მულტიმედია
მემორიალურ დაფაზე გამქრალი აგვისტოს ომის გმირების ისტორია (ფოტო/ვიდეო)
FaceBook

ფიქრით ყოველთვის იმ დღეს უბრუნდება, როდესაც მეუღლეს, კაპიტან ვეფხია ჯიშკარიანს, უკანასკნელად ელაპარაკა.


11 აგვისტოს დილით დაურეკა, კარგად ვართ, ვერთობითო, ეხუმრა ვეფხია მეუღლეს.

11 აგვისტოს უკანასკნელად  ესაუბრა კაპრალ ირაკლი ჯანელიძეს მამა, ვაჟა ჯანელიძე. პუტინის თავს ჩამოგიტანო, შეჰპირდა ირაკლი. შენი ჩამომიტანე, მირჩევნიაო, სთხოვა მამამ.


ვეფხია  და ირაკლი, 20 თანამებრძოლთან ერთად, ამ დროს სოფელ შინდისს უახლოვდებოდნენ.


რამდენიმე საათში, შინდისთან სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის სამხედროების  კოლონა რუსი ოკუპანტი ჯარის ალყაში მოექცევა. პირველ და ბოლო მანქანას ყუმბარა ააფეთქებს. მხოლოდ  ავტომატებით შეიარაღებული ქართული ოცეული რუსულ ასეულს დიდ წინააღმდეგობას გაუწევს. უკან არ დაიხევს, არ დანებდება.


ალექსანდრე ონიანი დაჭრილ ნათლულთან, რომან ზოიძესთან ერთად თავს აიფეთქებს, ტყვედ არ ჩაბარდება. მოგვიანებით გაირკვევა, რომ ამით სიცოცხლეს შეუნარჩუნებენ ქართველ ჯარისკაცებს, დიდ დანაკარგს მოუტანენ მტერს და რუსულ ჯარს ბრძოლის გაგრძელების შესაძლებლობას საათნახევრით გაუქრობენ.


მანამდე, სხვა მებრძოლი, კაპრალი  ირაკლი ჯანელიძე, რომელიც სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის კავშირგაბმულობის ასეულიდან იყო, მტრის შესაძლო ჩასაფრების შესახებ თავისი ასეულის გაფრთხილებას მოასწრებს. ესეც მოგვიანებით გაირკვევა.


კიდევ უფრო ადრე, გამნაღმველი ვეფხია ჯიშკარიანი, მისი ყველაზე სახიფათო პროფესიის წყალობით, ასობით სიცოცხლეს იხსნის.


შინდისთან  ბრძოლა 17 მებრძოლს შეიწირავს და 17 გმირს შობს.


ქუთაისელი ვეფხია ჯიშკარიანი და ირაკლი ჯანელიძე ორი მათგანია.


ვეფხია 40 წლის იყო, ირაკლი - 21-ის.


ორივეს მანქანა რუსული ჯარის ყუმბარამ ააფეთქა. ირაკლის იდენტიფიცირება მოხერხდა, ვეფხიასი - არა. ოთხი თვე სურათით ხელში, შინდისის მიმდებარედ, სოფელ-სოფელ ეძებდა ირმა ტაბატაძე მეუღლის ცხედარს. კვალს ვერსად მიაგნო. ძებნას ოჯახი დღემდე არ წყვეტს და არც იმედს კარგავს.


37 წლის კაპრალი დიმიტრი ჯაილოვი, 2008 წლის 8 აგვისტოს გამთენიისას, სენაკის გზაზე დაიღუპა. მისი მანქანაც რუსულმა ყუმბარამ ააფეთქა.  ამ დროს დაჭრილები გადაჰყავდა.


ჯაილოვების ოჯახიდან ქართულ ჯარში ორი ძმა იბრძოდა. იმ დღეს გიორგიც დიმიტრის გვერდით იყო, მაგრამ დიმიტრიმ უმცროსი ძმა  სახიფათო გზაზე არ გაიყოლა. აიძულა ნაწილში დარჩენილიყო. თავად გავიდა და რამდენიმე მეტრში, ძმის თვალწინ აფეთქდა.


ჯაილოვების ოჯახიდან სამშობლოსთვის შეწირული მსხვერპლი ამით არ ამოწურულა. დიმიტრი ჯაილოვის სიმამრი, ამირან მჭედლიშვილი, რომელიც გორთან, სოფელ ნიქოზში  ცხოვრობდა, რუსულმა ტანკმა საკუთარ ეზოში მოკლა.

ექვსი თვე იყო ეზოში დაკრძალული, სანამ შვილები არ შეიპარნენ და სოფლის სასაფლაოზე არ გადაასვენეს.


დღეს ტერიტორიას რუსული ჯარი აკონტროლებს. ოჯახის წევრები ვეღარც საფლავზე გადიან.  მცოცავმა ოკუპაციამ მიწებთან ერთად, ოჯახს მიცვალებულიც წაართვა.


აგვისტოს დღეებმა ბევრი რამ შეცვალა ჯაილოვების ოჯახში, ბევრი რამ გადააფასა  და ბევრი დააფასა.


