ახალი ამბები
რელიგიური უვიცობა თუ რჯულის კანონის დამცველნი
FaceBook

თეოლოგი გოჩა ბარნოვი სამტრედიაში გარდაცვლილი ახალგაზრდისთვის წესის აგებაზე უარის თქმას, სასულიერო პირების რელიგიური გაუნათლებლობით ხსნის.



მისი თქმით, მომხდარი ადასტურებს, რომ ისინი საკითხს არასწორად აღიქვამენ და დიდი სჯულის კანონის დაცვა, რაზეც ისინი აპელირებენ, სინამდვილეში არაფერ შუაშია.


„მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისინი არიან უვიცები. "გირჩი“  არის პოლიტიკური პარტია და მისი ქვეგანყოფილებაც „ბიბლიური ორგანიზაცია“  არ  არის რელიგიური. ყველამ ვიცით, რომ ადამიანები იქ წევრიანდებიან კანონების საწინააღმდეგოდ ე.წ. ტრიუკების გასაკეთებლად. მათ თქვეს, რომ არანაირი რიტუალი არ სრულდება, არ ითხოვენ აღმსარებლობის დატოვებას და  მხოლოდ იმიტომ, რომ ახალგაზრდა ასეთ ორგანიზაციაში გაწევრიანდა,  წესი არ უნდა აუგონ? ინტერნეტში გამოჩნდა  დოკუმენტები, სადაც ჩანს, რომ  ჩვენს პარტიარქს აგებული აქვს წესი ანდროპოვისთვის, რომელიც იყო კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი და ეკლესიის  მტერი, ზუსტად ამ დღეებში სტალინს გადაუხადეს პანაშვიდი გორში. ასეთ ადამიანებს უგებდნენ წესს და უარს ამბობენ ახალგაზრდისთვის ამ რიტუალის ჩატარებაზე. ასეთი ქმედებებით,  სულ მალე საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია თავად  ჩამოყალიბდება სექტად, ამას ვამბობ მთელი პასუხისმგებლობით“, - აცხადებს გოჩა ბარნოვი.


მისი თქმით, ბევრი ეკლესია, მათ შორის საბერძნეთის,  შემწყნარებელია თვითმკვლელების მიმართაც და ქართული ეკლესიისგან განსხვავებით, უარს არ ამბობს მათთვის წესის აგებაზე, რადგან ზუსტად არავინ იცის რა მდგომარეობაში იყო ადამიანი, როცა თავი მოიკლა.


„წესის აგებაზე უარის თქმით, ჩვენ უარს ვეუბნებით  ოჯახს ნუგეშისცემაზე“– მიიჩნევს მამა ნექტარიოს მჭედლიძე, რომელიც მზადაა  ოჯახის სურვილის შემთხვევაში, მიცვალებულს წესი აუგოს. მამაო ამბობს, რომ ეს რიტუალი არავისთვის არის ცხონების გარანტია, მაგრამ ასეთ დროს ჭირისუფლისთვის ეს ერთგვარი ნუგეში და იმედია. შესაბამისად, რა აღმსარებლობისაც უნდა იყოს გარდაცვლილი, მისთვის წესის აგება სასულიერო პირისთვის უპატიებელი შეცდომა ვერ იქნება. მით უფრო, რომ სამტრედიაში გარდაცვლილი ახალგაზრდა პოლიტიკური ორგანიზაციის წევრი იყო და არა რომელიმე რელიგიური იდეოლოგიის მქადაგებელი. სასულიერი პირი ამბობს, რომ  მეორეს მხრივ, მართლმადიდებლური ეკლესიისთვის არ უნდა იყოს უმნიშვნელო ის ფაქტი, თუ ვინ აუგებს წესს ქრისტიანს.


„ის პოზიცია, რომ  მოვიდეს „გირჩი“ და აუგოს წესიო, არის მიუღებელი, რადგან პირველ  რიგში მართლმადიდებლური ეკლესიისთვის უნდა იყოს მნიშვნელოვანი ვინ აუგებს ქრისტიანს წესს. ეს ბიჭი ხომ არ იყო რომელიმე იდეოლოგიის მქადაგებელი? არ შეურაცხყოფდა და არ დევნიდა ქრისტიანებს. მაშინ რა დააშავა ასეთი? ის უბრალოდ იყო პოლიტიკური პარტიის სტრატეგიის მსხვერპლი, რომელმაც მის  ოპონენტებთან ბრძოლის ასეთი მეთოდი აირჩია. გამოიყენა კონსტიტუცია და ახალგაზრდებს ამ  ორგანიზაციაში გაწევრიანების შემთხვევაში ვეღარ იწვევენ ჯარში. ეს საბოლოო ჯამში არის სახელმწიფოს პრობლემა თუ რატომ არ უნდათ ახალგაზრდებს ჯარში წასვლა“, – ამბობს მოძღვარი ნექტარიოს მჭედლიძე.


მისი თქმით,  არასწორი შეფასებაა ის, რომ  „გირჩის“ მიერ შექმნილ ორგანიზაციას „ბიბლიური თავისუფლება“, რომელიც ახალგაზრდებს ჯარიდან თავის დაღწევის საშუალებას აძლევს, სექტად მიიჩნევენ. მამაო თვლის, რომ  მიცვალებულისთვის წესის აგებაზე უარის თქმის მოტივად ეს შეფასება არ  გამოდგება.


„ეს არ არის სექტა. მათ არ აქვთ არავითარი რელიგიური მოძღვრება და არ ეწევიან ქადაგებას. ეს არის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც ამ ფორმით დასცინის ღმერთს. ამიტომ, ვთვლი, რომ ამ ტრაგიკულ ფაქტზე, რაც სამტრედიაში მოხდა, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს „გირჩმა“, – ამბობს მოძღვარი.
ნექტარიოს მჭედლიძე ქართული ეკლესიის იურისდიქციაში არ შედის, რადგან  უკრაინისა და საბერძნეთის ეკლესიაში მსახურობს.



სამტრედიაში, 24 წლის ახალგაზრდას, რომელიც ავტოავარიაში გარდაიცვალა, ადგილობრივმა სასულიერო პირებმა წესის აგებაზე უარი უთხრეს. მიზეზად მისი პოლიტიკური ორგანიზაცია „გირჩის“ მიერ დაფუძნებული „ბიბლიური თავისუფლების“ წევრობა გახდა.

სოფელში ამბობენ, რომ სასულიერო პირებს „გირჩის“ წევრებისთვის წესის აგება ხონი-სამტრედიის მიტროპოლიტმა, საბა გიგიბერიამ  აუკრძალა.
მეუფემ განაცხადა, რომ სჯულის კანონით მართლმადიდებლური ეკლესიის წევრებს არ აქვთ უფლება "ბიბლიური თავისუფლების" წევრებს წესი აუგონ.

მოგვიანებით, მეუფე საბამ  ამ საკითხზე დამატებითი განმარტებების გაკეთება აღარ ისურვა.

„დავასრულე ამ თემაზე ლაპარაკი“, - გვითხრა მეუფემ.


24 წლის ახალგაზრდა წესის აგების გარეშე უკვე დაკრძალეს.

გარდაცვლილისთვის შესაბამისი რიტუალის ჩატარებაზე სინოდის უახლოეს სხდომზე იმსჯელებენ.

Print