ახალი ამბები
იმერეთში აწყობილი ავტო-სასტუმრო ტურისტების მოლოდინში (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისელმა გიგა ფაღავამ თვითიზოლაციაში ყოფნის დროს სახლში ჯდომას, სახლით მოგზაურობა არჩია.
ახალგაზრდა ბიზნესმენმა ბორბლებზე შემოდგმული "ოთახი" ამოქოქა და მაღალმთიანი აჭარა, შემდეგ კი ცხრაჯვარი მოიარა.

თუმცა, იმერეთში პირველი ავტო-სახლი თავისთვის არ აუწყვია. სამოგზაურო სასტუმროს გაქირავებას და ამ გზით ტურისტული ბიზნესის წარმოებას ფიქრობს. დარწმუნებულია, "ავტო-სახლზე" დიდი მოთხოვნა იქნება.

ფურგონიანი ავტომობილის სახლად გადაკეთების იდეა სოციალურ ქსელში ნანახმა ვიდეომ გაუჩინა. კლიპის ავტორი "კემპერით" მოგზაურობის საკუთარ ისტორიას ჰყვებოდა.

გიგამ ავტომობილი ნიდერლანდებში, 2019 წელს შეიძინა, საქართველოში ჩამოიყვანა და მამასთან ერთად, მის სახლად გადაკეთებას შეუდგა. საკუთარი იდეა თავად დააფინანსა, მანქანის სახლად გადაკეთება კი მამის, "ჯადოსნობას" ანდო. მან გიგას სურვილი რეალობად სამ თვეში აქცია.

ავტო-სახლში ერთი საძინებელი ოთახი და სამზარეულოა. უკვე გაყვანილია წყლის სისტემა და ელექტროსადენები, მალე დამონტაჟდება აბაზანა და მაცივარი. მამა-შვილმა თერმოიზოლაციაც გააკეთა, რის გამოც ავტო-სახლით მოგზაურობა ზაფხულშიც და ზამთარშიც ერთნაირად კომფორტულია.




ფოტოები მოწოდებულია გიგა ფარავას მიერ


"ავტომობილის უკანა ნაწილი მთლიანად დავშალეთ, გავუკეთეთ ახალი ელექტრო და წყლის სისტემა, თბოიზოლაცია, მეტალის ჩარჩო. მანქანაში გვაქვს 100 ლიტრის მოცულობის წყლის ავზი, ონკანი, დიზელის გამათბობელი და ვენტილაციის სისტემა".



ფურგონიანი მანქანის სახლად გადაკეთების პროცესში ყველაზე რთული ნაწილების მოძიება იყო, თუმცა, მამა-შვილმა საბოლოოდ მაინც მოახერხა ყველა საჭირო დეტალის შეგროვება და გამოწერა.

პანდემიამდე გიგამ ავტო-სასტუმრო საირმესა და რაჭაში მოგზაურობით გამოსცადა.





"კემპერი" საშუალო და მაღალშემოსავლიან ტურისტებზეა გათვლილი, რომლებიც თავგადასავლებს ეძებენ. ის გიდის და მძღოლის გარეშე ქირავდება და დღიური ფასი 105 ევროს შეადგენს.

"ტურისტი თავად იქნება გიდიც და მძღოლიც"".

გიგა 26 წლისაა. უკვე... წელია ტურისტულ ბიზნესშია, აქვს თავისი სააგენტო და მუშაობს გიდად. სასტუმრო ბორბლებზე მისი ბიზნესის ახლი მიმართულებაა, რომლის შესახებაც ინფორმაცია ინტერნეტში უკვე განათავსა. პანდემიამ ისიც დააზარალა. კორონავირუსის ეპიდემიამდე ევროპიდან და აზიიდან ჩამოსული ტურისტები ექსკურსიებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით დაჰყავდა.

"ექსკურსიებს ვაკეთებდით აჭარაში, სვანეთში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთში, თბილისში და ყაზბეგში, თითქმის ყველგან ".

მიუხედავად იმისა, რომ ივლისიდან საქართველო ტურისტებისთვის გაიხსნება, ავტო-სასტუმრო ჯერ არავის დაუჯავშნია. ამის მიუხედავად, უკვე ფიქრობს მეორე ავტო-სასტუმროს აწყობას. ეს უკვე 2021 წლის გეგმაა.

ონლაინ ჯავშნების პორტალის, Airbnb-ის მონაცემების მიხედვით, 2019 წელს იმერეთში ღამე 7220 ადამიანმა გაათია, რაც 2018 წლის მონაცემებთან შედარებით, 18 %-ით მეტია. პანდემიამ ეს რეალობა სრულიად შეცვალა, თუმცა გიგა დარწმუნებულია, რომ ახალ გამოწვევას მომზადებული ხვდება და მისი ავტო-სასტუმრო წარმატებას მოუტანს. პირველი ტურისტი კი, მისი ვარაუდით, პოლონეთიდან ეყოლება.




Print