ახალი ამბები
"თქვენ ასრულებთ ივანიშვილის დაკვეთას“ - საოლქო კომისიამ "ლეიბორისტების“ საჩივარი არ დააკმაყოფილა
FaceBook
"ლეიბორისტული პარტიის" საჩივარი ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა.
კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის თქმით, საჩივარს სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა.

"ალბათ, ნახეთ, რომ ხმაურით მიმდინარეობდა "ლეიბორისტული პარტიის" საჩივრის განხილვა, თუმცა, უსაფუძვლობის გამო მათი დაკმაყოფილება არ მოხდა",-განაცხადა ოსეფაიშვილმა.

კომისიის გადაწყვეტილებას "ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენელთა მხრიდან პროტესტი მოჰყვა. სამსონ გუგავამ კომისიის წევრები ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულა.

"თქვენ გინდათ, რომ არსად იყვნენ გუგავები, ეს არის ბიძინა ივანიშვილის დავალება და ამას ასრულებთ წარმატებით. ყოჩაღ, კომისიას, კიდევ ერთხელ დაამტკიცეთ ვისი ინტერესების გამტარებლებიც ხართ",-განაცხადა სამსონ გუგავამ სხდომაზე.

"ლეიბორისტული პარტია" N87-ე უბანზე პროპორციული სიის ორი ზედმეტი ბიულეტენის გაცემას აპროტესტებდა და უბნის შედეგების ბათილობას ითხოვდა.
ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა გრძელდება.

კომისიამ 23 ოქტომბერს არასამთავრობო, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების მიერ დაწერილი 20 საჩივრიდან უსაფუძვლობის გამო განუხილველად დატოვა ორი საჩივარი. დანარჩენი 18 საჩივარი კი კომისიამ დღეს უნდა განიხილოს.


Print