მულტიმედია
პირბადე - თავდაცვის ყველაზე ეფექტური საშუალების არაეფექტური კონტროლი
FaceBook
ჯერ კიდევ ივნისში, როცა ხელისუფლებამ „პირბადის ტარების წესი“ დაამტკიცა,  ამის აღსრულებაზე პასუხისმგებლობა ხუთ სახელმწიფო უწყებას დააკისრა, მათ შორის ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს.


მაგრამ პანდემიის მართვის მიზნით, მთავრობის N368 დადგენილებით გაცემულ დავალებას არ ,,სცნობენ" ქუთაისის მერიაში.

მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურიდან არავინ ამოწმებს რეგულაციების აღსრულებას საქალაქო ტრანსპორტში, სავაჭრო ობიექტებსა თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. კონტროლის არარსებობის ფონზე, კოვიდუსაფრთხო გარემო ქუთაისში ვერც მოქალაქეების პასუხისმგებლობის იმედადაა.

ადგილობრივების ნაწილი არც პირბადეს ატარებს და არც დისტანციას იცავს. ქალაქში, სადაც კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღე იმატებს, კორონავირუსს საპატრულო პოლიციის ჯარიმები თუ შეაკავებს.

ბოლო სამ თვეში (2020 წლის ივნისი, ივლისი, აგვისტო) საქართველოს ბიუჯეტი 102 ათასი ლარით მხოლოდ პირბადის ტარებაზე დაწესებული ჯარიმით შეივსო. ეს სოლიდური შენატანი, არაკანონმორჩილი მოქალაქეების ჯიბეებიდან, 20-20 ლარით შეგროვდა.


ქუჩაში


პირბადის ეპოქაში, ადამიანები ნაცნობი სახეების ნაცვლად, ქუჩაში ნაცნობ თვალებს ეძებენ.

სკვერში პირბადით

პანდემიამ მისალმების ფორმაც შეცვალა, - გულიანი კოცნა-ჩახუტების მაგივრად - ხელის დაქნევა ორი მეტრის დისტანციით, ხელის ჩამორთმევის ნაცვლად - მუშტის ან ფეხის მირტყმა.

,,კოვიდური'' მისალმება

წესებს, რომელიც "კორონავირუსმა" შემოიტანა, ქუთაისში ყველა არ იცავს ან იცავს მოჩვენებითად. მაგალითად, პირბადე აქვთ, ოღონდ ჩანთაში, ნიკაპზე, ყელზე, მკლავზე.

,,კოვიდუშიშარი" მოქალაქეების პასუხები ასეთია: "კორონავირუსი არ არსებობს", "არჩევნების გამოა ეს ყველაფერი და რატომ ვატარო?!", "არაფრისგან მიცავს პირბადე, გინდ მეკეთოს, გინდ არა".

პირბადით და უპირბადოთ




მერი მურღულია

82 წლის ლენა დავითულიანი ქუთაისის ცენტრალურ ბაზართან თავისი პატარა, ხის უზურგო სკამით ყოველდღე მიდის. ჩამოჯდება, კალთაზე ყვითელ ჩანთებს დაიფენს და მყიდველს ელის.

ლენა დავითულიანი

,,ეს პარკები მრავალჯერადია, გამძლე ტარებიც (სახელური) აქვს. თვითონ ვკერავ საღამოობით. თავთან შვილიშვილი მიზის. სახლში ჩვენ ორნი დავრჩით, რადგან დედამისი წლებია უცხოეთშია სამუშაოდ. ახლა აპირებდა ჩამოსვლას, მაგრამ კორონას გამო შეიკავა თავი".

კორონავირუსის პირობებში ქუჩაში სავაჭროდ ჯდომა რომ სახიფათოა, ეს ლენა ბებომაც იცის და პანდემიას რეგულაციების დაცვით ებრძვის.

