მულტიმედია
ბავშვები პანდემიის ეპოქიდან „ჯადოსნობის“ მოლოდინში
FaceBook

სულ ერთად არიან ნია და თინა. ნია ნამდვილი გოგონაა, თინა მისი ჯადოსნური თოჯინა, –  პირველი და ნანატრი სათამაშო, ,,ბატონების დაბრძანებისთანავე“ რომ აჩუქეს მეზობლებმა.


ნიას მეგობარი თინა


ბავშვობის გარდა, არაფერია ჯადოსნური სახლში, სადაც ოთხი წლის ნია კიდევ ოთხ მცირეწლოვან და–ძმასთან ერთად ცხოვრობს. ჯადოსნობისგან შორსაა ის მარტივი სურვილებიც, რომლის ახდენასაც დანარჩენები ელიან. ბავშვები, რომელთა  სამყარო მხოლოდ ალისუბნის მოუხრეშავ გზებსა და ეზოს შორის მოქცეული სივრცეა, პარკებისა და ატრაქციონების ნახვაზე ოცნებობენ. ლუკა და ნიკა ველოსიპედს ნატრობს, დალი და ლიკა კომპიუტერს. ეს უკანასკნელი კოვიდ-19 გავრცელების შემდეგ ახალი საჭიროება გახდა ბავშვებისთვის სხვა თანატოლებვით რომ ონლაინ იმეცადინონ.

,,კომპიუტერი რომ ვიყიდოთ, ჯერ უნდა დავაგროვოთ. რომ დავაგროვოთ მაშინ ჯერ ორი თვე მაინც უნდა ვიშიმშილოთ“, –  ზიტა მცირეწლოვნების დედაა. პანდემიის ეპოქის შემდგომ, რთულ პირობებში დარჩენილი ქალი, რომლის ყოველდღიური არჩევანი ოჯახის გამოკვებაზე გადის.

,,სოფლის ყველა მაზაღიის ნისიების რვეულშია ჩვენი გვარი. დიდი ხანია ხორცი არ მიყიდია ბავშვებისთვის. ბრინჯი, გრეჩიხა, მაკარონი, კვერცხი, ძეხვი. იმის მიხედვით მოგვქავს, რაც უფრო იაფია.“


მძიმე შრომით მოპოვებული და კაპიკებად გაყიდული მოსავლიდან, შვილების ნატვრის ასახდენად ხურდა არც მამას რჩება.

,,პატარა მიწის ნაკვეთზე სიმინდი მოგვყავს და იმას ვყიდით. ადრე ძროხაც გვეხმარებოდა. კარგად იწველებოდა, ყველსაც ვამზადებდით. ახლა ისიც გაშრა.“

პანდემიის შემდეგ, ოჯახმა ვერც მარაგად მორჩენილი ფქვილი გაიტანა ბაზარზე გასაყიდად.


რობაქიძეების ოჯახი




სოციალურად დაუცველი, შვიდსულიანი ოჯახი თერჯოლის
სოფელ ალისუბანში ცხოვრობს. ძველი სახლის ზოგ ოთახს კარი აქვს, ზოგს კი არა. ისევე როგორც ფანჯრებს მინები. 


ამორტიზებულია ვერანდებიც, რომელიც
ჩამონგრევის საფრთხეს ქმნის.



ნახევრადდანგრეული აივნების იქეთ ცარიელი ოთახებია. ბავშვებს საკმარისი საწოლებიც არ აქვთ.






კარადა და ძველთაძველი მაგიდაა ოჯახის მთელი სიმდიდრე.
ერთადერთი ტექნოლოგიური სიახლე კი განვადებით შეძენილი ტელევიზორია. 



ტელევიზორში უყურებენ ბავშვები საოცნებო ქალაქებს, ადგილებს და ნივთებს. როცა რეალობა მათ ეზოში აბრუნებს, იმით თამაშობენ რაც აბადიათ: ფურცლებით, კალმებით, ჯოხებით და ძველი სამბორბლიანი ველოსიპედით.




როგორ
წვდება სახელმწიფო სოციალურად
დაუცველების საჭიროებებს


რობაქიძეების ერთადერთი და სტაბილური შემოსავალი ყოველ თვეში 450 ლარია.

