ახალი ამბები
ცხრაჯვართან უკანონოდ მოჭრილი 60 ძირი სოჭისა და ნაძვის სახეობის ხე-ტყე იქნა აღრიცხული
FaceBook
გარემოს დაცვის სამინისტრო ცხრაჯვართან ტყის გაჩეხვის ფაქტის შესწავლის შედეგად ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამსახურის თანამშრომლების მიერ სსიპ ეროვნული სატყეო სააგეტოს რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად აღრიცხული იქნა უკანონოდ მოჭრილი 60 ძირი სოჭისა და ნაძვის სახეობის ხე-ტყე, რომელთაგან მხოლოდ 5 ცალი სოჭისა და ნაძვის სახეობის ხე არის ადგილზე, დანარჩენი უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე წაღებულია ჭრის ადგილიდან.
სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაუდგენელია ხის მჭრელის ვინაობა და მოჭრილი ხე-ტყის ადგილმდებარეობა.
"ამ ეტაპზე მიმდინარეობს საკითხის შესწავლა, გამოანგარიშებული იქნება ხე-ტყის უკანონოდ მოჭრით გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა, რის შედეგადაც გატარებული იქნება შესაბამისი რეაგირება", - აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში.
ცხრაჯვართან გაჩეხილი ტყის ამსახველი ფოტომასალა დღეს მთასვლელთა და მოგზაურთა კლუბმა "თეთნილდი" დღეს გაავრცელა. ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო "ქუთაისიპოსტზე" გამოქვეყნდა. კლუბის წევრები აცხადებენ, რომ ცხრაჯვარზე ყოველი ასვლის შემდეგ ხვდებათ ახალი გაკაფული ტყის ზოლი.
Print