,,სადეზინფექციო ხსნარი ძვირია, ამიტომ, ხელებს სულ არყით ვისუფთავებ. პირბადეს საპნით ვრეცხავ. მერე ვაუთოებ და მეორე დღეს ისევ ვიკეთებ. ცუდი დრო კი არის, მაგრამ სახლში მაინც ვერ ჩავჯდები. ვერც ჩემს ცხრა მთას იქით წასულ შვილს ჩამოვეკიდები და ვერც 220 ლარიან პენსიას. ვიდრე ვარ, უნდა ვიმუშაო".

პენსიის რიგში

ქუთაისში, პენსიონერთა უწყვეტ რიგს ქუჩებში დადგმულ წითელ ბანკომატებთან ყოველი დილის 9 საათიდან ნახავთ.

წითელ ბანკომატებთან


80 წლის ქეთო ხალხმრავალ რიგში თავის ჯერს საჭიროზე მეტი დისტანციით ელის. სახეზე პირბადე, ცალ ხელზე კი ხელთათმანი უკეთია.

,,აბა ორივეზე რად მინდა? ძვირია პირბადეც და ხელთათმანიც, ამიტომ ვუფრთხილდები. ბანკომატთან ერთიც მეყოფა, მეორეს ავტობუსში გამოვიყენებ".

პირბადის გარეშე მდგარი პენსიონერების ნაწილი ქეთოს ხელთათმანს ღიმილით დასცქერის. ,,ქუჩაში როცა ვარ რა საჭიროა ნიღაბი?", - გვიხსნის თომა კვარაცხელია.

რიგი დისტანციის გარეშე



თომაზე სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს ლენას. ის პირბადეს - ბიზნესს, კორონას კი არჩევნებს უკავშირებს.

"ადრე რომ ათი თეთრი ღირდა და ახლა ასეთი ფასები დაადეს პირბადეებს, აყვავდა ზოგიერთი ბიზნესმენი. კორონამ ამ საარჩევნოდ მთლად ხელისუფლების წისქვილს დაასხა წყალი, ამ ვირუსებში ვინ წავა არჩევნებზე?".

ტრანსპორტში

N1 წრიული მთელ ქუთაისს წრეს არტყამს და ყოველდღე 200-მდე მგზავრი მაინც გადაჰყავს.

წრიულის თეთრ მიკროავტობუსებში გვერდიგვერდ ჩამწკრივებულ სკამებსა და ვიწრო სივრცეში, ძალიანაც რომ გინდოდეს, ორ მეტრიან დისტანციას ვერ დაიცავ.

საქალაქო ტრანსპორტი


სახიფათო სივიწროვის მიუხედავად, მოქალაქეების ნაწილი პირბადის გარეშე მგზავრობს.

მგზავრი პირბადის გარეშე


ანალოგიური ვითარებაა ქუთაისის სხვა საქალაქო ტრანსპორტშიც, სადაც დისტანცირებისა თუ პირბადის სავალდებულო ტარებას არავინ აკონტროლებს. ხშირად პირბადის გარეშე არიან მძღოლებიც.

უკონტროლო ტრანსპორტი რომ ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი ბუდე შეიძლება იყოს, დაავადებათა კონტროლის იმერეთის ცენტრის ხელომძღვანელი გოჩა გიორგიძეც ადასტურებს.

,,საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება არ იკავებს იმხელა დროს, რომ ადამიანს გაუჭირდეს პირბადით ყოფნა. თუ მგზავრი პირბადეს გაიკეთებს, საკმარისია, რომ მეტყველების დროს გამოფრქვეული წვეთები არ მოხვდეს სატრანსპორტო ერთეულში, სადაც შემდეგ სხვამ უნდა იმგზავროს".

,,წრიული''


ბაზარში

ქუთაისის ,,მწვანე ბაზრის" სამივე შესასვლელთან, გამოსაჩენ ადგილზე, დიდი თეთრი ტრაფარეტები დგას წითელი წარწერით: "პირბადის გარეშე შესვლა აკრძალულია".

''მწვანე ბაზარი''


აქვეა კონტროლიორი თერმომეტრით ხელში. პროტოკოლის მიუხედავად, ზოგიერთი პირბადის გარეშე, ,,მხოლოდ ხუთი წუთით შევირბენ" შეძახილით, სიცხესაც არ იზომავს, რიგებში ისე იკარგება.

