ახალი ამბები
"ბაგრატის ტაძარმა დაკარგა ავთენტურობა, რადგან მთავრობამ არ გაითვალისწინა იუნესკოს რეკომენდაციები"
FaceBook
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვის სისტემა, სამოქალაქო საზოგადოება და სამოქალაქო საზოგადოების როლი მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვისა და მართვის საქმეში საქართველოში - ამ და სხვა საკითხებზე მიაწოდეს ინფორმაცია ქუთაისელ მსმენელებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია "მსოფლიო მემკვიდრეობის დამცველი"-ის თავმჯდომარე, შტეფან დიომპკე ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე "მაკდონალდსის" მშენებლობის თემასაც შეეხო და აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური მოედნის ტერიტორია მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში არ იყო, ის ქალაქის ისტორიული ნაწილია და ამიტომ რაიმე რეგულაციები უნდა ყოფილიყო.

მან, ასევე ბაგრატის ტაძრის იუნესკოს სიიდან ამოღების ფაქტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ შედეგის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. თუმცა, მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ იუნესკოს რეკომენდაციები არ გაითვალისწინა, რამაც ძეგლის ავთენტურობის დაკარგა გამოიწვია.

"სამწუხაროდ, იუნესკოს არ შეუძლია რომელიმე სახელმწიფოს დააძალოს გინდა თუ არა ასე გააკეთე. ის მხოლოდ რეკომენდაციით შემოიფარგლება, რომელსაც კონკრეტული ქვეყანა იზიარებს ან არ იზიარებს. რაც მიამატეს ბაგრატის ტაძარს, არ იყო ავთენტური და შესაბამისად, ტაძარმა დაკარგა ავთენტურობა, რადგან მთავრობამ არ გაითვალისწინა იუნესკოს რეკომენდაციები", - ამბობს შტეფან დიომპკე.

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ბაგრატის ტაძარი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ამოღებულია. მიმდინარე წლის 9 ივლისს, კომიტეტმა ბაგრატი საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების ნუსხიდანაც ამოიღო, რომელშიც ტაძარი მისი რეაბილიტაციის შემდეგ აღმოჩნდა. მისთვის კვლავ სტატუსის მინიჭება კი აღარ მოხდა.

გერმანელმა მომხსენებლმა, აგრეთვე იუნესკოს (გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია) არასახარბიელო ფინანსურ მდგომარეობაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, მას შემდეგ რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იუნესკო დატოვა, ბიუჯეტზე ეს ფაქტი 22 %-ით აისახა. იუნესკოში გაწევრიანებული ქვეყნები საწევრო გადასახადს იხდიან. ამერიკამ კი ეს ორგანიზაცია იუნესკოში პალესტინის გაწევრიანების მიზეზით დატოვა. პალესტინის იუნესკოში გაწევრიანებას ორგანიზაციის ყველა წევრმა დაუჭირა მხარი.

სემინარი გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია "World Heritage Watch"-ის მიერ განხორციელებული რეგიონული პროექტის ფარგლებში ჩატარდა, რომლის მიზანი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ღირებულებებზე ცნობიერების ამაღლება და ამ საქმეში ყველა დაინტერესებული მხარის ჩართვაა.
Print