მულტიმედია
სინათლის ფოტოგრაფი (ვიდეო)
FaceBook

ქუთაისელი დავით სინატაშვილი საქართველოში  ერთადერთი ფოტოგრაფია,  ვინც ჯერ ხატავს და კადრს შემდეგ იღებს. ხატავს არა საღებავებით და ფუნჯებით, არამედ სინათლით – ნამდვილი და გამოგონილი, სახელდახელოდ შექმნილი, თუ მიგნებული ფერით.

''ერთია, როცა ფოტოგრაფი ხარ და კადრს იღებ, მაგრამ მეორე, როცა ამ კადრს სინათლით ხატავ. ფერებს იმით ვქმნი, რაც მოგეპოვება,  საახალწლო განათებით, ფერადი ლენტებით, შუქ – ჩრდილებით, ანარეკლებით. ხელოვნებაც ხომ შუქ –ჩრდილების თამაშია“,  –  თამამი ექსპერიმენტებისა და  ამოუწურავი ფანტატზიის მეშვეობით, დავით სინატაშვილის ობიექტივში უბრალო ყოფითი ნივთებიც არტად იქცევა.

 


დავითმა ფოტოგრაფიაში თავი 14 წლიანი საბანკო გამოცდილების შემდეგ აღმოაჩინა, რაც მიხვდა, რომ წარმატების მიუხედავად, ციფრებთან ურთიერთობა ვერ ავსებდა.

სინათლის ფოტოგრაფის მთავარი ინსპირაციის წყარო, ძირითადად ჭიქებია


'' სინათლით ხატვის დროს გადაღებულ კადრს, თითქმის არასდროს სჭირდება ფოტოშოპი, შუქებიც ბუნებრივად ლამაზი გამოდის", – სასურველი ფოტოს მისაღებად ფოტოგრაფს ზოგჯერ  ერთი კადრიც ჰყოფნის, ზოგჯერ არა. თანაც ამ ყველაფერს მარტო აკეთებს. ერთადერთი, რაც სინათლით ხატვაში ეხმარება – თავად სინათლეა.



''არასდროს ვცდილობ რაიმე შინაარსი ჩავდო ფოტოში, ვხატავ და ვიღებ ფერებს, დანარჩენი თავად მნახველმა დაინახოს, ისე როგორც სურს". დავითს მიაჩნია, რომ კარგი კადრის საიდუმლოც თავისუფლებასა და  სიმარტივეშია. თავის ნამუშევრებს ჯერ-ჯერობით მხოლოდ სოციალურ ქსელში უზიარებს მნახველს. ამ დრომდე, სინათლით ხატვით კი 500-მდე ფოტო გადაიღო.
Print