ახალი ამბები
მსახიობების პროტესტი ექიმის ხალათებით
FaceBook
ქუთაისში,  ლადო მესხიშვილის თეატრის მსახიობებმა,  საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართეს.

მსახიობებმა ექიმის ხალათები მოირგეს და ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობა გამოუცხადეს. 

"სოლიდარობას ვუცხადებთ ვაჟა გაფრინდაშვილს. ვგმობთ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეზე ძალადობას, განსაკუთრებით იმ მოქალაქეებზე, რომლებიც თავიანთ ტერიტორიაზე გადაადგილდებიან და ამას უკრძალავენ. თვით ზნედაცემული "ბაევიკები", რომლებიც აფხაზეთში გვებრძოდნენ, 5 ლარზე იყიდებოდნენ და მეორე წუთში იმ მხარეს ისროდნენ, საიდანაც რამდენიმე წუთის წინ იბრძოდნენ, ისინიც კი არაფერს ერჩოდნენ ექიმს.  ექიმი ომშიც და მშვიდობაშიც ხელშეუხებელი იყო. სოლიდარობა ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს და მთლიანად სამედიცინო სამყაროს'', - ამბობს მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი კოტე აბაშიძე.

თბილისში მცხოვრები და მომუშავე ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში, რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, მიმდინარე წლის 9 ნოემბერს დააკავეს. თუმცა ექიმი საზღვრის გადაკვეთის ბრალდებას არ აღიარებს და ამბობს, რომ ის ქართულ მიწაზე იმყოფება.

დაკავებულ ქართველ ექიმს, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. იგი ამჟამად ცხინვალის იზოლატორში იმყოფება.

ვაჟა გაფრინდაშვილი საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი და კლინიკა „მედი ქლაბის“ წამყვანი სპეციალისტია. კონფლიქტის ზონაში იგი, სავარაუდოდ, ავადმყოფის დასახმარებლად ჩავიდა.
Print