ეს სოციალურად დაუცველთა, ასევე მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების სახელმწიფო პროგრამებიდან ჯამში გაცემული  თანხაა. კიდევ, წელიწადში ერთხელ,  ერთჯერადად, 150 ლარით ეხმარება რობაქიძეებს ადგილობრივი  თვითმმართველობა. ეს არის მაქსიმუმი, რასაც სოციალურად დაუცველები ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებისგან იღებენ.


ალისუბნის თემის დეპუტატი ბადრი ბუცხრიკიძე ირწმუნება, რომ რობაქიძეების პრობლემებს კარგად იცნობს და არც ყურადღებას აკლებს.


,,ვიცი მათი გასაჭირი და პანდემიის დაწყების შემდეგ ორჯერ მივუტანეთ პროდუქტები,“
– სოციალურ სიდუხჭირეში მყოფებისთვის სახელმწიფო პროგრამებით გაცემული თანხა რომ არასაკმარისია, ამას დეპუტატიც ამბობს.


,,ზოგჯერ პირადადაც ვეხმარები რითაც შემიძლია. მაგალითად, წყლისა და ელექტროენერგიის პრობლემები ჰქონდათ და დავეხმარე.“

ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან გაწეულ დახმარებებზე რობაქიძეებიც  მიუთითებენ, თუმცა ეს მათ მდგომარეობას მნიშნელოვნად ვერ აუმჯობესებს.


ბავშვები სიღარიბეში

UNICEF-ის 2017 წლის მონაცემებით, საქართველოში ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაიზარდა. 16 წლამდე პირების 6.8%, დაახლოებით 53.4 ათასი ბავშვი, უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. მათი დღიური მოხმარება 1.25 დოლარზე ნაკლებია.

UNICEF-ის კვლევის შემდეგ,  ხელისუფლებამ 16 წლამდე პირებისთვის, ფულადი სოციალური დახმარება, დანამატის სახით  2019 წლის 1 იანვრიდან 10 ლარიდან 50 ლარამდე გაზარდა. ამის მიუხედავად, მრავალშვილიან ოჯახებში სიღარიბის დონე კვლავ მზარდია.

გაეროს ბავშვთა ფონდში მიაჩნიათ, რომ პანდემიის შემდგომ საქართველოში ბავშვები უფრო მეტად დგანენ სიღარიბის საფრთხის წინაშე, ვიდრე მოსახლეობის სხვა რომელიმე ჯგუფები.

,,პანდემიურ ვითარება კიდევ უფრო მძიმედ აისახებოდა სოციალურად დაუცველ ოჯახებში, სადაც ბავშვები იზრდებიან. სახელმწიფომ უნდა შექმნას ისეთი სისტემა, რომელიც მათ დაეხმარება ამ სიტუაციიდან ამოსვლაში და არ დარჩებიან სიღარიბის ხაფანგში," - ამბობს გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციების პროგრამების დირექტორი მაია ქურციკიძე. მისივე თქმით, ბავშვთა ფონდში ამჟამად მიმდინარეობს კვლევა, რომელიც იმას შეისწავლის, თუ როგორ აისახა სიღარიბეში მცხოვრებ ბავშვებზე პანდემია. 

***

ნია ოთხი წლისაა. ნიას თინა სულ ორი თვის. და – ძმები: რვის, ცხრის, ცამეტის და თოთხმეტის. სიღარიბეში მცხოვრები პატარები დიდი ხანია ოცნებების ახდენას ელიან. ამჯერად, ,,ჯადოსნური ბატონების“ გარეშე.  ნამდვილი ადამიანების ხელით, რაც არანაკლებ ჯადოსნურად ჟღერს რთულ, პანდემიურ ეპოქაში.

რობაქიძეების მცირეწლოვნების ოცნებების ასახდენად თანხის ჩარიცხვა მსურველებს შემდეგ ანგარიშის ნომერზე შეუძლიათ:


GE02LB0211122259192000 ლიბერთი ბანკი 

მიმღები ზიტა ბრეგვაძე

 

Print