ახალი ამბები
სკოლებში უსაფრთხოების დაცვას საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს
FaceBook
სკოლებში უსაფრთხოების მონიტორინგში საპატრულო პოლიცია ჩაერთვება, - ინფორმაციას ამის შესახებ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ხორავას ქუჩაზე მომხდართან დაკავშირებით, გუშინ ვიცე-პრემიერს, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ისინი რამდენიმე საკითხზე შეთანხმდნენ.

შეხვედრაზე მინისტრებმა მიმდინარე წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე და სამომავლოდ, დანაშაულის პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხოების ზომებისა და მანდატურის სამსახურის როლის გაძლიერებაზე, ასევე, მანდატურის სამსახურისა და სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლობის პერსპექტივებზე. მინისტრები შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელიც დანაშაულის პრევენციის კონკრეტულ გეგმას შეიმუშავებს და პროცესს სრულ კოორდინაციას გაუწევს.

ჯგუფის ძირითადი ამოცანა იქნება სკოლებში პრევენციული, საგანმანათლებლო და საინფორმაციო აქტივობების, ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიების, საზოგადოებრივი წესრიგისა და სასკოლო დისციპლინის დაცვის გააქტიურება. სამუშაო ჯგუფი, ასევე, იმუშავებს არასრულწლოვნებისთვის ფსიქოლოგიური და სხვა სერვისების ხელმისაწვდომობის ეფექტურობის და კონფლიქტების პრევენციის მექანიზმების შემუშავებაზე.

სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში აქტიურად იქნებიან ჩართული იმ სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში მუშაობენ. შეხვედრაზე, ასევე, გადაწყდა, რომ საწყის ეტაპზე, სკოლებში უსაფრთხოების მონიტორინგში ჩაერთვება საპატრულო პოლიცია", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

Print