პოლიტიკა
„დიდი შანსია პროცესები ქუჩაში გადავიდეს“ - ქუთაისის მაჟორიტარების შეფასებები
FaceBook

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული  სისტემით ჩატარებას ქუთაისის სამი მაჟორიტარიდან მხარი მხოლოდ კობა ნარჩემაშვილმა და გენადი მარგველაშვილმა დაუჭირა.


სხდომას ესწრებოდა დიმიტრი მხეიძე, თუმცა, მან კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.


მხეიძე ამბობს, რომ თუ 2020 წელს პარლამენტი პროპორციული სისტემით დაკომპლექტდება, არსებობს რიგგარეშე არჩევნების ჩატარების რისკი.


"ბატონი ბიძინას და ჩემი გუნდის მიმართ პატივისცემის  გამო დავთანხმდი 2024 წელში ამ სისტემის ამოქმედებას, თუმცა, შინაგანად შერეულ სისტემას ვემხრობოდი. მაშინ მე გუნდურობიდან გამომდინარე მივიღე ეს გადაწყვეტილება. ახლა კი, არ ვაპირებ  იოტისოდენა შანსი დავტოვოთ იმისა, რომ საქართველოში რიგგარეშე  არჩევნები ჩატარდეს. ამიტომ არ მივიღე მონაწილეობა კენჭისყრაში“,-განაცხადა დიმიტრი მხეიძემ.


რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საფრთხეს უკვე ხედავს კობა ნარჩემაშვილი. ქუთაისის კიდევ ერთი მაჟორიტარი არ გამორიცხავს, რომ პოლიტიკურმა  პროცესებმა ქუჩაში გადაინაცვლოს.


„ძალიან მძიმე ფაზაში შევიდა პროცესები. დიდი შანსია ეს ყველაფერი ქუჩაში გადავიდეს. ხელისუფლება დაპირდა ხალხს პროპორციულ არჩევნებს და საზოგადოება კარგად ხედავს რაც ხდება.  ძალიან დიდი პოლიტიკური ფასი ექნება ხელისუფლებისთვის ამას“,-ამბობს კობა ნარჩემაშვილი.

დიმიტრი მხეიძის შიშებს  არ იზიარებს   გენადი მარგველაშვილი და ამბობს, რომ იგი პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ჯერ კიდევ 2017 წელს ემხრობოდა.


„მე ჯერ კიდევ 2017 წელს მივიჩნევდი, რომ საჭირო იყო პროპორციული სისტემა. რაღაცის რისკი ყოველთვის არსებობს. მე არ ვიცი რა იქნება 2 და 3 წლის შემდეგ. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა იდეოლოგია გვექნება და როგორ ვმართავთ  ქვეყანას“,-განაცხადა გენადი მარგველაშვილმა.


პარლამენტში, 2020 წლიდან  პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტს უმრავლესობის სამმა დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა, რის გამოც კანონპროექტი  ჩავარდა.


Print