს ამის გაკეთება, სიახლესთან შეხეთქება. მერე კიდევ იცვლება და ამ მხრივ მძიმდება სამუშაო პროცესი, რომელიც იმდენად მძიმე იყო რომ უფრო საინტერესო გახდა".

ყოველდღიურმა გადასაჭრელმა პრობლემამ მუშაობა საინტერესო გახადა. სპექტაკლი თანდათან შეიკრა, კონტურები გამოიკვეთა. შეიქმნა დეკორაცია, რა მასალაც მოიძებნა იმით. მიიღეს ის ფერი, რა საღებავიც იშოვეს იმით. რეჟისორი თავად აწყობდა და ტექნიკურ ხერხებს პოულობდა კონკრეტული ფორმის მისაღებად, თუმცა პრემიერამდე ხუთი დღით ადრე, რეზი მიხვდა, რომ ეს ის არ იყო, რისი სცენაზე ნახვაც სურდა. ამიტომ სრულად დაშალა და თავიდან ააწყო დეკორაცია, გადააკეთა სპექტაკლი. პანდემიით გამოწვეული დანაკარგი ხუთ დღეში ამოქაჩა. 


სცენა სპექტაკლიდან „ბუზები“

"ბუზები" მაყურებელმა კარგად მიიღო. ორესტეს და ელექტრას მითის სახეცვლილმა ვერსიამ ახალი სიტყვა თქვა მესხიშვილის სცენაზე.. "ბუზებით" სპექტაკლის ავტორი თანამედროვე საქართველოს გამოეხმაურა, შეეხო ძალაუფლებას, ავტორიტეტებს, მკვდარ და ცოცხალ ღმერთებს, იდეოლოგიას. რეჟისორმა ის მტკივნეული პრობლემები წამოწია, რაც ადამიანსა და სახელმწიფოს, ადამიანსა და სამყაროს, ადამიანსა და მორალურ კანონებს შორის არსებულ პასუხისმგებლობას ეხება. 


სცენა სპექტაკლიდან „ბუზები“

მსახიობმა რეზი ქაროსანოიძემ რეჟისორის ამპლუაში შეძლო თეატრში თავისი ხელწერის შექმნა. მან დადგა პოლიტიკური სპექტაკლი, რაც რეჟისორის აზრით, თეატრის მთავარი დანიშნულებაა.

"მთავარი, რატომაც მომინდა მსახიობობიდან რეჟისურაზე გადასვლა, ეს იყო დაგროვილი პროტესტები სხვის სამყაროში ცხოვრების გამო, რომელიც არ პასუხობდა არაფერ სამოქალაქოს. მე ვთვლი, რომ თეატრი ძალიან სამოქალაქო განწყობისაა. ის აუცილებლად უნდა ლაპარაკობდეს მოქალაქეზე და მოქალაქეობრივ ფასეულობებზე. თუ ეს გამოვაცალეთ, ვფიქრობ, თეატრს არაფერი არ რჩება. ფუნქციას კარგავს. ამბობენ, რომ თეატრი და კულტურა პოლიტიკური არაა, არადა თეატრი პირდაპირ პოლიტიკაა. თეატრი პოლიტიკის გარეშე არ არსებობს. თეატრს უნდა ჰქონდეს დამოკიდებულება მოქალაქეობრივი ვალდებულებების მიმართ".

საკუთარი მოქალაქეობრივი დამოკიდებულება და პასუხისმგებლობა რეზი ქაროსანიძემ, რამდენიმე სხვა მსახიობთან ერთად, პროექტით "კონსტიტუცია" აჩვენა. მსახიობებმა საქართველოს კონსტიტუცია პერფორმანსის ფორმით, რამდენიმე წლის წინ, ქუჩაში, მესხიშვილის თეატრის კიბეებზე წარმოადგინეს.

რეზი ქაროსანიძემ საკუთარი "პოლიტიკური თეატრის" შექმნა აქედან დაიწყო. 


„ჩემი კონსტიტუცია“ - პერფორმანსი მესხიშვილის თეატრის წინ

რეჟისორმა მოქალაქეობრივი პოზიცია გამოხატა რუსული ოკუპაციის მიმართაც, როდესაც მესხიშვილის თეატრში გასტროლზე მყოფ მოსკოვურ თეატრალურ დასს, მსახიობ ინგა კაკიაშვილთან ერთად, შეახსენა, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია.თეატრალებმა კოლეგებს აგრძნობინეს, რომ საკუთარი კრიტიკული დამოკიდებულება უნდა გააჩნდეთ ავტორიტარული და ოკუპანტი რეჟიმების მიმართ.. 


„არა ოკუპაციას“ - მსახიობების პროტესტი

დებიუტანტი რეჟისორი მგრძნობიარეა ყველა მიმდინარე მოვლენის მიმართ.. იგი არ ემალება რეალობას და არ ცდილობს თეატრი სინამდვილიდან თავშესაფრად აქციოს.


„არა ოკუპაციას“

რეზი ქაროსანიძე არც პანდემიას დაემალა და სწორედ მის საშიშ, არაპროგნოზირებად სივრცეში მოახერხა რეჟისორად დაბადება.



Print