გვერდიგვერდ ჩამწკრივებულ დახლებთან რომ რეგულაციებს ყველა არ იცავს, შორიდანვე შესამჩნევია.

ხორცის დახლი


ლია გასაყიდი კატროფილის გვერდით დადგმულ სადეზინფექციო ხსნარს გვიჩვენებს და გვიხსნის, რომ ბაზარში ახლა ყველაზე ცუდი დროა, რაც კი 25 წლის განმავლობაში ახსოვს.

"წესებს კი ვიცავ, მაგრამ დღეს მხოლოდ ორი კილოგრამი კარტოფილი გავყიდე. ბაზარში მყიდველი აღარ მოდის".

პირბადე ბაზარში ინსპირაციის წყაროდაც იქცა. ზოგმა ის სვანურ ქუდს მოარგო.

სვანური ქუდი პირბადით


ზოგმა ლექსი მიუძღვნა.


სკოლაში

ქუთაისის N12 სკოლაში, ისევე როგორც სხვაგან, შესვლა ეკრძალება მშობლებს. ბავშვები მხოლოდ თერმოსკრინინგისა და ხელების დეზინფექციის შემდეგ ხვდებიან კლასებში.

თერმოსკრინინგი სკოლაში




დერეფნების კედლებზე საინფორმაციო წარწერები, იატაკზე კი დისტანციის ფერად-ფერადი ნიშნულებია. შეცვლილია საგაკვეთილო პროცესიც. მოსწავლეები მერხებს შორის დისტანციით სხედან, მასწავლებელი კი, პირბადის გამო, ახლა უფრო ხმამაღლა ხსნის გაკვეთილს.

გაკვეთილი დისტანციის პირობებში


სკოლის დირექტორის, ნათია სულავას თქმით, ყოველ ორ კვირაში ერთხელ ცვლიან მორიგეს, რომელიც სკოლაში უსაფრთხოების დაცვაზე აგებს პასუხს.

,,ვერგებით ახალ რეალობას და ყველა რეგულაციას ვიცავთ ზედმიწევნით".

N12 სკოლაში სულ 650 მოსწავლე სწავლობს. აქედან გაკვეთილებს სკოლაში მხოლოდ 250-მდე ბავშვი ესწრება. დანარჩენი სწავლას ონლაინ განაგრძობს.



გადაყრილი პირბადეები 

ერთჯერადი ქირურგიული პირბადეები, მეცნიერების აზრით, სერიოზულ ეკოლოგიურ პრობლემას წარმოადგენს. საქმე ისაა, რომ ქირურგიული სახის ნიღაბი პლასტმასს შეიცავს, რაც წყალს აბინძურებს, ვნებს ეკოსისტემას. შესაძლოა ის მიუსაფარმა ცხოველმა "მიირთვას" ან მასში ფრინველი გაიხლართოს.

ქუჩაში გადაგდებულ პირბადეებს ქუთაისში არაერთგან ნახავთ. მეტიც, გამოყენებული ნიღბები მდინარე რიონის ნაპირზეც უხვადაა. 

ქუჩაში გადაყრილი პირბადეები



დადგენილება №368

დაავადებათა კონტროლის იმერეთის ცენტრის სამმართველოს ხელმძღვანელის გოჩა გიორგიძის თქმით, როცა ორი ადამიანიდან პირბადე ორივეს უკეთია და ერთ-ერთი დაინფიცირებულია, ვირუსის გადადების შანსი ერთ პროცენტზე ნაკლებია. პირბადე რომ ვირუსთან ბრძოლის და სიცოცხლის გადარჩენის ერთ-ერთი მძლავრი იარაღია ინფექციონისტებმა ათასჯერ მაინც გაუმეორეს საზოგადოებას.