ჯაილოვები და აგვისტოს ომში დაღუპულთა სხვა ოჯახები, პირველ რიგში, მსხვერპლის ფასს ითხოვენ, რომელიც უკეთესი აწმყოს და კიდევ უფრო უკეთესი მომავლის შენებას გულისხმობს. ღირებულებას, რომელიც საზღვრების სიმყარით, სახელმწიფო სუვერენიტეტის ხელშეუხებლობით, კონსტიტუციის დაცვით, საკუთარი მოქალაქეების სოცოცხლისა და უფლებებისთვის უმაღლესი ღირებულების მინიჭებით გამოიხატება.


დღეს ისინი ამ ფასს ვერ ხედავენ. სახელმწიფო დიდ და გადაუხდელ ვალში რჩება ოჯახებთან, რომლებმაც ყველაფერი გაიღეს, რაც ერთმა რიგითმა ოჯახმა ქვეყანას შეიძლება მისცეს.



ციალა ჯაილოვასთვის, დიმიტრის დედისთვის, განსაკუთრებით რთული იყო რუსი დეპუტატის, გავრილოვის ხილვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე.  კიდევ უფრო რთული, ივნისის მოვლენებისთვის თვალის დევნება.


„ძალიან მძიმე იყო 20 ივნისი, ამდენი ახალგაზრდა დაზარალდა. რამდენი  ბავშვი დაინვალიდდა, არ იყო საკმარისი ის მსხვერპლი, რაც რუსეთმა საქართველოს დამართა, კიდევ ამ ბავშვების სისხლი რომ არ მიემატებინათ?! ყველა დედის გულში ვიხედები, ვინც იქ დაშავდა, მაგრამ ისინი მაინც ბედნიერი დედები არიან, რადგან ცოცხლები ჰყავთ შვილები“.


ციალა ჯაილოვა მისი შვილის მიერ გაღებული მსხვერპლის შედეგს ითხოვს.


„ამდენის სისხლი  ტყუილად ნუ დაიღვრება, მთავრობას ვთხოვ, ისე გააკეთონ, რომ ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვროთ, ვნახოთ იმ დიდი მსხვერპლის შედეგი.  ეს ჩვენი შვილების სისხლი იღვრება მარტო. მათი შვილების ხომ არ იღვრება?! იფიქრონ, წარმოიდგინონ, ხომ შეიძლება მათი შვილებიც ყოფილიყვნენ და შემთხვეოდათ ასეთი რამ,  ხომ ინერვიულებდნენ?! ხომ მძიმე იქნებოდა მათთვის?! ამიტომ, ისე მიუდგნენ საქმეს და ქვეყანას, რომ დაფასდეს იმ ბიჭების სისხლი და ნორმალურ საქართველოში იცხოვრონ ახალგაზრდებმა“.


დაუფასებლობაზე საუბრობს ირაკლი ჯანელიძის მამაც. მისი თქმით, გულგრილობა  2008 წლის ომში დაღუპულთა მემორიალის მიმართ ქალაქის დამოკიდებულებაშიც გამოიხატება.

ირაკლი ჯანელიძე



დაღუპულთა ოჯახის წევრები  ადგილობრივ ხელისუფლებას სრულ უყურადღებობას საყვედურობენ.


„26  მაისს რომ არ გაახსენდება ხელისუფლებას  სამშობლოსთვის დაღუპულ სამხედროთა ოჯახები, ამის მერე რაღა უნდა თქვა?!“ - აღნიშნავს ვაჟა ჯანელიძე.


თავდაცვის სამინისტროს მიერ “ქუთაისიპოსტისთვის” მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრები, 2014 წლიდან იღებენ ყოველთვიურ კომპენსაციას,  რომელიც თავდაპირველად თვეში 500 ლარით, ხოლო 2015 წლიდან თვეში 1000 ლარით განისაზღვრა. სამინისტრო დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის დღესასწაულებზე სხვადასხვა გასართობ ღონისძიებებს მართავს და ბავშვებს ასაჩუქრებს. მნიშვნელოვან თარიღებზე (ახალი წელი, დედის დღე, ქალთა საერთაშორისო დღე, აღდგომა, აგვისტოს კვირეული)  ოჯახის წევრებს ერთჯერად ფულად კომპენსაციას აძლევს.

 

გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი გორსა და ქუთაისში, 2008 წლის აგვისტოს ომსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებს უფასო სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფს.

აგვისტოს ომში დაღუპული ადამიანების ოჯახის წევრებისთვის იმ დღეებმა ყველაფერი შეცვალა. სხვა დრო და მოლოდინი ჩართო, მათი  ოჯახის გმირი წევრების სახელით, ქვეყნის მიმართ მეტი მგრძნობელობა, მეტი პასუხისმგებლობა გააჩინა.

---

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაიჭრა და დაშავდა 2 232 ადამიანი, მათ შორის 1045 სამხედრო მოსამსახურე. ქუთაისში აგვისტოს ომის რვა გმირის ოჯახი ცხოვრობს.


ავტორები: ეკა კუხალაშვილი; თეკლე მორგოშია

Print