ახალი ამბები
გეგუთის ციხეში მოკლული პატიმრის საქმეზე მსჯავრდებულები დამნაშავედ ცნეს
FaceBook
გეგუთის ციხეში,  პატიმრის, გიგა ფარტენაძის  მკვლელობის საქმეზე ბრალდებულები -შოთა შანიძე, გიორგი სეხნიაშვილი და ლევან მოისწრაფიშვილი,  ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. განაჩენის გამოცხადებას მხოლოდ ერთი მსჯავრდებული, შოთა შანიძე დაესწრო.

მოსამართლეთა კოლეგიამ უცვლელი დატოვა პირველი ინსტანციის განაჩენი, რომლის მიხედვითაც,  მოისწრაფიშვილს 9, სეხნიაშვილს 11, ხოლო შანიძეს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი. 

სხდომაზე  შანიძემ საბოლოო სიტყვა წარმოთქვა. მან პროკურატურა ზეწოლაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ იგი სახელმწიფომ თანამშრომლობის სანაცვლოდ დასაჯა.


"მე, რომელიც ვიყავი თქვენი "აგენტი" და ეს სისხლის სამართლის საქმე გაგახსნევინეთ, ახლა მსჯით. მსჯით იმის გამო, რომ საქმეში არამხოლოდ უშუალო მკვლელები, არამედ მკვლელობის დავალების გამცემი პირებიც ვამხილე, რომელთა გვარებიც თქვენ აღარ მოგეწონათ, რადგან ისინი ციხის ადმინისტრაციის უმაღლეს პირებს წარმოადგენდნენ. მსჯით იმ საქმის გაკეთების გამო, რასაც თავად მავალებდით. თქვენ გაწირეთ ფაქტობრივად თქვენი თანამშრომელი და გაძლევთ პირობას, თითოეული თქვენგანი ამის გამო პასუხს აგებს", - მიმართა შანიძემ ბრალდების მხარეს.

იგი საქმის პროკურორს, დავით ცირეკიძეს პირადად დაემუქრა ხელბორკილების დადებით.  მსჯავრდებულმა პროცესზე,  ასევე,  ისაუბრა პროკურატურის მაღალჩინოსნების ბრალეულობაზე და განაცხადა, რომ მას თანამშრომლობის სანაცვლოდ ანაზღაურებასაც აძლევდნენ.
შანიძემ პროცესზე მის მიმართ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების სახელით ფსიქოლოგიურ ზეწოლაზეც ისაუბრა. თქვა, რომ მის ოჯახს დაცვა მოუხსნეს და მისი ლიკვიდაციის საფრთხეც არსებობს

შოთა შანიძე გიგა ფარტენაძის მკვლელობის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობდა პროკურატურასთან და მათი უშუალო დავალებით ფარულ აუდიო -ვიდეო ჩაწერას ახორციელებდა როგორც მსჯავრდებულების, ასევე, მათი ოჯახის წევრებისა და ადვოკატების მიმართ.

შოთა შანიძე ოთხი წელია სასჯელს სამარტოო საკანში იხდის. მისი თქმით, მან ბოლომდე ითანამშრომლა პროკურატურასთან, თუმცა, სანაცვლოდ ზეწოლა და დაშინება მიიღო.



24 წლის გიგა ფარტენაძე გეგუთის ცეხეში 2014 წლის 4 მარტს, ცემით მოკლეს. გამოძიების ინფორმაციით,  საკანში მყოფ მსჯავრდებულებს: შოთა შანიძეს, ლევან მოისწრაფიშვილს, გიორგი სეხნიაშვილსა და გიგა ფარტენაძეს შორის დაწყებული სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შანიძემ, სეხნიაშვილმა და მოისწრაფიშვილმა გიგა ფარტენაძე იატაკზე წააქციეს, რა დროსაც მან გონება დაკარგა და წინააღმდეგობის გაწევა ვეღარ შეძლო. მიუხედავად ამისა, ისინი აგრძელებდნენ სასტიკ ძალადობას, კერძოდ, გულმკერდის, კისრისა და სახის არეში ხელებითა და ფეხებით სცემდნენ და თავს ბეტონის იატაკზე არტყმევინებდნენ.

მომხდარში თავს დამნაშავედ არ ცნობს შოთა შანიძე და ამბობს, რომ ჩხუბის დროს იგი მხოლოდ გამშველებლის როლში იყო.

ამავე თემაზე: 


"საქმის ჩაფარცხვას ცდილობენ" - გეგუთის ციხეში პატიმრის მკვლელობაზე მსჯავრდებულის ადვოკატი

მსჯავრდებული, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, კვლავ უგონო მდგომარეობაშია

გეგუთის ციხეში მოკლული გიგა ფარტენაძის საქმეზე მსჯავრდებულმა თვითმკვლელობა სცადა

გეგუთის ციხეში მოკლული გიგა ფარტენაძის საქმეზე მსჯავრდებულმა, დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
15:21 / 19.04.2024
"ოქროს ჩარდახის“ რეაბილიტაცია, რომლის პროექტმაც საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია, დასრულდა.
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.
14:08 / 19.04.2024
საქართველოში ოფშორების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური წელს გახდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.