ახალი ამბები
"წასვლაც უჭირთ და დაბრუნებაც" - ემიგრანტი ქალები საქართველოდან
FaceBook
შვილების რჩენის მიზნით დატოვებული ოჯახები, ცხოვრება უცხო ქვეყანაში, მძიმე შრომა და რამდენიმე წელიწადში ოჯახთან დაბრუნების ცრუ იმედი - ეს იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალია, რომელიც უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტ ქალებს აწუხებთ.
უცხოეთში ემიგრირებულ ქალთა ცხოვრებაზე ფილმის ჩვენება, ქუთაისში ნიმდის დემოკრატიის სკოლაში დოკუმენტური ფილმების ჩვენების ფესტივალის ფარგლებში მოეწყო.

ფილმი, რომელიც შეხვედრაზე მყოფ მოქალაქეებს უჩვენეს, ლევან კოღუაშვილის დოკუმენტური ფილმი "ქალები საქართველოდან" გახლავთ. ფილმი მოგვითხრობს ემიგრანტების შესახებ, რომლებიც არალეგალურად მუშაობენ ამერიკაში და გამომუშავებულ ფულს ოჯახებს საქართველოში უგზავნიან.

როგორც ფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ, ამ ფილმის ჩვენებით მოქალაქეები უკეთესად ხვდებიან ემიგრანტი ქალების ხვედრს.

"ამერიკაში მცხოვრები ქალების ყოველდღიურობა, რომელიც ფილმშია აღწერილი ძალიან მძიმეა," - ამბობს ფესტივალის ერთ-ერთი კოორდინატორი ანა ციმინტია.

მისივე თქმით, ემიგრანტ ქალებს არამხოლოდ სამშობლოს დატოვება, არამედ სამშობლოში დაბრუნებაც უჭირთ, რადგან მათგან გამომუშავებული თანხა ოჯახებისთვის მუდმივად საჭირო ხდება.

"არასოდეს არ არის აღქმული ქალის საოჯახო შრომა შრომად. თითქოს ეს ბუნებრივია და ქალებს ეს ევალებათ. სწორედ, ამიტომ არ არის მათი შრომა დაფასებული. საზღვარგარეთ დამლაგებლად წასული ემიგრანტი ქალები თავიანთი ოჯახის წევრებისთვის მხოლოდ შემოსავლის წყაროდ გადაიქცევიან და ამ ადამიანების დაბრუნება მისი ოჯახის წევრებისთვის აღარ არის ხოლმე პირველადი პრიორიტეტი," - ამბობს ანა ციმინტია.

მისივე თქმით, ემიგრანტების პრობლემის მოგვარება, მათ ქვეყანაში დაბრუნებასა და თავიანთ სამშობლოში დასაქმებას შეუძლია.
Print