რეკომენდაციებს და დადგენილებას ძალა არ აქვს თუ ის ადამიანები, რომლებსაც რეგულაციების აღსრულების კონტროლი ევალებათ, ქალაქში უბრალოდ არ ჩანან.
საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 15 ივნისს, №368 დადგენილებით, პირბადის ტარების წესი დაამტკიცა.

დოკუმენტში გაწერილი მუხლები პანდემიის დროს დახურულ საჯარო სივრცეში, ტრანსპორტსა და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარების წესსა და პირობებს განსაზღვრავს.
კანონის მიხედვით, პირბადის გამოუყენებლობის შემთხვევაში ფიზიკური პირი 20 ლარით, ხოლო იურიდიული 500 ლარით ჯარიმდება.

ამავე დადგენილების მეექვსე მუხლის თანახმად, რეგულაციების აღსრულებაზე კონტროლი შემდეგ უწყებებს ევალება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის დანაყოფებს. აღსრულებაში მონაწილეობა მოეთხოვებათ მუნიციპალიტეტებს.

ამ ვალდებულების მიუხედავად, ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი, ეკა გრიგალაშვილი გვეუბნება, რომ რეგულაციებზე მონიტორინგი მათ არ ევალება.

,,თბილისიდან ჩამოდიან და ამოწმებენ ობიექტებს, ჩვენ არ გვევალება კონტროლი"

თბილისიდან ჩამოსულმა ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულმა შრომითი ინსპექციის ჯგუფმა ერთ-ერთი ასეთი შემოწმების დროს ქუთაისში ხუთი სავაჭრო ობიექტი, მათ შორის, სავაჭრო ცენტრი ,,გრანდ მოლი" დააჯარიმა. ობიექტს 10 ათას ლარი თერმოსკრინინგის აპარატის უქონლობის გამო დაეკისრა.

,,შენიშვნის გამოსასწორებლად დროც არ მოგვცეს. თანაც ინსპექცია პატრულის თანხლებით მოვიდა, რაც თავიდანვე ჯარიმის გამოწერის გადაწყვეიტლებაზე მიუთითებდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ქუთაისში შერჩევითი პრინციპით დაგვაჯარიმეს მაშინ, როდესაც აქ მართლაც არავის ვუშვებდით პირბადის გარეშე. ქალაქში კი უამრავი დაწესებულებაა, სადაც პირშიშველი დადიან".

სავაჭრო ცენტრის ხელმძღვანელი ნატო დანელია ჯარიმის გადახდას არ აპირებს და სარჩელი სასამრთლოში შეაქვს.

რა პრინციპით დააჯარიმა მხოლოდ ხუთი ობიექტი შრომითმა ისპექციამ და სულ რამდენი შეამოწმეს, - ამ კითხევბზე პასუხის მისაღებად, ,,ქუთაისიპოსტი" ორი კვირის განმავლობაში ცდილობდა შრომითი ინსპექციის ხელმძღვანელთან, ბექა ფერაძესთან დაკავშირებას. ის სატელეფონო ზარებს ამ დრომდე არ პასუხობს.

დამატებით კიდევ რომელი უწყება ჩამოდის ქუთაისში, ან ავალებს თუ არა ადგილობრივ წარმომადგენლობას ქალაქში რეგულაციების კონტროლს - ეს ვერც ჯანდაცვის პრესსცენტრში გავიგეთ. სატელეფონო ზარებს არც იქ პასუხობენ.

"ქუთაისიპოსტი" საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსაც დაუკავშირდა.

"ჩვენ რა შუაში ვართ?",
- განგვიცხადა უწყების პრესსასახურის თანამშრომელმა ნანა ჩინჩალიკაშვილმა.

გაირკვა, რომ დადგენილებაში გაწერილი ვალდებულებების მიუხედავად, ხუთი სამთავრობო უწყებიდან, კოვიდმონიტორინგს მხოლოდ შრომის ინსპექცია და შინაგან საქმეთა სამინისტრო ასრულებს. საზოგადოების არასერიოზული დამოკიდებულება პირბადის ტარების მიმართ კი ხელს უწყობს ქუთაისში კორონავირუსის სწრაფ გავრცელებას.







Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.